2017-08-08 10:56:05
გასულ თვეს, ივლისში, არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ გამართული ე.წ. „ქართველთა მარშით“, რომელიც მონათლულ იქნა როგორც „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოში ულტრა-მემარჯვენე სენტიმენტების თვალსაჩინო გამოვლინება. მარშში მონაწილე დაახლოებით 2000-მდე ულტრა-მემარჯვენე აქტივისტის მთავარ მოთხოვნას არალეგალი იმიგრანტების დეპორტაცია და ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება წარმოადგენდა. ერთი შეხედვით, ეს ფაქტი შეიძლება ერთჯერად მოვლენად მივიჩნიოთ, რამდენადაც ქსენოფობიური დისკურისის არსებობა მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებისთვის არაბუნებრივ ნიშან-თვისებად აღიქმება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში სიტყვა „უცხოს“ დადებითი კონოტაცია გააჩნია და შესაბამისად ულტრა-მემარჯვენეების მიერ ანტი-მიგრანტული სენტიმენტის გაღვივება შესაძლოა უადგილოდ ან გარდამავალ მოვლენად შეფასდეს. უდავოა, რომ ანტი-მიგრანტული „ქართველთა მარში“ საინტერესო პრეცენდენტულ შემთხვევას წარმოადგენს საქართველოს თანამედროვე სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, საინტერესო საკითხს წარმოადგენს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ანტი-მიგრანტულმა რიტორიკამ ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ასევე მნიშვნელოვანია ევროპული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების შეფასება, რომელთა პოპულარობა ევროპის 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის დროს თვალშისაცემად გაიზარდა. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ამ ევროპული ჯგუფების ქართულ ულტრა-მემარჯვენე ძალებთან მსგავსების განსაზღვრა და დადგენა: იყენებენ თუ არა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები საქართველოში იმავე დისკურსს ან მანიპულირების იმავე ინსტრუმენტებს არალეგალი მიგრანტების თემასთან დაკავშირებით, რათა ანტი-მიგრანტული სენტიმენტების გაღვივება შეძლონ? შესწევთ თუ არა ქართველ მემარჯვენე ექტრემისტულ მოძრაობებს ძალა და უნარი შეაფერხონ საქართველოს პრო-ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგი? ეს იმ კითხვათა ნაწილია, რომელიც მოითხოვს ყურადღების გამახვილებას იმ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტიური წევრების მხრიდან, რომელთაც საქართველოში გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა ხელეწიფებათ.
აქ, საუბარია არა ე.წ. „ახალი განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებაზე – გამართონ მარში მსგავსად სხვა ევროპულ დედაქალაქებში დადასტურებული არაერთი ანტი-მიგრანტული დემონსტრაციებისა, არამედ იმ საგულისხმო ნეგატიურ გავლენაზე, რაც შესაძლოა მსგავსი რიტორიკის მქონე აქციებმა იქონიონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, იმ ქვეყნისა, რომელიც მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და პლურალისტული იდეების გავრცელებას ცდილობს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მიზანს დასავლეთ ევროპულ, ლიბერალ-დემოკრატიული ტიპის ღირებულებებთან დაახლოება წარმოადგენს და სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა, მსგავსი სახის ულტრა-მემარჯვენე სენტიმენტების გაღვივება სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. უფრო მეტიც, საქართველოსთვის, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და მსოფლიოში ეთნიკურად ერთ-ერთ ყველაზე უფრო ჭრელ რეგიონს წარმოადგენს, მსგავსი ქსენოფობიური რიტორიკის არსებობა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს მომავალი განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ივლისში გამართული ეს ერთი „მარში“ საქართველოს გრძელვადიან გეგმას – „დაუახლოვდეს ევროპული სახელმწიფოების კავშირს“ არსებით საფრთხეს ალბათ ვერ შეუქმნის, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, რამდენადაც საქართველოს უახლეს ისტორიას ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტებისა და ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის მაგალითები დღემდე ახსოვს.
წინამდებარე სტატიაში გამოყენებული სეკურიტიზაციის თეორია მიზნად ისახავს ზემოთ დასმულ კითხვებზე დაფიქრებასა და მათი პასუხების ძიების მცდელობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ამ თეორიის საშუალებით, შესაძლებლობა გვეძლევა ულტრა-მემარჯვენე, ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებასთან დაკავშირებით სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.