20/01/2020 magda

„მომავალ ლიდერთა სკოლისთვის“ ახალგაზრდა, ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერების შერჩევა დაიწყო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დაიწყო მონაწილეთა შერჩევის მეორე ეტაპი „მომავალ ლიდერთა სკოლისთვის“, რომელიც განხორციელდება 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ოთხ რეგიონში – თბილისი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. სკოლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, „მომავალ ლიდერთა სკოლა“ განსხვავებული გამოცდილებების მქონე ახალგაზრდებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან საშუალებას მისცემს, დაესწრონ ტრენინგების სერიას პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, მედიისა და კომუნიკაციების, ეკონომიკის მიმართულებით და, ასევე, შეიძინონ პრაქტიკული უნარები პროექტის მენეჯმენტის, ლობირებისა და ადვოკატირების, დებატების ხელოვნებისა და საჯარო გამოსვლების და სხვა მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში „მომავალ ლიდერთა სკოლით“ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა, რაც შემოსული აპლიკაციების დიდ რაოდენობაში გამოიხატა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია სკოლის შესახებ როგორც თბილისში, ისე შერჩეული რეგიონების ქალაქებსა და სოფლებში. „მომავალ ლიდერთა სკოლის“  სააპლიკაციო პროცესის შესახებ ინფორმაციის სოციალურ მედიაში აქტიურად გავრცელების გარდა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მაქსიმალურად მიაწოდა ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიას ცენტრალური და რეგიონული მედიის საშუალებითაც. GIP-ის დირექტორი, კორნელი კაკაჩია მიწვეული იყო რადიო თავისუფლების პროგრამაში „დილის საუბრები“, ასევე, კორნელი კაკაჩია და ნინო ჯიბუტი, პროექტის ოფიცერი, ესტუმრნენ აჭარის ტელევიზიის ახალგაზრდულ პროგრამა „#ჰეშთეგს“, სადაც მათ ისაუბრეს „მომავალ ლიდერთა სკოლაზე“, მის მნიშვნელობასა და სააპლიკაციო პროცედურაზე. გარდა ამისა, GIP-ის წარმომადგენლებმა  სკოლის შესახებ ისაუბრეს ქვემო ქართლის ადგილობრივ ტელევიზიასთანზუგდიდის ადგილობრივ რადიოსა და აჭარის ადგილობრივ მედიასთან.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ შესახებ ჯამში შვიდი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ოთხივე რეგიონში – თბილისი, რუსთავი, ზუგდიდიდი, ბათუმი – რომლის ფარგლებშიც GIP-ის დირექტორი კორნელი კაკაჩია, პროექტის მენეჯერები და კოორდინატორები პირადად შეხვდნენ დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მიაწოდეს მათ ყველა საჭირო ინფორმაცია სკოლის შესახებ და პასუხი გასცეს აუდიტორიის შეკითხვებს. გარდა ამისა, საინფორმაციო შეხვედრების დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ GIP-ის წარმომადგენლებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო არა მხოლოდ პროექტის ლოჯისტიკურ და ტექნიკური მხარეებზე, არამედ მის ზოგად მნიშვნელობაზეც ქართველი ახალგაზრდებისთვის.

შედეგად, GIP-იმ მიიღო 400-ზე მეტი აპლიკაცია ოთხივე რეგიონიდან. პროექტის გუნდისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ „მომავალ ლიდერთა სკოლით“ დაინტერესებული ახალგაზრდების კონტიგენტი იყო ძალიან მრავალფეროვანი. აპლიკანტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები როგორც ქალაქებიდან, ასევე სოფლებიდან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერები, საჯარო მოხელეები, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ადამიანის უფლებების აქტივისტები.

GIP-იმ უკვე დაიწყო შეფასებისა და შერჩევის პროცესი, რის შედეგადაც 2020 წლის იანვრის ბოლომდე შეირჩევა 120 მონაწილე შემოსული 400-ზე მეტი აპლიკაციიდან. „მომავალ ლიდერთა სკოლის“ აპლიკანტებთან გასაუბრებები უკვე ჩატარდა რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში და ჯერ კიდევ მიმდინარეობს თბილისში. საბოლოო შედეგები გამოცხადდება იანვრის ბოლოს, ხოლო „მომავალ ლიდერთა სკოლის“ პირველი სატრენინგო სესია ჩატარდება 2020 წლის 15 თებერვალს.

„მომავალ ლიდერთა სკოლა“ (ELS) ორგანიზებულია პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) პარტნიორობით.

 

, , , ,