13/02/2023 GIP

უკრაინის ომის ერთი წელი და რისკების შეფასება საქართველოსთვის: ხუთი (განახლებული) სცენარი

2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან რამდენიმე კვირაში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მომავალი მოვლენების ოთხი შესაძლო სცენარი და მათი საქართველოზე შესაძლო გავლენების ანალიზი გამოაქვეყნა. დასავლეთის მოლოდინების საპირისპიროდ, უკრაინამ  სამხედრო აგრესიისთვის არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, არამედ ომის პირველ ეტაპზე დაკარგული ტერიტორიების ნაწილიც წარმატებით დაიბრუნა. თუმცა, შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, როგორც ჩანს, კონფლიქტი გადამწყვეტ ფაზაში შედის. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ომის ერთი წლის თავისთვის კრემლი მნიშვნელოვანი თავდასხმისთვის ემზადება, რომელმაც შეიძლება ისეთ მასშტაბებს მიაღწიოს, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

ომი აგრძელებს რა გლობალური გეოპოლიტიკის ცვლილებას, ეს ნაშრომი მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წინა შეფასებებს და გვთავაზობს მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა მათი გამოქვეყნებიდან 11 თვის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასასრულამდე ჯერ კიდევ შორია, ქვემოთ დეტალურად განხილული ხუთი სცენარი მკითხველს იმ დილემებსა და პოტენციურ რისკებს სთავაზობს, რომელსაც უკრაინაში მოვლენების სხვადასხვანაირად განვითარების შემთხვევაში საქართველო შეიძლება შეეჩეხოს.

სცენარი 1: უკრაინა ომს იგებს (ოსალოდნელია)

დასავლეთის მზარდი მხარდაჭერის ფონზე, უკრაინა ახერხებს წარმატებულ კონტრშეტევას და საბოლოო გამარჯვებას, რასაც შედეგად  ფართო შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური პარადიგმის მასშტაბური ცვლილება მოჰყვება. როგორც ჩვენი 2022 წლის მარტის სცენარებიდან პირველში იყო მოსალოდნელი, დასავლეთ ევროპული ქვეყნები საკუთარ ფრთხილ მიდგომას კიევისათვის მძიმე შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით თანდათანობით გადახედავენ. თუ სიტუაცია ამ მიმართულებით გაგრძელდება და უკრაინა შეძლებს საკუთარი ტერიტორიების (ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით) სრულ დეოკუპაციას, არ არის გამორიცხული, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნას. ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის ალიანსში სწრაფ გაწევრიანებას, რომელიც უკვე განიხილება როგორც  ნატოს დე ფაქტო  წევრი, შესაძლოა მოლდოვასთან ერთადაც კი. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, ეს ასევე შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრებასაც ნიშნავდეს. გარდა ალიანსის გაფართოებისა, რუსეთის დამარცხება და რეგიონიდან უკან დახევა საქართველოს ევროინტეგრაციასაც შეუქცევადს გახდის. ევროპული კავშირის რეგიონში გაზრდილმა წარმომადგენლობამ და ასოცირებული ტრიოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მეტად დაკავშირებამ შესაძლოა ასევე გავლენა იქონიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტის პერსპექტივაზე. თუმცა, მეორე მხრივ, ამ სცენარში საქართველოს შეიძლება  გარკვეული საფრთხეები დაემუქროს, რომლისთვისაც ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირები მზად უნდა იყვნენ. უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფუჭებული ურთიერთობების, ასევე ამ უკანასკნელის მმართველი პარტიის ზოგიერთი საკამათო განცხადებების ფონზე, იზრდება იმის რისკი, რომ საქართველოს დასავლური გეოპოლიტიკური რადარებიდან თანდათანობით გაქრობა გაგრძელდება. ეს კი პოტენციურ რისკს აჩენს თბილისისთვის, რომ ის შეიძლება, ერთი წლის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსგავსად, ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ წევრს ჩამორჩეს.

