2020-12-21 16:22:13
პოლონეთის დეცენტრალიზაციის წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია 1989 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელახლა შემოღების და დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია მიაწოდოს აქტუალური ინფორმაცია და ცოდნა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და სომხეთის და საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.
წინამდებარე სახელმძღვანელოს ავტორების იდეა გახლავთ ქვეყნებს შორის ურთიერთსწავლების, მოწინავე გამოცდილების და მიღებული გაკვეთილების გაზიარების ხელშეწყობა.
წინამდებარე სახელმძღვანელო შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ეძღვნება ხუთ შერჩეულ სფეროში პოლონური გამოცდილების წარმოდგენას:
1. ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაფართოება
2. ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დაფინანსება
3. საჯარო მომსახურებების მიწოდება
4. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გარეშე სახსრების ათვისება
5. ანტიკრიზისული ღონისძიებები
მეორე ნაწილი ეძღვნება სომხეთში დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და მთავარი წინააღდეგობების წარმოდგენას და ანალიზს, ხოლო მესამე ნაწილში განხილულია საქართველოს მაგალითი. ორივე ნაწილის სტრუქტურა აგებულია ზემოთაღნიშნული ხუთი სფეროს გარშემო.
წინამდებარე სახელმძღვანელოს ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის დანერგვაში პოლონეთის გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები სომხეთისა და საქართველოსთვის.
წინამდებარე სახელმძღვანელოს თითოეული ქვეყნისთვის მიძღვნილი თავები მომზადდა ძირითადად დოკუმენტური მასალების ანალიზის საფუძველზე. ეს მოიცავდა არსებული ლიტერატურის, შესაბამისი სახელმწიფოს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების განხილვას. ასევე განხილული იქნა მთავარი საკანონმდებლო აქტებიც. ამასთან ერთად, სომხეთსა და საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუები.
წინამდებარე სახელმძღვანელო შემუშავდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებული პროექტის „მიმართულება: ეფექტური სახელმწიფო. დეცენტრალიზაციის და მოდერნიზაციის პოლონური გამოცდილება, მიღებული გაკვეთილები სომხეთისა და საქართველოსთვის“ ფარგლებში. ეს გახლავთ სამი პარტნიორი ორგანიზაციის: CASE – სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის (ვარშავა), GIP – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (თბილისი) და ACGRC – გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის (ერევანი) ერთობლივი ნაშრომი.