2025-05-07 12:32:26
ბოლო ორი წელია საქართველო ავტორიტარიზმისკენ თავისუფალ ვარდნას განიცდის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თითქმის ყოველკვირეულად იღებს უფრო და უფრო რეპრესიულ კანონმდებლობას, რამაც ფუნდამენტური თავისუფლებები მნიშვნელოვნად დააზარალა – მკაცრად შეიზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება.
პარალელურად, ქართულმა ოცნებამ ახლახანს, მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მუდმივ აკრძალვას ითვალისწინებს. არსებითად, ეს აკრძალვა ასევე გავრცელდება ნებისმიერ ახალ პოლიტიკურ ერთეულზე, რომელიც შეიქმნება ან რომლის წევრიც გახდება აკრძალული პარტიის ყოფილი წევრი. ცვლილებების პროექტი ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ცხრა თვის ვადაში, საარჩევნო პერიოდებში კი მხოლოდ თოთხმეტ დღეში.
მმართველი პარტიის ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების მიზანი არის ე.წ. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის “ მუდმივი აკრძალვა, რაც, მათი აზრით, ყველა ძირითად ოპოზიციურ ძალას მოიცავს. ეს ასევე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო და სავარაუდოდ უახლოეს თვეებში განხორციელდება. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის იურიდიული შეზღუდვით, რომელსაც მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრედ ჩათვლის, ქართული ოცნება პრაქტიკულად აქრობს არსებულ პოლიტიკურ კონკურენციას და ძალაუფლებას იმყარებს.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ექსპერტმა შემდეგ კითხვებზე გვიპასუხა:
- თქვენი აზრით, რა შეიძლება იდგეს “ქართული ოცნების” ამჟამინდელი პოლიტიკური სტრატეგიის უკან?
- ფუნქციონირებად დემოკრატიაში რა შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი?
- რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე? რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისთვის?