17/03/2022 GIP

ომის დასასრული უკრაინაში და რისკების შეფასება საქართველოსთვის: ოთხი სცენარი

24 თებერვალს რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებით, ევროპის კონტინენტზე მშვიდობა საფრთხის წინაშე დააყენა. მსოფლიოს სხვადასხვა ანალიტიკოსებისა და, მათ შორის, აშშ-ს დაზვერვის წინასწარი შეფასებით, კიევი  რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაეცემოდა. თუმცა, მოლოდინების საწინააღმდეგოდ, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ტერიტორიულ თავდაცვით ძალებთან ერთად, თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დედაქალაქის დაცვა შეძლეს. იმ ქალაქებშიც კი, რომელთა დაკავებაც რუსულმა ჯარებმა მოახერხეს, ოკუპანტებს ადგილობრივი მოსახლეობის და შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდა.

ის, რომ რუსულმა ჯარებმა წარუმატებლობა განიცადეს თავიანთ პირველ მიზანში და სწრაფ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს კამპანია შეიძლება უფრო სისხლიანი და რთულად დასამთავრებელი იყოს. პრეზიდენტმა მაკრონმა, რუსეთის შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ დაასკვნა, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევის ფონზე, დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს: ათეულობით ქვეყანამ კრემლს სანქციები დაუწესა, ხოლო ნატომ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

მაშინ, როდესაც რუსეთი სწრაფი სვლით მიემართება გარიყულ სახელმწიფოდ ქცევისკენ, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნები სტრატეგიული დილემების წინაშე დგანან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ მიმდინარეობს და სიტუაცია ცვალებადია, ქვემოთ განხილული ოთხი სცენარი მკითხველს სთავაზობს, თუ რა გავლენები შეიძლება ჰქონდეს ამ კონფლიქტს საქართველოზე, რა არის ის გამოწვევები რომლის წინაშეც სხვადასხვა სცენარებში ოფიციალური თბილისი შეიძლება დადგეს?

სცენარი 1: საქართველოს გეოპოლიტიკური ოცნება

წარმოდგენილ სცენარებზე მუშაობის მომენტში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსული სამხედრო აგრესიისთვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევას და ყველა მთავარი ქალაქის კონტროლს. თავდამსხმელების სამხედრო კოლონები გზებზე, ძირითადად, შეჩერებულია და ისინი მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ პრობლემებს აწყდებიან. პარალელურად, ნატო და სხვა პარტნიორები აგრძელებენ უკრაინის თანამედროვე შეიარაღებითა და თავდაცვითი ტექნიკით აღჭურვას, შედეგად კი, კიევის რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთანავე რუსეთში, დროში გაწელილი  სისხლიანი კამპანიის, უპრეცედენტო ეკონომიკური ტვირთის და ქვეყნის შიგნიდან არსებული ზეწოლის ფონზე, ვლადიმერ პუტინის წამოწყება, დიდი შანსია, წარუმატებლად დასრულდეს. რუსეთის უკრაინიდან უკან დახევა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაამარტივებს ევროკავშირის წევრობის გზას და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას. მოვლენების საუკეთესოდ განვითარების შემთხვევაში, დასავლეთ ევროპული ქვეყნები, ალბათ, გადახედავენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში წევრობის მიმართ საკუთარ ფრთხილ მიდგომას რაც შეიძლება ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით დასრულდეს.

თუმცა, ამ სცენარში საქართველოსთვის გარკვეული რისკები არსებობს. რუსული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ პუტინს, შეიძლება, დასჭირდეს სწრაფი წარმატებული ომი, რათა მოსახლეობის საკუთარი ავტორიტარული მმართველობის გარშემო გაერთიანება შეძლოს. ეს კი, თბილისისთვის მაღალ რისკებს წარმოშობს. საქართველო ნახსენები იყო რუსეთის მიერ ნატოს გაფართოებაზე დასავლეთისთვის წაყენებულ ულტიმატუმში, მისი სამხედრო შესაძლებლობები  უკრაინასთან შედარებით სუსტია, ხოლო ოკუპანტების ჯარები უკვე ისედაც დგანან ცხინვალსა და აფხაზეთში, ყოველივე ამის გამო კი საქართველო შესაძლოა ახალი რუსული შეტევისთვის ადვილ სამიზნედ იქცეს.

ამ სცენარში, საქართველოს შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მას რუსეთის აგრესიის მიმართ კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. მმართველი პარტიის მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ბუნდოვანი პოზიციისა და დასავლელ პარტნიორებთან გაციებული ურთიერთობების გამო, ხელისუფლების ცვლილება არ არის გამორიცხული.

მაგრამ, ამავდროულად, ამ სცენარის განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა კრემლში ძალაუფლების შენარჩუნებას უკრაინაში მარცხისა და სანქციების შედეგად მძიმე ეკონომიკური ტვირთის ფონზე. თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ჩაფლავებული სამხედრო კამპანიის შედეგად დაკარგავს მმართველობის სადავეებს, მაშინ შიდა აშლილობები და რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, დიდი ალბათობით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მისცემს შანსს, უფრო მეტად დაწინაურდნენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

სცენარი 2: საქართველოს კოშმარი

მიუხედავად იმისა, რომ ნატო და მისი მოკავშირეები უკრაინას აწვდიან შეიარაღებას, ჯერ-ჯერობით არასაფრენი ზონა უკრაინის თავზე მიუღწეველია. ქალაქების დაბომბვის ინტენსივობისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის ფონზე, კრემლი შეიძლება მისი მიზნის მიღწევასთან ახლოს იყოს თუ უკრაინა დანებდება და რუსეთი მიაღწევს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს.  მოვლენების ამგვარი მსვლელობის შემთხვევაში მოსკოვი მიზანი იქნება  ათწლეულობით შეაფერხოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებები.

არ არის გამორიცხული , რომ უკრაინაში საკუთარი მიზნის მიღწევის შემდეგ, კრემლი თბილისს ულტიმატუმს წაუყენებს. ოფიციალური პირები თბილისში შეეჩეხებიან იგივე დილემას: ბოლომდე იბრძოლონ ან დანებდნენ და რუსეთის სატელიტ ქვეყნად იქცნენ. მოკლევადიან პერსპექტივაში, საქართველო, შესაძლოა, იძულებული გახდეს  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) დაბრუნდეს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსკოვის ზეწოლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი გახდეს. რუსეთის მოთხოვნების მიმართ საქართველოს რეაქციისთვის წყალგამყოფი შეიძლება აღმოჩნდეს ის, იქნება თუ არა საქართველოს მიმართ წაყენებულ პირობებს შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალურად აღიარება. ამ შემთხვევაში, თბილისის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის ალბათობა მაღალია.

ამ სცენარში, საქართველოს, ასევე, ემუქრება სოციალური არეულობები და არასტაბილურობა. ქართველების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა, პროდემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება და მედია არ იქნება რუსული სტილის ავტორიტარიზმის ქვეშ ცხოვრების მიმართ კეთილგანწყობილი. სწორედ ამიტომ, ოპოზიციური აზრის ჩასახშობად დაპირისპირებები, რეპრესიები და ავტორიტარული მმართველობაა მოსალოდნელი. არა გამორიცხული ამან ხელი შეუწყოს ქვეყნიდან მასიურ ემიგრაციას და ტვინების გადინებას.

სცენარი 3: კრემლის გეოპოლიტიკური მიზანი: უკრაინა აღიარებას „ახალ რეალობებს“

ეს სცენარი, გარკვეულწილად, წარმოადგენს უკვე განხილული ორ შესაძლებლობების შუალედურ ვარიანტს. მხარეები შეთანხმდებიან ომამდელ სტატუს კვოზე, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები დარჩებიან დე-ფაქტო დამოუკიდებლები და კიევის იურისდიქციის მიღმა. აქტიური კონფლიქტი გადაინაცვლებს გაყინულ ფაზაში, ხოლო უკრაინის დანარჩენი ნაწილი იქნება კონცენტრირებული ევროკავშირთან დაახლოებაზე. პერიოდულად, შეიძლება, კრემლის მხრიდან, ადგილი ჰქონდეს კიევზე დიპლომატიურ ზეწოლას, აღიაროს „ახალი რეალობები“ ე.ი. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ეს ტერიტორიები დარჩება მოსკოვის ხელში უკრაინის პოლიტიკაზე გავლენისა და კიევის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის საბოტაჟის ინსტრუმენტად.

