2023-08-15 09:05:15
ინტერპარტიული მანიფესტი „სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა: ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ სამი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა წევრების ერთობლივი მუშაობის საფუძველზე მომზადდა. მანიფესტი ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭოს ფარგლებში შეიქმნა, რომლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით. საბჭოს ფარგლებში შექმნილ ინტერპარტიულ თემატურ ჯგუფში გაერთიანდნენ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს სამაგიდო კვლევა და საველე გამოკითხვა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტებში, რის საფუძველზეც სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. გამოკითხვა მიზნად ისახავდა დაედგინა, თუ რამდენად აქვთ მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საჰაერო დაბომბვის, სხვადასხვა ტიპის თავდასხმისა თუ სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში. ასევე, რამდენად შეეძლოთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, მოქალაქეებმა ასევე უპასუხეს შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა წყაროდან იღებენ ან მიუღიათ ამ ტიპის ინფორმაცია და რა იქნებოდა მათთვის ეფექტური კომუნიკაციის ფორმა. გამოიკითხა 18-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობა ზუგდიდში, გორში და მათ მიმდებარე სოფლებში (საერთო ჯამში 48 ადამიანი). კვლევის შედეგებსა და „ინტერპარტიული საბჭოს“ ფარგლებში ორგანიზებულ კონსულტაციებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, სხვადასხვა აქტორების მიმართ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭოს წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ინტერპარტიულ მანიფესტზე ერთობლივი მუშაობის პრეცედენტი და ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება ხელს შეუწყობს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში.
ავტორები:
ფოლადაშვილი გოგა, საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
გამგებელი ზურა, გახარია საქართველოსთვის;
ფარულავა ოთარ, ლელო საქართველოსთვის.