2019-03-13 12:01:48
საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა 2012 წელს 21%-დან 2017 წელს 8%-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნდობის ხარისხი არასდროს ყოფილა განსაკუთრებულად მაღალი, ეს ტენდენცია პოლიტიკური პარტიებისთვის შეშფოთების საფუძველი და მოქმედებისთვის ბიძგის მიმცემი უნდა გახდეს. პოლიტიკურ ნდობას ძირითადად სოციალური რწმენები და პოლიტიკური ინსტიტუტები განაპირობებს.წინამდებარე დოკუმენტში უნდობლობის საფუძვლების გამოსავლენად, ეს ორი მიმართულებაა გაანალიზებული. რწმენების თვალსაზრისით, განხილულია საქართველოში საზოგადოების აღქმები ნდობის ოთხ ასპექტთან დაკავშირებით: კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და პროგნოზირებადობა. დოკუმენტში ასევე განხილულია პოლიტიკური ინსტიტუტების როლი. კერძოდ კი, გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის პრობლემები, რაც კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას – ეს კი ნდობის დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს. წინამდებარე ნაშრომში ასევე გაანალიზებულია 2015-2018 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, მათ შორის CRRC-ის კავკასიის ბარომეტრისა და NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რაც წარმოდგენას ქმნის მოსახლეობის აღქმებისა და რწმენების შესახებ. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ნდობის დაბალი დონე აზიანებს დემოკრატიას საქართველოში, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების უნარს შეასრულონ თავიანთი წარმომადგენლობითი ფუნქცია. პოლიტიკური პარტიები და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციით დაინტერესებული პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნდობადაკარგული ამომრჩევლების მაღალ პროცენტულ წილს პირდაპირი გავლენა აქვთ პოლიტიკაში მოქალაქეების ჩათულობის დონეზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათი ჩართულობა პარტიულ პოლიტიკაში კვლავ დაბალი იქნება. შესაბამისად, წინამდებარე ნარკვევში წარმოდგენილია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კვლევითი და დონორი ორგანიზაციებისთვის იმისათვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის გაზრდის მიმართულებით.
[1] ლევან კახიშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი და ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლის (BAGSS) დოქტორანტი.