30/04/2020 magda

სივრცე დისკუსიისთვის – პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრების ახალი სერია დაიწყო

GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო შეხვედრების ახალი სერია – სივრცე დისკუსიისთვის. სივრცე დისკუსიისთვის არის დამატებითი შესაძლებლობა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) ახალგაზრდებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან უშუალოდ იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.

29 აპრილს, პირველი სივრცე დისკუსიისთვის ზუგდიდში გაიმართა. ადგილობრივი პერსპექტივა: Covid-19-ის გავლენა სამეგრელო – ზემო სვანეთის  რეგიონზე – ეს იყო პირველი თემა, რომელიც დისკუსიაში მოწვეულმა სამთავრობო, არასამთავრობო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს.

მთავარ მომხსენებლებად მოწვეულნი იყვენენ:

ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული.

მალხაზ ჯალაღონია – კლინიკების „ევექსისა“ და „კურაციოს“ ექიმი.

ნანა ოდიშარია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი.

ხათუნა ბეჭვაია – არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაზიარის”ხელმძღვანელი.

პირველმა სპიკერმა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა სოფლის მეურნეობაზე პანდემიის დროს, ტურიზმის სფეროს გამოწვევებზე, გადავადებულ სესხებსა და იმაზე თუ  რა ბედი ეწევათ შეჩერებულ ინფრანსტრუქტურულ პროექტებს. როგორც მან აღნიშნა, სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი განვითარების/დახმარების დეტალური სქემის წარდგენას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მალე ელოდებიან. ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა მოსალოდნელ ცვლილებებზეც ამ სფეროში, როგორიც არის მაგალითად, აგროპროექტით „დანერგე მომავალი“ მოსარგებლე ბენეფიციარების შესაძლებლობების გაზდა, ასევე მექანიზაციის დაფინანსების გაზრდა, რაც გააძლიერებს ფერმერებისა და კოოპერაციების მუშაობას. რაც შეეხება ტურიზმს, ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროებს შეექმნა, რომლებიც საკარანტინე ზონებად გამოიყენეს. თავისი საუბრის ბოლოს, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუკი გარკვეული ინიციატივები პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით თავად მოქალაქეებისგან მხრიდან წამოვა.

დისკუსიის მონაწილეების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა: სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაცემას სოციალურად დაუცველებისთვის; ფაროსანას საწინააღმდეგო წამლებით უზრუნველყოფას; მოხალისეთა ეკიპირებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას;  აგრარული ბაზრების დახურვის საკითხს, – თუ რა სტანდარტები და კრიტერიუმებია შემუშავეული, რომ ბაზრებმა გააგრძელონ მუშაობა; სვანეთის ტურისტულ ზონებში გზების რეაბილიტაციას; სახნავი ტექნიკის მწვავე დეფიციტს ზემო სვანეთში, რაზეც მოწერელიამ უპასუხა, რომ არსებობს კერძო კომპანიისგან შემოთავაზება გარკვეული რაოდენობის ტექნიკით მოემსახუროს ფერმერებს,  მოლაპარაკება კი, თუ რა ფორმით მოხდეს  ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა, მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მონაწილეები ასევე დააინტერესდნენ, არსებობს თუ არა ადგილობრივი სამოქმედო გეგმა, იზოლაციის პირობებში, რეგიონებში ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. შეკითხვები ასევე დაისვა ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების  საჭიროებებსა და მათთვის სტატუსის მინიჭების პრობლემაზე.

დისკუსიის მეორე სპიკერი ნანა ოდიშარი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და ეპიდემიოლოგი გახლდათ, რომელმაც დეტალურად წარმოადგინა ანგარიში იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები გასწია ჯანდაცვის სფერომ პანდემიის დროს. ნანა ოდიშარიამ სამ ძირითადად საკითხზე ისაუბრა: თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირებიჯანდაცვის სექტორი და ლაბორატორიული მომსახურება და სერვისები.

რაც შეეხება შეკითხვებს, მონაწილეებს აინტერესებდათ: სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხი; რამდენად მზად არის რეგიონი მიიღოს და უმკურნალოს პაციენტებს; პირველადი ჯანდაცვის საკითხები სოფლად – იგეგმება თუ არა ამბულატორიების დეზინფექცია და რა ღონისძიებები ტარდება ამ ამბულატორიების მხარდასაჭერად.

დისკუსიის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაზიარის” ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ და კლინიკების „ევექსისა“ და „კურაციოს“ ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ  ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე, კერძო სექტორისა და მოქალაქეების როლზე პანდემიასთან ბრძოლის პროცესში,   არსებულ აკრძალვებსა და მოქალაქეების თვითშეგნებაზე. ხათუნა ბეჭვაიამ აღნიშნა:

– „ჩვენ გვქონდა გრანტი და შევეცადეთ დაუცველ ჯგუფებს დავხმარებოდით, პირველ რიგში, მოხუცთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეგრძნოთ რომ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათ გვერდით ვიდექით. „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობით მოვახერხეთ 32 ქალისთვის, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების  ნივთები და პროდუქტები მიგვეწოდებინა… ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ საქმეში, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები“.
 

მალხაზ ჯალაღონიამ თქვა, რომ ბევრი შეკითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დამთავრდება პანდემია. “ჩვენთან ეს ინფექცია არ მიდის მაღალი სიკვდილიანობით. არის საუბარი იმაზე, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღაც. ძალიან რთული პერიოდია, არავის აქვს მზა რეცეპტი როგორ უნდა მოვიქცეთ და რა არის საუკეთესო გამოსავალი” – აღნიშნა მან.

დისკუსიას, რომელიც შეხვედრების ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა, მოდერაციას უწევდა პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ეკა მინჯორაია.

პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით. სივრცე დისკუსიისთვის ასევე მოეწყობა დანარჩენ სამ ქალაქში, სადაც მომავალ ლიდერთა სკოლა ფუნქციონირებს  – თბილისში, ბათუმსა (მონაწილეები აჭარის რეგიონიდან) და რუსთავში (მონაწილეები ქვემო ქართლის რეგიონიდან).

 

, , ,