ეს სცენარი განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსთვის, ვინაიდან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამჟამად რუსეთის მიერა ოკუპირებული. უკრაინაში წარმატებით გათამამებულმა რუსეთმა შეიძლება სცადოს სამხედრო მუქარის გაზრდით საქართველოს მოწყვლადობის გამოყენება. ყველაზე უარეს სცენარში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დარჩებიან დე-ფაქტო დამოუკიდებლად, მაგრამ რუსეთის მზარდი სამხედრო ზეწოლის ფონზე, საქართველო იძულებული გახდება ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, უარი თქვას ევრო-ატლანტიკურ მომავალზე და თანდათანობით გადაიქცეს რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ.

სცენარი 4: ნატო-რუსეთის კონფლიქტი

თუ რუსეთი კიდევ უფრო გაზრდის დაბომბვების ინტენსივობას და სამოქალაქო პირებში მსხვერპლის რაოდენობა დიდ რიცხვს მიაღწევს, დასავლეთი შეიძლება, იძულებული გახდეს უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა გამოაცხადოს ან სხვა სამხედრო გზით ჩაერიოს. შედეგად კი, გაიზრდება ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი საომარი კონფლიქტის ალბათობა. ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რომ არასაფრენი ზონა აღქმული იქნება, როგორც ომში მონაწილეობა. თუმცა, ნატომ რომც არ შემოიღოს არასაფრენი ზონა, პირდაპირი კონფრონტაციის რისკი ნატოსა და რუსეთს შორის ყოველდღიურად მატულობს. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე არაერთხელ მიანიშნა, რომ ზოგიერთი იარაღის (დრონები, ანტი-სარაკეტო სისტემები ან გამანადგურებლები) მიწოდებას აღიქვამს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ღიად ჩართვას, და დაიმუქრა იმ დასავლური კოლონების დაბომბვით, რომელთაც ეს იარაღი უკრაინაში გადააქვთ.

საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნატოს წევრი, ვერ დარჩება კონფლიქტის მიღმა. რუსეთი, დიდი ალბათობით,  თბილისისგან მოითხოვს სომხეთთან კორიდორის გახსნას. როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრს,  სრულმასშტაბიანი ნატო-რუსეთის ომის შემთხვევაში, ერევანს არ ექნება სხვა არჩევანი და იძულებული იქნება დადგეს კრემლის მხარეს. ვინაიდან რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზეა, მოსკოვის ინტერესებში იქნება საქართველოს სტრატეგიული ლოკაციის გამოყენება.

მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასია, ასევე, არის თურქეთის, ნატოს წევრი სახელმწიფოს და საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირის სტრატეგიული ინტერესების სფეროს ნაწილი. ვინაიდან თურქეთი დაინტერესებულია შავი ზღვის სივრცის უსაფრთხოებით, მისი როლი რეგიონში გაიზრდება. ანკარას მიერ 2015 წელს რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებამ უკვე აჩვენა, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ის მზად არის საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანი თურქეთის ახლო მოკავშირეა როგორც პოლიტიკურად, არამედ სამხედრო კუთხითაც. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხრეთ კავკასია იქცეს ნატო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ეპიცენტრად.

