დაარსების დღიდან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ყოველთვის ცდილობდა, ხელი შეეწყო დემოკრატიული განვითარებისთვის და ეროვნული კონსენსუსის მიღწევისთვის. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი პოლიტიკა მიმართულია საზოგადოების პოლარიზებისა და გახლეჩისკენ, რაც ხელს უშლის ეროვნული ერთიანობის იდეას. ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე მუშაობის2028 წლამდე შეჩერების შესახებ. ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოსახლეობის გაცხადებულ ნებასთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”
ბოლო დღეების მანძილზე, საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში არსებული ვნებათაღელვა გამოწვეულია ქვეყნის საგარეო კურსის და, შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის საფრთხის შექმნით.საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ცივილიზაციას, სადაც მისი ისტორიული ფესვებია, არ უნდა იქნას უგულებელყოფილი.
ვაკვირდებით, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ მასობრივი დემონსტრაციების სახით გამოხატული გულწრფელი და მშვიდობიანი პროტესტის უხეში ძალის გამოყენების გზით ჩახშობა ხდება სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყენებით. ვგმობთ მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეისმინოს საქართველოს მოსახლეობის ნება საქართველოს განვითარებულ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ.
საქართველოს მოქალაქეების არჩევანი იყო, არის და იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, რაც არის საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და კეთილდღეობის ერთადერთი გარანტი.