14/02/2024 GIP

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2023

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-02-14 09:30:18

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) საქართველოს მმართველობას ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს: დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა), სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობა (ეფექტიანი მმართველობა), სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა) და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მმართველობის ინდექსი ძირითადად საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზეა კონცენტრირებული, ის სხვა სუბიექტების, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების როლსაც აანალიზებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არაერთი ინდექსისა და რეიტინგის მსოფლიო თუ რეგიონულ ანალიზში გვხვდება, ქვეყნის მმართველობის ყოველწლიური სიღრმისეული შეფასებები, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, კვლავ მწირია. საქართველოზე მომუშავე არცერთ ორგანიზაციას დღემდე არ უცდია მსგავსი ანალიზი. GGI არამხოლოდ ავსებს საერთაშორისო ინდექსებს თავისი მეთოდოლოგიითა და ემპირიული მონაცემებით, არამედ ინოვაციური მეთოდოლოგიური მიდგომებით მკითხველს სთავაზობს გამორჩეულ პერსპექტივას ქვეყნის წიაღიდან. ამ ინდექსის მიზანია, საქართველოს საზოგადოებას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, რითაც პასუხობს მზარდ მოთხოვნას ამ საკითხებზე ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადების შესახებ.

მეთოდოლოგიურად GGI აერთიანებს როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევის მეთოდებსა და ეპისტემოლოგიას. ინდექსის ქულების სისტემა ეყრდნობა GGI-ის ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოზე მომუშავე 47-მა ექსპერტმა სხვადასხვა სფეროდან. რაოდენობრივი კვლევა შეივსო თვისებრივი ანალიზით, რომელიც საქართელოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა.

წინამდებარე ანგარიში GGI-ის რიგით მესამე გამოცემაა. წინა გამოცემების მსგავსად, 2023 წლის ანგარიში ქვეყნის შესახებ ნაკლებად ოპტიმისტურ სურათს ხატავს. საქართველოს საქმიანობა მმართველობის არცერთი მიმართულებით არ არის ოპტიმალური.  ქვეყნის მონაცემები მოიკოჭლებს ეფექტიანი მმართველობის კატეგორიაში. ასევე გაუარესებულია საგარეო მმართველობების მიმართულებაც. ცოტა არ იყოს, მოულოდნელად, ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დემოკრატიული მმართველობის სექტორში გამოვლინდა. თუმცა, ეს, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოვლენილ დემოკრატიულ მედეგობასა და საქართველოს პრეზიდენტის დამოუკიდებელ აქტორად ჩამოყალიბებას შეიძლება მივაწეროთ, ვიდრე შესამჩნევ პროგრესს ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფუნქციონირებაში.

, , , , , , , , , , ,