ეს სცენარი საქართველოსთვის სხვა რისკებსაც მოიცავს. უკრაინაში დამარცხებას შეიძლება რუსეთში რეჟიმის ცვლილება მოჰყვეს, რაც თავის მხრივ, შიდა არასტაბილურობასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას გამოიწვევს. ამას შესაძლოა შედეგად ქაოსის ჩრდილოეთ კავკასიაში გადაღვრა და საქართველოს საზღვარზე მთელი რიგი გამოწვევების წარმოქმნა მოჰყვეს. სხვა სიტყვებით, მაშინ, როდესაც ძლიერი რუსეთი საქართველოსთვის სერიოზული საფრთხეა, არასტაბილური ჩრდილოელი მეზობელი არანაკლებ სახიფათოა მისი უსაფრთხოებისთვის.

საქართველოსთვის რისკები იმ შემთხვევაშიც კი გაიზრდება, თუ რუსეთის რეჟიმი  უკრაინაში დამარცხებას გადაურჩება. გამომდინარე იქიდან, რომ მას მაინც შეუძლია ამრევის როლის თამაში, კრემლმა შეიძლება თავისი შელახული პრესტიჟის  გამოსასწორებლად საქართველოსთან აგრესიული საგარეო პოლიტიკის გაგრძელება სცადოს, რაც საქართველოს ისედაც მყიფე უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააუარესებს.

სცენარი 2: კონფლიქტის გაყინვა და/ან სტატუსვოსთან დაბრუნება (შესაძლოა)

დროში გაწელილ ომში ორივე მხარეს მსხვერპლის რაოდენობის გაზრდასთან ერთად, არსებობს იმის ალბათობა, რომ როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა  გამოფიტვის ზღვარს მიაღწევს. განსაკუთრებით, თუ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრძოლების გააქტიურება რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწევს. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით რუსმა მაღალჩინოსნებმა უარყვეს, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა თითქოს კრემლს საიდუმლოდ შესთავაზა უკრაინის 20% მშვიდობის სანაცვლოდ. ამავდროულად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ში უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განწყობები რესპუბლიკელ და დემოკრატ ამომრჩევლებს  შორის ნელ-ნელა ერთმანეთს შორდება.

აქედან გამომდინარე, დასავლეთის დედაქალაქებში შემცირებული ენთუზიაზმისა და კოლოსალური მსხვერპლის ფონზე, რომელსაც უკრაინა იღებს, შესაძლოა მეომარი მხარეები დროებით ფართომასშტაბიანი შეტაკებების შემცირებისკენ გადაიხარონ. ეს შეიძლება კონფლიქტის გაყინვას, ან აღმოსავლეთ უკრაინაში სტატუს-კვოს დაბრუნებას გულისხმობდეს. ეს თავის მხრივ კიევს საშუალებას მისცემს აღადგინოს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და კიდევ უფრო გააღრმაოს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოება. თუმცა, გადაუწყვეტელი კონფლიქტების არსებობა რუსეთსაც საშუალებას მისცემს, რომ ძალები აღიდგინოს და ახალი თავდასხმისთვის მოემზადოს. ეს სცენარი ასევე მოიცავს საფრთხეს საქართველოსთვის, ვინაიდან ახალი შეტევისთვის მზადება კიდევ უფრო გააქტიურებს რუსეთში მიმდინარე „ჩუმ“ მობილიზაციას. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება საქართველოში რუსი  მიგრანტების გაზრდილი ნაკადი გამოიწვიოს. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთმა  რუსებისთვის სავიზო რეჟიმი უკვე გაამკაცრა, საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ტერიტორიასა თუ თავშესაფარზე, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შენელების ფონზე, შესაძლებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მეშვეობით საქართველოზეც მოახდინოს ზეწოლა. პირველი სცენარის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ პუტინს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, უკრაინაში განცდილი მარცხის საკომპენსაციოდ, საგარეო ფრონტზე სწრაფი გამარჯვება დასჭირდეს. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, რუსეთმა ოფიციალურ თბილისს შეიძლება თავის ევრო-ატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსზე უარის თქმა აიძულოს და მისი საგარეო პოლიტიკა კრემლისას მოარგოს.

კონფლიქტის გაყინვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ახალი გადატვირთვის პოლიტიკა, რაც დასავლეთს ეკონომიკური ურთიერთობების ნელ-ნელა აღდგენის საშუალებას მისცემს, რაც საქართველოს მარტო დატოვებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული დემოკრატიული კონსოლიდაციის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, შეიძლება ევროკავშირის გაფართოების მიმართ გეოპოლიტიკით ნაკარნახევი ამჟამინდელი ენთუზიაზმი შენელდეს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სკეპტიციზმი გაიზარდოს.

