05/04/2018 magda

დემოკრატიული კონსოლიდაცია საქართველოში: რატომ არის კონსენსუსი მნიშვნელოვანი?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2018-04-05 23:10:05

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული მზარდი პოპულიზმისა და დემოკრატიული დაღმასვლის ფონზე, საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მიიჩნევა, რომ ევროკავშირის პირობითობის პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიზაციისა და რეფორმების დღის წესრიგში პროგრესის მისაღწევად მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებული გაურკვევლობა  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს ზიანს არ აყენებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, როგორც ჩანს, საქართველომ ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ჯილდო უკვე მიიღო. საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და ქართულ საზოგადოებას შორის ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე კონსენსუსის არსებობა, დემოკრატიული რეფორმების შიდა მხარდაჭერის განგრძობითობისა და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ამგვარი კონსენსუსის ნაკლებობაა. ამ მდგომარეობის დაძლევა ისეთი მნიშვნელოვანი აქტორების მიერ უნდა მოხდეს, როგორებიც არიან პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ევროკავშირი და ა.შ. წინამდებარე დოკუმენტი კონსენსუსის ნაკლებობის პრობლემას ეხება და ამტკიცებს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს საქართველოში არსებულმა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაზარდონ თავიანთი ვალდებულება, გააძლიერონ მცდელობა და ყურადღება გაამახვილონ დემოკრატიულ ღირებულებებზე. სამოქალაქო საზოგადოება კი პოლიტიკურ პარტიებს ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს და  დემოკრატიაზე კონსენსუსის მისაღწევად თავისი არხები გამოიყენოს. აღნიშნულ პროცესში დახმარება, საქართველოს სოციო-პოლიტიკურ ცხოვრებაში ღირებულებათა ცვლილების გაზრდილი მხარდაჭერის მეშვეობით, ევროკავშირსაც შეუძლია.

, , , , , , , , ,