2017-12-20 22:12:59
კორნელი კაკაჩია, ლევან კახიშვილი,
ჯოსეფ ლარსენი, მარიამ გრიგალაშვილი
მოუგვარებელი კონფლიქტების მანიპულირების მიზნით, რუსეთის მიერ სამხედრო, პოლიტიკური და ინფორმაციული ტაქტიკის გამოყენება დინამიური პროცესია. ბრძოლის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი, რომელსაც რუსეთი 2009 წლიდან იყენებს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. „ბორდერიზაციაა“. ბორდერიზაციის ტაქტიკა ემსახურება რუსეთის სტრატეგიას მოარღვიოს საქართველოს სუვერენიტეტი და ხელი შეუშალოს მის დემოკრატიულ განვითარებასა და დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოებას.ბორდერიზაცია ახალი ფენომენია, რომელიც განსხვავდება ოკუპაციისგან და გულისხმობს რუსული ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას. ბორდერიზაციის პროცესი ხელყოფს არამარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგს. მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის გაგრძელებით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს სისუსტეს უსვამს ხაზს და ეჭვქვეშ აყენებს ევროატლანტიკური ინსტიტუტების სანდოობას. ამასთან, აღნიშნული ტაქტიკა საფრთხეს უქმნის ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს კონფლიქტის ესკალაციის რისკის გაზრდით, შავ ზღვაში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციითა და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის საფრთხის ქვეშ დაყენებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ბორდერიზაციის პროცესს, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პროვოკაციულ ნაბიჯს, ამ ეტაპზე მას არ გააჩნია საკმარისი ბერკეტი ამ ტაქტიკის შესაკავებლად. შესაბამისად, მთავრობამ ყურადღება ბორდერიზაციის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაზე უნდა გაამახვილოს. ამ მიზნით, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეამციროს ბორდერიზაციის პროცესიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების ხელყოფის ფასი და თავიდან აიცილოს მისგან მომავალი პოლიტიკური და სოციალური ზიანი. საერთაშორისო დონეზე, მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან ბორდერიზაციის სხვა ინციდენტებზე უფრო ეფექტურად საპასუხოდ. მოცემულ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციები აღნიშნული მიზნების მისაღწევად.