2021-06-25 14:33:23
კვლევითი ნაშრომი, ივნისი 2021 / #15
წარმოდგენილი ნაშრომი აანალიზებს საქართველოში ულტრანაციონალისტური ჯგუფების მედია გაშუქებას და მათ დისკურსს სამი მეინსტრიმული ტელეარხის: რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებელი – საქართველოს პირველი არხის ეთერში. ნაშრომში განხილულია ის, თუ რამდენად გაჯერებულია მედია დისკურსი საქართველოში ულტრანაციონალისტური ნარატივებით, რამდენად უთმობს მედია სივრცეს ულტრანაციონალიზმის კონტრ არგუმენტებს და ვინ არიან ის აქტორები, რომლებიც ამ საკითხების გარშემო დისკურსიულ დღის წესრიგს ქმნიან. ანალიზი ეფუძნება ულტრანაციონალისტურ ჯგუფებთან დაკავშირებული ოთხი შემთხვევის მედია გაშუქებას 2018-2019 წლებში, რომლებმაც განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია. ეს შემთხვევებია ე.წ. რეივ რევოლუცია, თბილისი პრაიდი, ღირსების მარში და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა. პირველადი მონაცემები შეგროვდა აღნიშნული სამი არხის პრაიმ ტაიმის ახალი ამბების პროგრამების რაოდენობრივი კონტენტ ანალიზის საშუალებით. ნაშრომი იყენებს სოციალური ქსელის ანალიზს მედია დისკურსის თემატური და აქტორების სტრუქტურის სიღმისეულად შესასწავლად. აღნიშნული მეთოდის საშუალებით ხდება მედია დისკურსში წარმოდგენილი ძირითადი თემატური კატეგორიების იდენტიფიცირება და კავშირების დადგენა ამ კატეგორიებსა და დისკურსში მონაწილე აქტორებს შორის. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში მეინსტრიმული სატელევიზიო სივრცე არ არის გაჯერებული ულტრანაციონალისტური ჯგუფების ნარატივებით. არ არის წარმოდგენილი ულტრანაციონალიზმის საწინააღმდეგო დისკურსიც. მნიშვნელოვანი საკითხების ნაცვლად, დისკურსში დომინირებს ნეგატიური მესიჯები (შეურაცხმყოფელი ენა), მოწინააღმდეგე ჯგუფების დადანაშაულება და საუბარი ძალადობაზე. ულტრანაციონალისტური ჯგუფები დომინირებენ დისკურსს განცხადებების რაოდენობის კუთხით და ჟურნალისტებთან ერთად, დისკურსიული დღის წესრიგის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მისი ნეგატიური მიმართებებითა და ძალადობაზე საუბრით გაჯერების სახით.