Author

17/01/2023 შოთა კაკაბაძე

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები: ეკონომიკური სარგებელი ღირებულებების სანაცვლოდ

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
17-01-2023

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ და შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე ყველაზე ფართომასშტაბიანმა კონფლიქტმა, გლობალური უსაფრთხოების პარადიგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. გაჩნდა განცდა, რომ დავიწყებას მიცემული „ცივი ომის“ დროინდელი „რკინის ფარდა“ ხელახლა ეშვება ევროპის კონტინენტზე (Sarotte 2022).

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პეკინში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ერთმანეთთან მეგობრობა „ლიმიტების გარეშე“ გამოაცხადეს (Hefele 2022). გამოიკვეთა ახალი გამყოფი ხაზი, რომელიც გავლებული იქნება ლიბერალურ დემოკრატიებსა და არალიბერალურ სახელმწიფოებს შორის. ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან ურთიერთობების „ოქროს ერა“ (იმის მოლოდინი, რომ ვაჭრობის განვითარებას ავტომატურად მოაქვს სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები) დასრულებულად გამოაცხადა. პეკინი კი დასავლური ღირებულებებისა და ინტერესებისათვის სისტემურ საფრთხედ მოიხსენია (Guardian News 2022).

მოვლენების ასეთი განვითარება ეკონომიკურად შედარებით სუსტ და მოწყვლად სახელმწიფოებს დილემის წინაშე დააყენებს: არჩევანი გააკეთონ მოკლევადიან ეკონომიკური სარგებელსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას შორის. 6 დეკემბერს ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასავლეთ ბალკანეთში რუსეთთან ერთად მზარდი ჩინური გავლენების შესახებ ისაუბრა და ამ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა დამდგარიყვნენ დემოკრატიის, მათი მეგობრის, ევროკავშირის მხარეს (Radio Liberty 2022). ეს პრობლემა ყველაზე მეტად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოებს დაუდგებათ, ვინაიდან ერთის მხრივ, მოლდოვასა და საქართველოს სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა მეორე მხრივ, ეკონომიკის სიძლიერის მხრივ მათ არ აქვთ არალიბერალურ აქტორებთან ახლო პარტნიორობაზე უარის თქმის ფუფუნება. ეს კი, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ მოწყვლადობას. ამ პოლიტიკის მემორანდუმში განხილულია ჩინეთის მზარდი ეკონომიკური გავლენები და განვითარებადი ქვეყნებისთვის, პეკინზე, როგორც არალიბერალურ აქტორზე, დამოკიდებულების ზრდის საფრთხეები.

პოლიტიკის მემორანდუმი #65 | იანვარი 2023

 

Photo Credit: Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China
, , , , , , ,