10/06/2022 GIP

რეგიონული უსაფრთხოების პარადიგმის ცვლილება? შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ

2022 წლის 8 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ვირტუალური მრგვალი მაგიდის დისკუსია სახელწოდებით – “რეგიონული უსაფრთხოების პარადიგმის ცვლილება? შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ.”

რამდენიმე თვის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სრულიად შეარყია რეგიონალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებობდა. ამან საკმაოდ ბევრს გაუჩინა შიში, რომ მსოფლიო კიდევ ერთი გლობალური ომის ზღვარზე იყო. ეს მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უსაფრთხოებაც არ არის გარანტირებული ნატოს მიერ. ევროპის შუაგულში არსებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, ფინელებსა და შვედებს უბიძგა მიეტოვებინათ დიდი ხნის წინ არჩეული ნეიტრალიტეტი და გამხდარიყვნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. კრემლის მხრიდან მკაცრი კრიტიკისა და მუქარის მიუხედავად, ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ შვედეთსა და ფინეთს თბილად მიესალმებიან და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესი ძალიან სწრაფი იქნება. აღნიშნული მოვლენები საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს ალიანსის სხვა ახლო მოკავშირეებში: თუ რას უნდა ელოდონ ისინი მადრიდის მოახლოებული სამიტისგან და რა გაკვეთილები შეიძლება ვისწავლოთ რეგიონში უსაფრთხოების დიდი ხნის პარადიგმის ცვლილებით.

მრგვალი მაგიდის დისკუსიამ ერთად შეკრიბა ექსპერტები, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები ნატოს პოტენციურ სკანდინავიურ გაფართოებასა და მის მნიშვნელობაზე სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის: დოქტორი სინიკუკა საარი (ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი); ბ-ნი იაკობ ჰედენსკოგი, (სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი); დოქტორი დანიელ ს. ჰამილტონი, (ჯონს ჰოპკინსის SAIS-ის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტი); დოქტორი ტომ როსეტი, (ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯი); დოქტორი სვანტე ე. კორნელი, (უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტი). მრგვალი მაგიდის დისკუსია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ. დისკუსიის მოდერატორი იყო დოქტორი ქეთევან ბოლქვაძე (ლუნდის უნივერსიტეტი).

ონლაინ დისკუსიაზე პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შედეგები და გაკვეთილები სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის;
  • როგორ შეცვალა უკრაინის ომმა უსაფრთხოების აღქმა ფინეთისა და შვედეთის პოლიტიკურ ელიტაში და, ასევე, ფართო საზოგადოებაში?
  • შუალედურ პერიოდში უსაფრთხოების რა გარანტიები აქვთ სტოკჰოლმსა და ჰელსინკს, რუსული საფრთხის ფონზე?

დღის წესრიგი

, , , , , ,