2022-09-06 12:00:38
იაპონურ-ქართული პარტნიორობა, საქართველოში არსებული სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის, ეთნიკური კონფლიქტების და ორმხრივი ნდობის ნაკლებობის გამო, შეზღუდული თანამშრომლობით დაიწყო. 1997 წელს, პრემიერ-მინისტრ რიუტარო ჰაშიმოტოს “ევრაზიული დიპლომატიის” შემოღების შემდეგ, იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტების გამართვა დაიწყეს, რასაც დემოკრატიული და ენერგეტიკული რეაბილიტაციის პროექტები მოჰყვა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების, ტარო ასოს “თავისუფლების და კეთილდღეობის რკალისა” და ტარო კონოს “კავკასიური ინიციატივის” შთაგონებით, 2006 წლის შემდგომი პერიოდი ხასიათდება უფრო მეტი მაღალი დონის ვიზიტით, მნიშვნელოვანი პროექტებისა და ორმხრივი შეთანხმებების წამოწყებით და ისეთი საერთო ღირებულებების პოლიტიკური მხარდაჭერით, როგორიცაა თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა.
იაპონია სანდო საგარეო პარტნიორად ჩამოყალიბდა საქართველოსთვის განვითარებისთვის გაცემული დაფინანსების თვალსაზრისით. თუმცა, საქართველო იაპონიის მიერ აღქმულია, უფრო როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, ვიდრე როგორც საერთაშორისო სისტემის დამოუკიდებელი მოთამაშე, რაც მიუთითებს, რომ ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავებისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცე არსებობს. ეს დოკუმენტი მიიჩნევს, რომ ამ გზაზე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა თავისი შესაძლებლობების გაძლიერება იაპონური ბიზნესებისათვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. ამავე დროს, ევროპულ ლიბერალურ დემოკრატიად პოზიციონირებით, საქართველომ უნდა მოიპოვოს დამაჯერებლობა იაპონია-ევროკავშირის შეკავშირების პროცესში.
საქართველოს მიმართ იაპონური დიპლომატიური დამოკიდებულების განვითარების დინამიკის წარმოდგენის შემდეგ, ეს დოკუმენტი შეისწავლის ორმხრივი და მრავალმხრივი არხების მეშვეობით ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას და დასკვნის სახით გვთავაზობს მიგნებებსა და პოლიტიკურ რეკომენდაციებს. თანასწორი პარტნიორობის განვითარების პოტენციალი დიდწილად დამოკიდებულია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის აქტიურ ძალისხმევაზე, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
საკვანძო სიტყვები: იაპონია, საქართველო, ოფიციალური განვითარების დახმარება (ODA), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები.