29/03/2024 GIP

რა განაპირობებს საქართველოს ჩამორჩენას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან?

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყანა ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გადაიყვანა. შეიცვალა საკუთრივ ევროკავშირის მიდგომაც, უკვე წევრობის კანდიდატის მიმართ, რომელსაც მეტი ვალდებულება ეკისრება შემდგომი ინტეგრაციისთვის.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფუნდამენტს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა წარმოადგენს. თუმცა, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრიოს წევრ სახელმწიფოებს არაერთი კრიტერიუმით ჩამორჩება, რაც საგანგაშოა, რადგან საქართველო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით რეგიონის ნაწილად უნდა განიხილებოდეს.

მესამე ადგილი ასოცირებულ ტრიოში აფერხებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას, თუკი მხედველობაში მივიღებთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ტრადიციულად რეგიონულ მიდგომას. რეფორმების გატარება კი, მრავალმხრივ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პროცესს გულისხმობს.  ასოცირებულ ტრიოსთან ჩამორჩენის პრობლემის სათავე საგარეოპოლიტიკურ ხედვებში უნდა ვეძებოთ.

საქართველოს მაჩვენებელი ასოცირებულ ტრიოში

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ვექტორთან თანხვედრა არა მხოლოდ  გაწევრების პროცესის ვალდებულებაა, არამედ ის ეხმარება გაფართოების პაკეტის ქვეყნებს , ბმაში იყვნენ საერთაშორისო კონტექსტთან პოლიტიკური და პრაქტიკული ვალდებულებების გამკლავების კუთხით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ვნახოთ წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები, რომლებიც აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს, უფრო გააღრმაოს და დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი. ასოცირებული სამეულის შესაბამისობა უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან განსხვავებულია. შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს შესაბამისობის დონე ახლოსაც არ არის ევროკავშირში გაწევრების პროცესში სახელმწიფოების სასურველ სტატუსთან.

დიაგრამა 1. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობის დონე (%) ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიხედვით 2020-2023 წლებშისაქართველო, მოლდოვა, უკრაინა

წყარო: ევროკომისიის მოხსენებები კონკრეტული ქვეყნების შესახებ. ნოემბერი, 2023 წ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს 2022 წელს ჰქონდა ევროკავშირთან პოლიტიკის ბმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 92 დეკლარაციიდან მხოლოდ 31 (34%). მაშინ, როცა სრულებით საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რომელთა საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა CFSP-სთან 89%-სა და 78%-ში გამოიხატება. ეს ტენდენცია თვალსაჩინოს ხდის საქართველოს დაახლოების შემცირების შემაშფოთებელ მაგალითს გაფართოების კალათაში არსებულ პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით.

საქართველოს პოზიცია მიმართულია არაღიარების პოლიტიკისკენ, რასაც ადასტურებს ის დეკლარაციები, რომლებზეც 2022 წლის განმავლობაში საქართველომ თავი შეიკავა: სამი დეკლარაცია, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ეხებოდა „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების არასამთავრობო კონტროლირებად ტერიტორიებს“.

ფაქტია, რომ საერთო გამოწვევებისა და მოწყვლადობის ფონზე, საქართველო სათანადოდ ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს, წარსულ გამოცდილებებს, უფრო მეტად გააქტიურდეს და დაწინაურდეს ასოცირებული ტრიოს ფორმატში, როგორც მანამდე, რათა აჩვენოს მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისა და საბოლოო ინტეგრაციისთვის მზაობა.

CFSP-თან შესაბამისობაში ყოფნის რეგრესი აღნიშნული პროცესის კარგი ილუსტრატორია – ომში ჩართული უკრაინა ამ კუთხით მოწინავეა. უფრო რელევანტური იქნება მოლდოვისა და საქართველოს მაჩვენებლების ერთმანეთზე შედარება, რათა პრობლემა ნათლად აიხსნას.

მოლდოვის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგაც კი, იგორ დოდონის მთავრობის ჩათვლით მაღალი იყო.  ამას თან ერთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობის პრობლემაც, რუსეთი ქვეყნის მომმარაგებლად გვევლინებოდა. მეტიც, იგი დსთ-ს წევრი სახელმწიფოა (წლებია შეხვედრებს არ ესწრება და 2024 წელს თანამეგობრობის დატოვებას გეგმავს). მოლდოველების მხოლოდ 48%-ს სურს ევროპასთან ინტეგრაცია, საქართველოში კი თითქმის ორჯერ მეტს. ვხვდებით პოლიტიკური პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ფორმებს, მმართველ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და მთავარ ოპოზიციურ „სოციალისტურ პარტიას“ შორის. მნიშვნელოვანია პარალელების გავლება მოლდოვისა და საქართველოს ოკუპაციის გამოცდილების კუთხითაც – საქართველოში ვხვდებით ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებს, ხოლო მოლდოვაში – დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას, სადაც რუსეთის გავლენა დიდია. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იდენტური საფრთხეებისა თუ პრობლემებისა, სანდუს მთავრობა საშინაო-საგარეო პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაში წარმატებით ახერხებს წინსვლას.

მანამდე რეიტინგებში მოწინავე ოფიციალური თბილისი აღნიშნულ პროცესს თვალსაჩინოდ ჩამორჩება, რაც საფრთხეს უქმნის საბოლოოდ გაცხადებულ მიზანს და ამცირებს ევროკავშირთან შესაბამისობას.