დასკვნა

ვინაიდან უკრაინაში ომი კვლავ მიმდინარეობს, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე მისი შედეგები ჯერ კიდევ დასადგენია. ამ ეტაპზე უცნობია, მიაღწევს თუ არა რუსეთი თავის მიზანს – უკრაინის ნეიტრალიტეტს. თუმცა ერთი რამ ნათელია: ახალი „რკინის ფარდა“ ეშვება ევროპის კონტინენტზე. ხოლო ის, თუ სად იქნება გამყოფი ხაზები გავლებული, დამოკიდებულია მიმდინარე ომის შედეგებზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის ფსონები და ამ მოვლენების მნიშვნელობა მაღალია. თუ უკრაინა დაეცემა, შესაძლოა, თბილისი იყოს კრემლის შემდეგი სამიზნე. მეორე მხრივ, ეკონომიკურმა სანქციებმა, უკრაინელების შთამბეჭდავ წინააღმდეგობასთან ერთად, შეიძლება რუსეთის მარცხი გამოიწვიოს. მოვლენების ასე განვითარება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ამბიციებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პოლიტიკური ელიტა და გადაწყვეტილების მიმღები პირები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაში, რათა თავიდან აიცილონ თბილისის „რკინის ფარდის“ მიღმა  აღმოჩენის საფრთხე. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ბოლო პერიოდის უკანდახევის ფონზე, იზოლაციის საფრთხე ახლა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს.

არსებობს მოვლენათა განვითარების სხვა სცენარებიც. რუსეთმა შეიძლება, კვლავ მოისურვოს კონფლიქტების გაყინვა და მოგვიანებით ისინი ბერკეტებად გამოიყენოს, ან შეიძლება ნატო-რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი დაპირისპირება ვიხილოთ. ორივე შემთხვევაში, თბილისში გადაწყვეტილების მიმღები პირები დადგებიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დილემების წინაშე და მათ ნაბიჯებს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის შემდეგ ათწლეულებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამასთანავე ქართული საზოგადოება უნდა ემზადოს და მუშაობდეს სამოქალაქო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკები და უკრაინის მაგალითები უნდა იქნას შესწავლილი და ქართულ კონტექსტს მორგებული. სამოქალაქო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის დაგეგმვისას, ასევე, მნიშვნელოვანია რუსული ჰიბრიდული ომისა და საზოგადოების გახლეჩის საფრთხეებთან გამკლავება.

ოფიციალურ თბილისს, ასევე, სჭირდება თურქეთთან, როგორც ნატოს წევრთან და დიდ რეგიონულ სამხედრო ძალასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან მას შეუძლია რეგიონში რუსეთის დომინაციის დაბალანსება,. თურქეთს, ასევე, შეუძლია საქართველოსთვის ჰუმანიტარული და სამხედრო ტვირთების ტრანზიტის კორიდორის უზრუნველყოფა ისე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი უკრაინისთვის.

მაშინ, როდესაც საქართველოს ნატოს წევრობა დროში გაიწელა, თბილისმა ალიანსთან კიდევ უფრო მეტად უნდა გაამყაროს ურთიერთობა, რათა გაძლიერდეს საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ მისი სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვის კომპონენტები. ამასთანავე, საქართველომ უნდა ისწავლოს წარსულის გაკვეთილებზე რუსეთთან მისი დაპირისპირების მაგალითებიდან, რომ უკეთ დაიცვას ქვეყანა. პოტენციური აგრესიის შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული დისბალანსის საკომპენსაციოდ თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგის სტრატეგიული შეკავებისთვის, რათა თავდაცვის ეფექტური სისტემის პირობებში მოსკოვმა ვერ გაბედოს  საქართველოში შემოჭრა.

თბილისს, ასევე, სჭირდება რისკების უკეთესი შეფასება, რათა შეამციროს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების რისკები, რაც ზრდის რუსეთის ინტერვენციის ალბათობას. ასეთ რისკებს შორისაა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება (ექსპორტი და იმპორტი), რუსული ინვესტიციები სტრატეგიულ სექტორში (ინფრასტრუქტურა, ენერგია და ტელეკომუნიკაცია), რუსეთიდან ეკონომიკური მიგრანტების შემოდინება, მის მიერ მხარდაჭერილი ანტიდასავლური პროპაგანდისა და რადიკალური პრორუსული აქტორების გავრცელება.

, , , , , , , , , , ,