05/12/2018 magda

უფრო ახლოს ვიდრე გვგონია #GEOTAN

Author

სოფიკო ქურასბედიანი

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ბუქარესტის სამიტიდან დღემდე

სოფიკო ქურასბედიანი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 75% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, მოსახლეობის 17%-ისთვის ნატო-ში ინტეგრაცია მიუღებელია, ხოლო 8%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე. ხშირად, რიგით მოქალაქეებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ  რას ითვალისწინებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, რა კეთდება ამ თანამშრომლობის ფარგლებში და რატომ არის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი.

საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა შეიძლება აიხსნას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სპეციფიკურობით და ამ სექტორში განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობით. ამასთანავე, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის გავლენაც განსაკუთრებით ძლიერია რეგიონებში და რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ნატო, ხელს უწყობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, რის შედეგადაც იზრდება დისონანსისა და გაურკვევლობის დონე.  მიუხედავად იმისა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, საქართველოს საბოლოო მიზანი ალიანსის წევრობაა, ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილება, რასაც ნატო გაწევრიანების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობისას სთავაზობს საქართველოს, რაც მოიცავს ფინანსურ დახმარებებს, რეფორმების მხარდაჭერას და მთლიანობაში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

 

  • რას ითვალისწინებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ?

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. მას შემდეგ, ნატო-ს მიერ აღებული ეს პასუხისმგებლობა ყველა მომდევნო სამიტზე დადასტურდა; ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი ჩარჩოები და გაძლიერდა მუშაობა პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში.  ნატო ხელს უწყობს საქართველოში პოლიტიკური, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროების რეფორმებს მრავალმხრივი კონსულტაციების მეშვეობით; ეხმარება საქართველოს როგორც თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში ასევე მდგრადი და დემოკრატიული სისტემის შემუშავებაში. ამ მიზნით ნატომ დააფინანსა არაერთი პროექტი (საჯარო მოხელეების გადამზადება-დატრენინგება, შეიარაღებული ძალების წვრთნები, განაღმვითი სამუშაოები და ა.შ.) და გამოყო შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა არაფინანსური მხარდაჭერის სახით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ როდესაც ნატო გამოუყოფს საქართველოს გრანტს, გადაწყვეტილება, რა სექტორს მოხმარდება აღნიშნული გრანტი, დამოკიდებულია ქართულ მხარეზე. შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკების საფუძველზე, საჭიროებისამებრ გამოიყენოს მიღებული დახმარება.

თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო ჩართულია ნატო-ს სამშვიდობო და საბრძოლო მისიებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2004-2014 წლებში საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების (ISAF) ოპერაციაში, სადაც ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა. ISAF-ის დასრულების შემდეგ, 2015 წლიდან, საქართველო ჩართულია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM), რომელიც არის არასაბრძოლო ხასიათის და რომელშიც აშშ-ს შემდეგ, სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით, საქართველო მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. აღსანიშნავია, რომ 16 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ (საქართველოს მთლიანი სამხედრო ძალების 43%-მა), ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, გაიარა ე.წ. გადასროლის წინა სწავლებები, რაც ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და ნატო-სთან თავსებადობას, რაც აძლიერებს საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვისუნარიანობას.

  • რა კეთდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში?

ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატო-ს ეგიდით ხორციელდება და ფინანსდება არაერთი პროგრამა თუ პროექტი. მათ შორის არის ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარების პროცესში (ეხმარება მას კანონმდებლობების გაუმჯობესებასა და შეფასებაში), მუშაობს პარლამენტის როლის გაძლიერების საკითხზე და მიზნად ისახვას საჯარო მოხელეების პროფესიულ გადამზადებას. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 3.5 მლ ევრო, გადამზადდა 6 ათასი საჯარო მოხელე და ქართულ ენაზე გამოიცა 8 სახელმძღვანელო, სხვადასხვა თემატიკაზე.

ნატო-ს, ასევე, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძველი, აუფეთქებელი საბრძოლო მასალების განაღმვის პროცესში. “პარტიორობა მშვიდობისთვის” ნდობის ფონდის (Trust Fund) მეოთხე პროექტის აქტივობების შედეგად გაიწმინდა 78 343 კუბური მეტრი მოცულობის მიწა, რომელიც დაბინძურდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის მიერ სკრის ყოფილი სამხედრო საცავის აფეთქების შედეგად. აღსანიშნავია რომ ზემოთხსენებული მიწა დასუფთავდა ნდობის ფონდის მეორე პროექტის ფარგლებში გადამზადებული და დატრენინგებული საინჟინრო ბრიგადის მიერ. შედეგად, გამოსაყენებლად უვარგისი ტერიტორია, რომელიც მუდმივად საჭიროებდა ზედამხედველობას შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, გახდა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ოთხივე პროექტზე დაიხარჯა 4.4 მილიონი ევრო, გადამზადდა 66 კაციანი საინჟინრო ბრიგადა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, არაფინანსური დახმარების სახით, საქართველოს გადაეცა  შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა გახლავთ შავ ზღვაზე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად ცვლის ინფორმაციას ნატო-ს სარდლობასთან, ხდება საფრთხეების გამოვლენა, მათზე რეაგირება და პრევენცია. ამასთანავე, საქართველოს ქვედანაყოფები გადიან ერთობლივ წვრთნებს  ნატო-ს შესაბამის დანაყოფებში, რაც ზრდის ქართველი სამხედროების კომპეტენციის დონეს და აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

დღესდღეობით საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორ სახელმწიფოს, რომელთანაც ნატო მუდმივად აფართოვებს თანამშრომლობას.

  • რატომ არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი?

ნატო-სთან თანამშრომლობა აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთობლივი წვრთნებითა და სწავლებებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებასა და მოდერნიზებას; შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას. ყოველივე ეს ზრდის ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებს, რაც უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. უსაფრთხო გარემო კი არის ის პირველადი მოთხოვნა, რომლის არარსებობის შემთხვევაში პროგრესი და ისეთი დარგების განვითარება როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, კულტურა შეუძლებელი ხდება. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის იმაზე ინტენსიური და მჭიდრო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და არ შემოიფარგლება მხოლოდ წევრობის პერსპექტივით. იმისთვის რომ საზოგადოებამ უფრო ნათლად დაინახოს, რა გავლენას ახდენს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა თითოეული მათგანის ცხოვრებაზე და არ გახდნენ ცრუ ინფორმაციის მსხვერპლნი საჭიროა საზოგადოებასთან უფრო ინტენსიური კომუნიკაცია არამხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც.


*სოფიკო ქურასბედიანი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის სტაჟიორი და პროექტის  – “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” – კვლევის ასისტენტი. 

**წინამდებარე ბლოგი მომზადებულია პროექტის – “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” – ფარგლებში. პროექტი  ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის (PDD) ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის შეხედულებებს. 


პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები:

  • საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ

  • ნატო-ს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები საქართველოში

  • ნატო-ს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში

  • ნატო-ს როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში

, , , , , , , , , , , , , ,