12/03/2025 GIP

ევროკავშირი და მისი კანდიდატი ქვეყნები მსოფლიო წესრიგის ჰელსინკისა და იალტის მოდელებს შორის

ათწლეულების მანძილზე, ევროპა საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო მსოფლმხედველობას მულტილატერალიზმის, თანამშრომლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებზე ამყარებდა. 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა განამტკიცა ეს პრინციპები და საფუძველი ჩაუყარა ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელიც შემდგომში  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის(ეუთო), ნატოსა და ევროკავშირის სახით განხორციელდა. ორმოცდაათი წლის შემდეგ, ეს მოდელი მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

დიდი ძალების კონკურენციის ზრდა, რომელიც განპირობებულია გეოპოლიტიკური ბლოკების აღორძინებით, მსოფლიოს უბიძგებს იალტის სტილის წესრიგისკენ, რომლის სახელიც მომდინარეობს 80 წლის წინ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებული კონფერენციისგან. ეს ცვლილება წარმოადგენს დღეს არსებულ საფრთხეს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების გამზიარებელი მეზობლებისთვის – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის, რაც თავის მხრივ, კონტინენტს აიძულებს, გადახედოს მის სტრატეგიულ პოზიციას სამყაროში, რომელიც თანამშრომლობის ნაცვლად, უფრო და უფრო მეტად კონფრონტაციით ხასიათდება.

 

ჰელსინკის მოდელის მსოფლიო წესრიგის დაცემა

ჰელსინკის მოდელი ეყრდნობოდა იმ აზრს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მართვა შესაძლებელია დიალოგის, დიპლომატიის და სამართლებრივი შეთანხმებების გზით. ევროპულმა ქვეყნებმა მეტწილად მიიღეს ეს სისტემა, თვლიდენნ რა, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, წესებზე დაფუძნებული მმართველობა და ინსტიტუციონალური თანამშრომლობა გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფდა. ევროკავშირმა თავისი იდენტობა ამ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნა, იმ ვარაუდით, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია საბოლოოდ გაანადგურებდა ისტორიულ მეტოქეობას. აღმოსავლეთ ევროპის პერიფერიის ქვეყნებს ჯერ კიდევ იზიდავთ ეს იდეალები, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დაეხმარებათ მეზობლების აგრესიული პოლიტიკისა და/ან ნეოიმპერიალისტური ტენდენციებისგან თავის დაზღვევაში.

თუმცა, 21-ე საუკუნე ამ წესრიგის თანდათანობითი ეროზიის მოწმე გახდა. 2008 წლის ფინანსურმა და ლტოლვილთა კრიზისმა, ბრექსიტმა და ევროკავშირში არსებულმა შიდა განხეთქილებამ შეასუსტა ევროპული ერთიანობა. გარე შოკებმა, კერძოდ, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ, ხოლო 2022 წლიდან სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის დასაპყრობად, დააჩქარა ეს დაცემა. ჩინეთის მზარდი გლობალური თავდაჯერებულობა და ტრამპის პრეზიდენტობის ქვეშ შეერთებული შტატების ცვალებადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ჰელსინკის მოდელის მსოფლიო წესრიგის კუბოსთვის ჩაჭედებული ბოლო ლურსმნებია.

თანამშრომლობის პრინციპების დაცვის ნაცვლად, დღევანდელი დიდი სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების დასაცავად სულ უფრო და უფრო მეტად მიმართავენ დიპლომატიურ იძულებას, ეკონომიკურ ზეწოლასა და სამხედრო ინტერვენციებს.

 

იალტის დაბრუნება

იალტის მოდელმა, რომელიც წარმოიშვა 1945 წლის კონფერენციის შემდეგ, ომისშემდგომი ევროპა დაყო გავლენის სფეროებად. აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომას გლობალური მმართველობის მიმართ და მოიაზრებს, რომ მსოფლიო საუკეთესოდ არის მართული იმ შემთხვევაში, როცა მას მართავს რამდენიმე დომინანტი ძალა, რომლებიც გეოპოლიტიკურ სივრცეს არა საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების მიხედვით, არამედ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ანაწილებენ. დღევანდელ კონტექსტში, ეს აისახება მზარდ დაძაბულობაში აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის, როდესაც პატარა და საშუალო ძალის სახელმწიფოები იძულებულნი არიან აირჩიონ მხარეები ან იყვნენ  კონკურენტ ბლოკებს შორის ნავიგაციის პროცესში.

ეს ტრანზიცია ევროპისთვის ღრმად შემაშფოთებელია. ევროკავშირი, რომელიც შექმნილია როგორც პოსტნაციონალური ერთეული, ბუნებრივად შეუთავსებელია რეალპოლიტიკასთან. მისი დამოკიდებულება რბილ ძალასა და ეკონომიკურ ზეგავლენაზე იმ სამყაროსთვის, სადაც სამხედრო ძალა და სტრატეგიული ბერკეტები კვლავ უმთავრესი მნიშვნელობისაა, შეუსაბამოა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტორი, შეერთებული შტატები, განიცდის დრამატულ სტრატეგიულ გადაფასებას (რეკალიბრაციას). ტრამპის მეორე ადმინისტრაცია აორმაგებს სტრატეგიულ მეტოქეობას ჩინეთთან, ასევე მზად არის დადოს ბინძური სამშვიდობო შეთანხმება პუტინის რუსეთთან უკრაინის ომზე და  მოკავშირეებს, პარტნიორებსა და სხვა სახელმწიფოებს უაღრესად ტრანზაქციულ რეჟიმში ორმხრივი ურთიერთობებს აიძულებს.  ამას მივყავართ არასახარბიელო დასკვნამდე, რომ ევროპას არ შეუძლია ტრანსატლანტიკურ ალიანსზე დამოკიდებული იყოს ისე, როგორც ეს აქამდე იყო.

ევროპის სტრატეგიული დილემა: დამოკიდებულებასა და ავტონომიას შორის

როდესაც მსოფლიო იალტის სტილის წესრიგისკენ მიისწრაფვის, ევროპა მკვეთრი არჩევანის წინაშე დგას: აძლიერებს თუ არა ის კავშირს დასავლეთთან აშშ-ს ხელმძღვანელობით, თუ უწესებს საკუთარ თავს მეტად ავტონომიურ გეოპოლიტიკურ როლს? თითოეულ ვარიანტი შეიცავს მნიშვნელოვან რისკებსა და შედეგებს.

შეერთებულ შტატებთან კავშირების გაძლიერება ევროპის მრავალი სახელმწიფოსთვის ყველაზე სწორ ვარიანტად რჩება. ნატოს უმნიშვნელოვანესი როლი ევროპის უსაფრთხოებისთვის რჩება შეუცვლელი და პუტინის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოკვეთა ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერი აუცილებლობა. თუმცა, ვაშინგტონთან უფრო დაახლოებას სჭირდება გარკვეული ფასის გადახდა.

ევროპული სტრატეგიული პრიორიტეტები ყოველთვის არ ემთხვევა აშშ-ს პრიორიტეტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩინეთთან ურთიერთობას, სადაც ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას და კანდიდატ ქვეყანას დადებული აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფსონები. უფრო ძლიერმა ტრანსატლანტიკურმა კავშირმა შეიძლება ასევე შეზღუდოს ევროპის შესაძლებლობა- დამოუკიდებლად იმოქმედოს კრიზისებში, სადაც ამერიკის ინტერესები განსხვავდება ევროპული ინტერესებისგან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი ხანია მხარს უჭერს „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეას და ამტკიცებს, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები და შეამციროს მისი სამხედრო დამოკიდებულება აშშ-ზე. უკრაინის ომის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან თანხვედრის გამო, ევროკავშირის დანარჩენმა ქვეყნებმაც გაიაზრა, რომ მათ სჭირდებათ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სამხედრო შესაძლებლობებში, მეტი ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკის დაგეგმვისას და ფუნდამენტური ცვლილება ძალაუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ ხედვებში. თეორიულად მიმზიდველობის მიუხედავად, ეს გზა სავსეა გამოწვევებით. ბევრი წევრი სახელმწიფო დიდი ხანია არასაკმარისად აფინანსებს თავდაცვის სექტორს და ნატოს მიღმა, სიცოცხლისუნარიანი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნა კვლავ თავსატეხად რჩება. გარდა ამისა, ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური განხეთქილება ართულებს თანმიმდევრული და ერთიანი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

მესამე გზა?

მესამე მიდგომაა, რომ ევროკავშირმა და მისმა თანამოაზრე მეზობლებმა პოზიციონირება მოახდინონ როგორც დამაბალანსებელმა ძალამ, შეინარჩუნონ ურთიერთობა აშშ-თან, ჩინეთთან და რუსეთთან (რამდენადაც შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ). ეს საშუალებას მისცემს ევროპას იმოქმედოს როგორც სტაბილიზატორმა ძალამ გლობალურ საქმეებში, თავისი ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენა კონკურენტ ძალებს შორის შუამავლობისთვის გამოიყენოს.