რამ განაპირობა მოწინავე საქართველოს რეგიონული რეგრესი?

საქართველოც, მოლდოვაც და უკრაინაც ომამდე პერიოდში მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესზე. თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა, უკრაინა რუსეთთან კონვენციურ ომში ჩაება, აგრესორისგან დისტანცირების პოლიტიკას კი თითქმის ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ მიმართა. წლების განმავლობაში მოლდოვაზე რუსული ეკონომიკის გავლენა დომინანტური იყო, მეტიც, ქვეყანაში გაიზარდა გაზპრომზე დამოკიდებულების ხარისხი, თუმცა ერთწლიან შუალედში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ოფიციალურმა კიშინოვმა მალევე შეძლო ალტერნატიული წყაროების ძიება და რუსული ნავთობის იმპორტის მინიმუმამდე დაყვანა. სანქცირებული რუსეთი არასასურველ ეკონომიკურ პარტნიორად იქცა, თუმცა მიუხედავად ხსენებული პროცესებისა, პუტინის ხელისუფლების მარგინალიზებისა, საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მატულობს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, პირობითად 32%-ითაა გაზრდილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იდენტურ მაჩვენებელთან შედარებით. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და მის ხელში პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს წარმოშობს. ამას ემატება კომპანიების რაოდენობის ანომალიური ზრდა, მარტო ერთ წელიწადში საჯარო რეესტრში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა. რუსი მიგრანტების შემოდინებამ კი გარკვეული რისკებიც გააჩინა. მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოშიი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკასთან და შეშფოთების საგანიცაა ბრიუსელში.

საპირისპირო საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებას ვხვდებით მოლდოვის შემთხვევაში.  მიუხედავად იმისა, რომ სანდუს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ფაქტობრივად, ომის ორი წლის თავზე შეუერთდა, ქვეყანა დსთ-ს  წევრადაც ირიცხება, ფაქტია რომ წარმატებით ლავირებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ყველაზე კარგად კი ეს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებში აისახება – მათ ნამდვილად სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ნებისმიერ ფასად, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებენ – სიტყვიერადაც და საქმითაც. საქართველოს შემთხვევაში კი სურვილი ფორმალურად დეკლარირებული დასავლური კურსისა ანტიევროპულ რიტორიკაში იკარგება, მიუხედავად რიგ საკითხებში წინსვლისა ოფიციალური თბილისის რიტორიკა და ორ სკამზე ჯდომის „ფრთხილი პოლიტიკა“ პოლიტიკურ პროცესს ბუნდოვანს ხდის, რაც მას მოლდოვისგან განასხვავებს.

სამივე ქვეყნის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, “ქართულმა ოცნებამ”, როგორც საშინაო, ისე საგარეო დონეზე განიცადა რეგრესი ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობის ასამაღლებლად, ეს იქნება რიგი ხელშეკრულებების არმიღება, რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ პოლიტიკურ პროცესში ორბანისეული ელემენტების შემოტანა.

რატომ არ უნდა ჩამოვრჩეთ ასოცირებულ ტრიოს?

საქართველო ტრიოსთან ჩამოშორებით კარგავს ევროინტეგრაციის კუთხით სწრაფად წინ წაწევის შანსს გაფართოების სხვა ქვეყნებთან ერთად, რაც მომავალში მეტად გაურთულებს ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესს. CFSP-ის დაბალი მაჩვენებელი სამ ქვეყანას შორის ოფიციალურ თბილისს ერთგვარ დევიანტად აქცევს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის „კლუბის“ მიერ დაწესებულ წესებთან. ხოლო, მაშინ როცა საუბარია ევროკავშირის მხრიდან გაფართოების პოლიტიკაზე, გარდამტეხია, რომ შესაბამისობის მაჩვენებელი თავსებადი იყოს კონკრეტულ ჯგუფთან, რადგან ევროკავშირის მიერ გაფართოების პოლიტიკას, როგორც წესი, რეგიონული ხასიათი აქვს. ამასთანვე, აღნიშნული პროცესი თანამშრომლობით მუშაობაზეა დამყარებული – ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება, პროგრესი უნდა გაუზიარონ, რათა წინაც ერთად იარონ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ტრიოს წევრი ქვეყნების კვალდაკვალ, სახელმწიფომ შეძლოს შესაბამისობის გაზრდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისაგან, ხელი მოაწეროს არსებულ დოკუმენტებს, იყოს ბმაში დასავლურ ღირებულებებთან, მაქსიმალურად დისტანცირდეს რუსეთისგან, შეამციროს მასზე დამოკიდებულების ხარისხი, შეუერთდეს სანქციებს და შეაჩერონ პირდაპირი ავია მიმოსვლა.

ფრთხილი პოლიტიკა გამოიჩინოს ჩინეთთან ახლად დაწყებული სტრატეგიული ურთიერთობების წარმოებისას და  არსებული სახელისუფლებო რიტორიკა შეცვალოს, რაც პირდაპირ პროპორციულად აზიანებს სტრატეგიულ ინტერესს. მხოლოდ მსგავსი მიდგომით გახდება შესაძლებელი საქართველოს შესაბამისობის გაზრდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP), რაც ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს გააქტიურებას და წინა პლანზე წამოწევას შეუწყობს ხელს.

ავტორი

დათო დოლაბერიძე, სტაჟიორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

, , , , , , , , , , , , , , , ,