20/02/2023 GIP

შეხვედრების სერია “სივრცე დისკუსიისთვის” 2022

2022 წლის #სივრცედისკუსიისთვის აქტივობებმა საქართველოს არაერთი რეგიონი მოიცვა, ყველაზე აქტუალური თემებითა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული აქტივობებით. 

#სივრცედისკუსიისთვის ფარგლებში მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულები ჯგუფებად ერთიანდებიან და აწყობენ შეხვედრებს ახალგაზრდებისთვის მათთვის საინტერესო თემებზე. ორი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავად ირჩევს სადისკუსიო, ყველაზე აქტუალურ თემას და შემდეგ ორგანიზებას უწევს სტუმრების მოწვევასა და შეხვედრის მოდერაციას, ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში. შედეგად, დისკუსიებზე დამსწრე ადგილობრვ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან უშუალოდ მიიღონ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც მათ სადისკუსიო თემის გარშემო აქვთ. 

ჯამში გაიმართა შვიდი თემატური დისკუსია და მოიცვა 200-ზე მეტი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

“საქართველოს ევროპული პერსპექტივა” 

#სივრცედისკუსიისთვის შეხვედრათა სერია კახეთიდან დაიწყო.მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულებმა ბექა ექსეულიძემ და მარიანა გელაშვილმა აქტიურად იმუშავეს კახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან, იმისთვის რომ ახალი თაობისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მისი თანმდევი სიკეთეების შესახებ მათ ერთობლივად გამართეს შეხვედრა თემაზე – “საქართველოს ევროპული პერსპექტივა”. ქალაქ თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პირველ დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

“ახალგაზრდობის პოლიტიკა და მონაწილეობითი დემოკრატია” 

26 ოქტობერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ELS კურსდამთავრებულებმა გამართეს შეხვედრა მოქალაქეთა ჩართულობის და მონაწილეობის ფორმებზე, ახალგაზრდულ პროექტებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩაბმის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ზუგდიდის საკრებულოს წევრი, მუნიციპალური სამართლის ლექტორი სანდრო სორდია და ახალგაზრდული სათათბიროს კოორდინატორი სალომე გარდავა გაუძღვნენ, რომლებმაც მიმოიხილეს თვითმმართველობის არსი და მნიშვნელობა, საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითები ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის ფორმები, ახალგაზრდული პროექტები და შესაძლებლობები რეგიონში. დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათ პრობლემებზე, იდეებზე, კონსულტაცია გაიარეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობის მეთოდებზე და დასახეს სამომავლო გეგემები.

ნოემბერში #სივრცედისკუსიისთვის შეხვედრებმა რუსთავში, გორსა და ქუთაისში ჯამში 70-ზე მეტი ახალგაზრდა მოიცვა.

“ახალგაზრდული პოლიტიკა და ახალგაზრდების მონაწილეობა თვითმმართველობის პროცესებში”

მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულების, ანელი ჩხარტიშვილისა და გვანცა სანაიას ორგანიზებით, ადგილობრივ ახალგაზრდებს რუსთავის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ თემაზე – ახალგაზრდული პოლიტიკა და მათი მონაწილეობა თვითმმართველობის პროცესებში შეხვედრა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში გაიმართა.

Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა დისკუსიები თემებზე: “ქალთა კვოტირება პარლამენტში” და “მშვიდობის მშენებლობა და არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე”. ELS-ის კურსდამთავრებულებმა, ხატია ხაბაშვილმა და თეიმურაზ კოპაძემ პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხზე ქალაქ გორში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელეს, მათე ჩაფიჩაძემ და ბექა ძოწენიძემ კი ქუთაისელ ახალგაზრდებთან ერთად მშვიდობის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილეს. 

საქართველოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ”

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები ცვლილებებისათვის დამფუძნებლებისა და “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) კურსდამთავრებულების, გვანცა მიქაუტაძის და თამარ ჭუმბურიძის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსია „საქართველოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ“ ალტე უნივერსიტეტში გაიმართა და შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, დისკუსიაზე მიწვეულმა სპეციალისტებმა ისაუბრეს საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკასა და გამოწვევებზე. 

“უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოზე: არსებული საფრთხეები და პერსპექტივები”                                                                                    

16 დეკემბერს, ELS კურსდამთავრებულების, ირინა მიქავასა და მიხალის ირემაძეძის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია ქალაქ ბოლნისში, თემაზე – უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოზე: მოსალოდნელი საფრთხეები და პერსპექტივები.

მოწვეულმა სტუმარმა, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა, გიორგი ინალიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის  კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებისა და მიმდინარე პროცესების გავლენაზე საქართველოში. კონკრეტულად კი, მან განიხილა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა და შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც უკვე იკვეთება ორივე ქვეყნისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები რატევნისა და  იოანე ბოლნელის სახელობის სკოლებიდან. ასევე, სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes” წევრები და პედაგოგები.

 

“სივრცე დისკუსიისთვის” შეხვედრები იმართება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოში” ფარგლებში, USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.
, , , , , , ,