თუმცა, ეს მიდგომა სარისკოა. ვაშინგტონიც და პეკინიც უკვე ეჭვის თვალით უყურებს ევროპულ ჰეჯირებას და მათ შორის ნავიგაციის მცდელობამ შეიძლება ორივე მხარის ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს.

ევროკავშირმა, იმისთვის რომ გახდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე, უნდა გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები. მას სჭირდება უფრო ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, სანდო სამხედრო შემაკავებელი და საექსპედიციო ძალა, უფრო თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა და მზადყოფნა იმოქმედოს გადამწყვეტად, როცა მისი ინტერესები საფრთხის ქვეშაა.

თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ბოლო დისკუსიები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ ისინი არასაკმარისია იმ სამყაროში, სადაც ბრუნდება სამხედრო შეკავება, ხოლო შიდაპოლიტიკური განხეთქილება  საერთო ქმედებების დასუსტებას აგრძელებს. ევროკავშირის არქიტექტურისა და გადაწყვეტილების მიღების უფრო ფუნდამენტური რეფორმების მოლოდინში, მსურველთა კოალიციები შეიძლება იყოს საუკეთესო გზა. ასეთი უფრო თავისუფალი ჩარჩოების უპირატესობაა ისაა, რომ შეუძლია ჩართოს თანამოაზრე მეზობელი ქვეყნები, მიუხედავად ინსტიტუციური სხვაობებისა, მაგრამ ისინი ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, ორგანიზაციის ფარგლებში შეთანხმებულ წესებთან თანხვედრაში უნდა მოდიოდნენ. როგორც ასეთი, ევროკავშირის ჩარჩოს გარეთ შექმნილი პირველი ჯგუფების მიერ აღებული ვალდებულებები საბოლოოდ შეიძლება გარდაიქმნას ევროკავშირის სტრუქტურებად. უკვე იკვეთება მსურველთა კოალიცია, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თურქეთს და თანამოაზრე ნატოს წევრ დიდ ბრიტანეთს. ამ სტრუქტურის მიღმა დარჩენილ ქვეყნებს კი თავად მოუწევთ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა. ძალიან ნათელია ის რისკი, რაც ნულოვანი ჯამის თამაშის პირობებში იმ ევროპის პერიფერიულ სახელმწიფოებს (საქართველო და სერბეთი) ემუქრებათ, რომლებიც კოალიციასთან თანხვედრაში არ არიან.

დასკვნა

ჰელსინკის სამყაროდან იალტის სამყაროში გადასვლა წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევას, რომელსაც ევროპა  ათწლეულების განმავლობაში აწყდება. არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და არც  კანდიდატ ქვეყნებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ იფიქრონ, რომ მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება და დიპლომატიური ჩართულობა იქნება მათი უსაფრთხოების გარანტი. ამის ნაცვლად, ისინი უნდა ადაპტირდნენ სამყაროსთან, სადაც დიდი ძალების კონკურენცია წამყვანი მოცემულობაა, რომელიც მოითხოვს სამხედრო მზადყოფნის, სტრატეგიული ერთობისა და დიპლომატიური სისწრაფის ნაზავს. ის თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი ამ სტრატეგიულ გადასვლისას, მომდევნო რამდენიმე ტურბულენტური წლის მიღმა მსოფლიოში ევროპის როლს განსაზღვრავს. ერთად ისინი უფრო ძლიერები არიან. მარტონი დაცემისთვის უფრო მეტად არიან განწირული.

 

* ამ პერსპექტივის ადრინდელი ვერსია გამოქვეყნდა სათაურით „ ევროპა ჰელსინკისა და იალტის მოდელის მსოფლიო წესრიგს შორს“ REUNIR-ის ვებ-გვერდზე- Horizon Europe-ის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ საგრანტო ხელშეკრულება № 101132446-ის ფარგლებში. გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის კვლევითი აღმასრულებელი სააგენტოს შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც მიმღები ორგანო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მათზე.

 

სტივენ ბლოკმანსი

სტივენ ბლოკმანსი არის ასოცირებული უფროსი მკვლევარი, წარსულში კვლევების დირექტორი და უფროსი მკვლევარი CEPS-ში. ის ასევე არის ICDS-ის უფროსი მკვლევარი (ტალინი), მოწვეული პროფესორი ევროპის კოლეჯში (ბრიუგე და ნატოლინი) და European Foreign Affairs Review-ის მთავარი რედაქტორი.

© Cover photo: Times  Higher Education
, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,