სცენარი 3: კრემლი აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს (ნაკლებად სავარაუდო)

ამ სცენარში, რუსეთი აღწევს წარმატებულ გარღვევას მომავალ ბრძოლებში. დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების, უკრაინის რესურსების ამოწურვისა და სამოქალაქო პირებში მზარდი მსხვერპლის ფონზე, უკრაინა შეიძლება იძულებული აღმოჩნდეს, რომ დანებდეს. უკრაინის დანებება, დიდი ალბათობით, კიევში მთავრობის ცვლილებას, ოკუპირებულ ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებასა და რეგიონში ევრო-ატლანტიკურ წარმომადგენლობის დასრულებას გულისხმობს.

როგორც ჩვენი 2022 წლის მარტში  გამოქვეყნებული სცენარებიდან მე-2 სცენარში, საქართველოს კოშმარში იყო აღწერილი, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეჭვი არაა, რომ კრემლი თბილისს ულტიმატუმს წაუყენებს, ან შეიძლება მან ქვეყანაში მარიონეტული რეჟიმიც კი დასვას. საქართველო შეიძლება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში აღმოჩნდეს. საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროსკენ გადახრა ასევე შეიძლება კრემლის მიერ ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანზე, იგივე შუა დერეფანზე, გავლენის მოპოვებას გულისხმობდეს. ამას შედეგად დასავლეთისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვა და სამხრეთ კავკასიის რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევა მოჰყვება.

ამ სცენარში ასევე კვლავ რჩება საქართველოს მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ალბათობა. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, მოითხოვს თუ არა რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალურ აღიარებას.

ეს სცენარი ასევე საქართველოსთვის სოციალურ არეულობებსა და არასტაბილურობას შეიცავს. ქართველების უმრავლესობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, პროდემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, დიდი ალბათობით, რუსული სტილის ავტორიტარიზმის ქვეშ ცხოვრების სურვილი არ ექნება. სწორედ ამიტომ, ოპოზიციური აზრის ჩასახშობად დაპირისპირებები, რეპრესიები და ავტორიტარული მმართველობაა მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, ამან ხელი შეუწყოს ქვეყნიდან მასიურ ემიგრაციას და ტვინების გადინებას.

სცენარი 4: ნატორუსეთის სრულმასშტაბიანი ომი (ძალიან ნაკლებად სავარაუდო)  

ყველა განხილულ სცენარებს შორის ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოს ჰგავს, თუმცა მისი ალბათობა მაინც არსებობს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის ბრძოლა მოჰყვება. ყირიმზე თუ რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში თავდასხმამ შეიძლება კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაცია და კრემლის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი გამოიწვიოს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ნატოს მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ურბანულ საცხოვრებელ არეალში, შეღწევამ შეიძლება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვიოს. შედეგად, ეს ესკალაციის პოტენციალს და ნატოს წევრებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის ალბათობას გაზრდის. პუტინის ახლო მოკავშირე, რამზან კადიროვი, უკვე დაემუქრა პოლონეთს, ხოლო ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ გააფრთხილა ლონდონი, რომ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას „ევროპული კონტინენტისა და მთელი მსოფლიოსთვის სამხედრო და პოლიტიკური შედეგები“ ექნება.

ნატოს წევრებსა და რუსეთს შორის ომის შემთხვევაში, შავი ზღვის რეგიონს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება. ეს რეგიონი ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს, რომლებიც ალიანსის წევრები არიან და შესაბამისად, დიდი ალბათობით კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდებიან. ამ შემთხვევაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრის – სომხეთის უსაფრთხოება შეიძლება კიდევ უფრო შეირყეს. ამ კონტექსტში, საქართველოს სტრატეგიულ ლოკაციას რუსეთსა და ნატოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

თუმცა, ომის დაწყებიდან რამდენიმე მოვლენამ ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდო გახადა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ომის განმავლობაში პუტინის ნაბიჯები მის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ორჭოფობაზე მეტყველებს. რისკის მიმართ მისი სიფრთხილე შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მის მიერ ბირთვული ომის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი ბოლო პერიოდში აქტიურად კარგავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოკავშირეებს შორის სანდოობას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო კონფლიქტში მისი ქმედებების გამო, კიდევ უფრო იზოლირებული ხდება. შედეგად კი, უკრაინაში ომის გაგრძელებასთან ერთად, რუსეთის, „როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის რეგიონული ჰეგემონისა და უსაფრთხოების გარანტის როლი კიდევ უფრო შემცირდება“.

