23-05-2023
უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, როდესაც ბრიუსელში არსებული კულუარული ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უფრო და უფრო რეალური ხდება (რადიო თავისუფლება 2023), ქვეყნის მმართველი პარტია ემიჯნება ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს, ტოვებს ევროპელი სოციალისტების პარტიას (ქართული ოცნება 2023), კონფრონტაციულ რიტორიკაში შედის საქართველოს მეგობარ ევროპელ პოლიტიკოსებთან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის წარმატებულ ევროინტეგრაციას. ამ ფონზე, 2024 წლის არჩევნებზე პარტიამ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მეოთხე სახელისუფლებო ვადისთვის უნდა იბრძოლოს. თუმცა, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში, ოცნების მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდა (CRRC 2023; 2022).
ამ ფონზე, თანდათან მმართველი პარტია ცვლის იდეოლოგიურ ვექტორს და პოპულისტური კონსერვატიზმისკენ იხრება. ოცნებაში კონსერვატიზმით შეფუთული პოპულიზმი, შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც ახალი წინასაარჩევნო სტრატეგია კლებადი მხარდაჭერის ფონზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოხსენებამ 2023 წლის მაისში უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC Hungary 2023) ამ დინამიკას ერთგვარი კულმინაციური ელფერი შესძინა. პოლიტიკის მემორანდუმი განიხილავს ქართული ოცნების ბოლოდროინდელ იდეოლოგიურ ფერისცვალებას, როგორც ხელისუფლების შენარჩუნების პოპულისტურ სტრატეგიას, რომელსაც პარტიამ მიმართა შემცირებული შიდა მხარდაჭერისა და გაუარესებული საგარეო ურთიერთობების ფონზე.