23/05/2025 შოთა კაკაბაძე

გამოხატვა და გამიჯვნა: პოლიტიკური მონაწილეობის პარადოქსი საქართველოში

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2025-05-23 07:57:56

უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ავტორიტარიზმისკენ სწრაფ სვლას განაგრძობს – ერთპარტიული პარლამენტი თითქმის ყოველკვირეულად იღებს ახალ კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ფუნდამენტურ თავისუფლებას ზღუდავენ. მეორე მხრივ, ქვეყნის მასშტაბით დიდი და პატარა ქალაქები მოიცვა პროტესტის მუდმივმა ტალღამ, თუმცა პოლიტიკური ჩართულობა არ გაზრდილა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც გავლენა არ მომხდარა. პოლიტიკური ჩართულობა მოიცავს იმ აქტივობების ფართო სპექტრს, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეები მონაწილეობენ პოლიტიკურ პორცესში. ეს აქტივობებია ხმის მიცემა, პროტესტი, პეტიციებზე ხელმოწერა, არჩეულ ოფიციალურ პირებთან კავშირი, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება თუ ონლაინ პოლიტიკურ დისკურსში ჩართვა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი მონაწილეობა აუცილებელია მთავრობის ანგარიშვალდებულების, პოლიტიკის რეაგირებისა და ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს კონტექსტში, პოლიტიკური ჩართულობა ავლენს პარადოქსს. მიუხედავად საზოგადოების მზარდი უკმაყოფილებისა მმართველი პარტიითა და ავტორიტარული კურსით, რაც გამოიხატება ხშირი პროტესტითა და აქტიური ციფრული დისკუსიებით, ეს ენერგია არ გარდაიქმნება ხანგრძლივ ან ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ ჩართულობად. ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და საშუალო კლასის ჯგუფები, ხშირად გამოხატავენ პროტესტს მონაწილეობითი პოლიტიკის სხვადასხვა ფორმებით – დემონსტრაციებითა და ონლაინ პლატფორმებით. თუმცა, ჩართულობის უფრო ღრმა ფორმები, როგორიცაა კენჭისყრაში მონაწილეობა, პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება ან ინსტიტუციური არხებით აქტიურობა – კვლავაც დაბალ დონეზე რჩება. ეს გაუცხოება კი გამომდინარეობს პოლიტიკური პარტიების, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ტრადიციული მედიის მიმართ ფართოდ გავრცელებული უნდობლობიდან, რასაც ემატება დამკვირდებული რწმენა, რომ ინდივიდუალური მოქმედება ვერ მოიტანს არსებით ცვლილებებს. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის სტრუქტურული სისუსტე – იდეოლოგიური წარმომადგენლობის ნაკლებობა, ცენტრალიზებული ძალაუფლება, მედიის პოლარიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდული სივრცე – კიდევ უფრო ამძაფრეს მოქალაქეთა ჩართულობის დაბალ ხარისხს. შედეგად, საპროტესტო მოძრაობები გრძელვადიან პოლიტიკურ შედეგებს ვერ აღწევს.

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი იკვლევს, თუ რატომ რჩება პოლიტიკური ჩართულობა დაბალი მიუხედავად საზოგადოების აშკარა უკმაყოფილებისა. დოკუმენტი ასევე განიხილავს მოქალაქეთა, პოლიტიკური პარტიების, საჯარო უწყებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს მონაწილეობის წახალისებისა თუ დაბრკოლების თვალსაზრისით. არსებული ტენდენციებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მონაცემების გაანალიზებით, დოკუმენტი განიხილავს სისტემურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის პოლიტიკურ ჩართულობას, გადაიზარდოს არსებით დემოკრატიულ მონაწილეობაში, განიხილავს საჭირო ცვლილებებს, რომლებიც პოლიტიკური პროცესისაგან გაუცხოების ამჟამინდელ ტრაექტორიას შეცვლის. დოკუმენტში განხილულია, რომ აღნიშნული ტრაექტორიის შესაცვლელად საჭიროა მიზნობრივი რეფორმები: პოლიტიკური პარტიების გადახალისება მოქალაქეთა წარმომადგენობისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების დაცვა, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო განათლების განვითარებით და ციფრული ჩართულობის პლატფორმების ხელმისაწვდომობის გაფართოება. აღნიშნული ცვლილებების გარეშე, საქართველო დემოკრატიული უკუსვლისა და მოქალაქეთა შორის პოლიტიკური გაუცხოების საფრთხის წინაშეა.

პოლიტიკის მემორანდუმი #88 | მაისი 2025

პუბლიკაცია მომზადდა ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით. მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ასახავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და დონორების შეხედულებებს.

© Cover Photo from: Jurnal Tribuna
, , , ,