სცენარი 5: გამომფიტავი ომი კიდევ 2 ან მეტი წლის განმავლობაში გაგრძელდება (ძალიან შესაძლებელია)

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა უკან არ დაიხევს, შედეგად კი ომი დროში გაიწელება და გამომფიტავად იქცევა. ამ კონტექსტში, რუსეთისთვის არალეგალური ვაჭრობა და დასავლური ტექნოლოგიების ალტერნატიული გზებით იმპორტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ეს კი რუსეთის მიმართ სარგებელზე მორგებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამო, საქართველოს რთულ პოზიციაში ჩააყენებს. მიზანმიმართულად თუ არა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო მის ძველ მტერს დაუახლოვა. მმართველი პარტიის გაზრდილი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე კი, არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო შეფერხდება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პირას ავტორიტარიზმი გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებით სარგებელს ნახულობს, პოლიტიკური დაახლოება ქართულ საზოგადოებაში არაპოპულარულია. მიუხედავად „ქართული ოცნების“ რიტორიკისა, არსებული ოკუპირებული ტერიტორიები კრემლთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე ბარიერად რჩება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველთა უმრავლესობისათვის რუსეთი საფრთხედ აღიქმება  და უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის პროევროპულ საგარეო პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ალბათ ბალანსირების პოლიტიკას გააგრძელებს, რომელიც უფრო მეტად ჰგავს რუსეთის დაშოშმინების ფრთხილი მიტმასნების პოლიტიკას.

დასკვნა

უკრაინის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან წარმატებული და მამაცი წინააღმდეგობა ერთი წლის თავს უახლოვდება, მთავარი ბრძოლები კი ჯერ კიდევ წინაა. ამ კონფლიქტის გავლენები გლობალურ უსაფრთხოების არქიტექტურაზე ბოლომდე გამოკვეთილი არაა და დიდწილად ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. არსებობს ალბათობა, რომ რუსეთი კონფლიქტის გაყინვას  და შემდეგ გავლენების ბერკეტებად გამოყენებას შეეცდება. თუმცა, კიევი  ამის დაშვებას არ აპირებს. ასევე, არსებობს ნატოსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის ალბათობაც.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ომში მოვლენები, მისი დაწყებიდან საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა და ფსონები კვლავ მაღალი რჩება. თუ უკრაინა დამარცხდა, თბილისი შეიძლება შემდეგი სამიზნე აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, უკრაინის წარმატება, თანმდევი რისკების გათვალისწინებით, მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკურ მომავალს მეორე სიცოცხლეს შთაბერავს.

შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა საქართველო-ევროკავშირის ბოლოდროინდელი გართულებული ურთიერთობების გამოსწორებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ. რაც მთავარია, აუცილებელია უკრაინასთან ურთიერთობებში გამოწვევების გადაჭრა, ვინაიდან კიევთან სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის გადამწყვეტი იქნება.

ყველა ზემოთ განხილული სცენარი იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თბილისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დილემების წინაშე აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უნდა მოემზადოს და საკუთარი სამოქალაქო თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება დაიწყოს. კვლავ რელევანტურია ჩვენს შარშანდელ სცენარებში შემოთავაზებული მოსაზრება, რომ საქართველომ მის ერთადერთ მეზობელ ნატოს წევრ და დიდ რეგიონულ სამხედრო ძალასთან, თურქეთთან, თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს, რომელსაც რუსეთის დომინაციის დაბალანსება შეუძლია. თუმცა, მომავალი გვაჩვენებს, თუ რამდენად იქნება ანკარა, დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, ამ როლისთვის  მზად.

 

🔗 შარშანდელი სცენარები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://gip.ge/ka/the-end-of-the-war-in-ukraine-and-risk-assessment-for-georgia-four-scenarios/

© Photo Credit: City-journal.org
, , , , , , , , , , , , , , , , , ,