31-07-2024
ავტორი
ანანო არველაძე
2017 წელს საქართველოსა და შენგენის ქვეყნებს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესის ამოქმედების პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე ბევრ თავშესაფრის განაცხადს გერმანია და საფრანგეთი იღებს. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადთა დაკმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 3-4 პროცენტია, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თქმით „ყალბ“ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მომრავლებას და თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ამ პროცესებმა შესაძლოა უვიზო-რეჟიმის შეჩერება გამოიწვიოს, რისი ლეგალური საფუძველიც უკვე არსებობს. აღნიშნული პოლიტიკის ნარკვევი შეისწავლის საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სამშობლოს დატოვების მიზეზებს, ასევე, როგორ მოქმედებს აღნიშნული პროცესი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე.
საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი მიზეზი გამოიყო, რის გამოც ტოვებენ ქვეყანას, ესენია: ჯანდაცვასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან დაკავშირებული პრობლემები, ქალთა მიმართ ძალადობა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების და რასობრივი დისკრიმინაცია, პოლიტიკური დევნა. იმის გათვალისწინებით, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების კანონიერი საფუძველი არსებობს, არის საშიშროება იმისა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საფრთხე შეექმნას. კვლევის შედეგების საფუძველზე, პოლიტიკის ნარკვევის ბოლოს მოცემულია მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ გაცემული რეკომენდაციები, უფრო კონკრეტულად – როგორ მოხდეს თავშესაფრის მაძიებელთა მიგრაციული ნაკადის დარეგულირება და იმ ძირეული პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც ამ ადამიანთა ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები: თავშესაფრის მაძიებლები, ვიზალიბერალიზაცია, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ლტოლვილები, უვიზო რეჟიმი.