© Photo Credit: Nika Bubashvili
შეუძლებელია ერის ჭეშმარიტი დაბადება ხალხის სოციო-კულტურული და სოციო-პოლიტიკური სტრუქტურის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე. აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როცა საქმე დემოკრატიულ ცვლილებებს ეხება.
თბილისის ქუჩებში ევროპული მომავლის მოთხოვნით გამოსულ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ნიღბიანი ძალოვნების თავდასხმის სურათები სწრაფად უნდა გაჩენილიყო და ასევე სწრაფად გამქრალიყო გლობალური მედიის ეკრანებზე მოვლენების გეოგრაფიული და პოლიტიკური სიშორის გამო ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქებისაგან.
მაგრამ ვარდების რევოლუციისა და 2008 წლის რუსული სამხედრო შემოჭრის მსგავსად, საქართველო ყოველთვის ახერხებს არა მხოლოდ საკუთარი სიმბოლური მნიშნელობის ხაზგასმას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ყალიბდება ერთგვარ გეოპოლიტკურ ცვლადად, რომლის იგნორირება მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების გამო ვერ მოხდება ვერც ბაქოსა და ერევანში, ისევე როგორც ანკარაში, კიევში, ტალინში თუ ვარშავაში. მიუხედავად ამისა, უცნობია არსებობს თუ არა მსგავსი განცდა ევროკომისიაში, ევროპის ძირითად ინსტიტუტებში ან თუნდაც სხვა დედაქალაქებში როგორიცაა ბერლინი, პარიზი, ან რომი.
ევროკავშირის მიდგომა სამხრეთ კავაკასიის სამეულთან აშკარად გამოყოფდა საქართველოს როგორც ყველაზე წარმატებულ ქვეყანას დემოკრატიული მიღწევებისა და ასოცირების შეთანხმების თუ DCFTA -ის განხორციელების გამო. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება განიხილებოდა როგორც მთავარი წინაპირობა ევროპული სტანდარტების დანერგვისა და ისეთ სფეროებში თბილისის წახალისებისთვის როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, განათლება და აშ. მიუხედავად ამისა, მთავარ პრობლემად რჩებოდა ის გარემოება, რომ ეკონომიკაზე და თანამშრომლობის „რბილ“ სფეროებზე მთავარი აქცენტის გაკეთება (რაც ძირითადად სტანდარტების დანერგვის ტექნიკურ პროცესს წარმოადგენს), საფუძველშივე გამორიცხავს ევროკავშირის მხრიდან გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება/ქონას თბილისის და მთლიანი რეგიონის მიმართ. ამ თვალსაზრისით, პრობლემა კიდევ უფრო იზრდება თუ რეგიონის მიმართ ინტერესი გააჩნია აგრესიულ ძალას (რუსეთს) და ევროკავშირის მთავარი წინაპირობა დემოკრატიის განვითარების შესახებ (საქართველოს მიმართაც კი) ობიექტურად ვეღარ განიხილება როგორც პრიორიტეტი რუსული პირდაპირი სამხედრო აგრესიისა და აქტიური ღონისძიებების საფრთხის გამო.
რატომ ვერ მოხდება საქართელოს იგნორირება
ქარული ოცნების მიერ 2022 წლიდან სულ უფრო ღიად რუსული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემდეგ, ლამის სრულიად მოხდა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეთოდების გადმოღება და რუსული სტილის გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის მიღება. აღნიშნული პორდაპირ მიანიშნებდა სახელმწიფოს მითაცების გაღრმავებულ პროცესს, რაც არც თუ ისე უსაფუძვლოდ რუსული ჰიბრიდული ოპერაციების ფარგლებში განიხილებოდა. შესაბამისად საგანგააშოა ის ფაქტი, რომ ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მზადაა ევროპული მომავლის დასაცავად მრავალ რისკზე (სიცოცხლის და უსაფრთხოების დაკარგვის) წავიდეს, შეიძლება ასე მარტივად იქნას მიტაცებული კრემლის მიერ.
ევროკავშირის ნათელი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობა საქართელოს მიმართ, არა მხოლოდ საფრთხეში აგდებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს არამედ პირიქით დამატებით მოტივაციას აძლევს კრემლს რომ გაზარდოს თავისი ჰიბრიდული გავლენა და დეფაქტოდ გააჩეროს საქართველოს სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ამასთან ერთად გაცილებით რთულდება და ლამის წარმოუდგენელი ხდება სომხეთის დემოკრატიული კონსოლიდაციის ამოცანა. საერთო ჯამში კი სტრატეგიული გეგმის არარსებობა საქართველოს და რეგიონის მიმართ ყველაზე კარგად ჩანს ძლიერი ნებისა და მექანიზმების არარსებობაში, რომელთაც წესით უნდა გააძლიერონ ადგილობრივი დემოკრატიული ძალები და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ისინი გარე საფრთხისგან (მათ შორის ჰიბრიდულისგან).
ევროკავშირის მხრიდან ამგვარი გაურკვევლობის ფაქტორი განსაკუთრებით დამაზიანებელია დღეს, როცა მიუხედავად უკრაინაში მისთის გართულებული სამხედრო ვითარებისა, რუსეთი მაინც ცდილობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი დომინირების აღდგენას.
შემთხვევითობა არაა, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვანი და საპირისპირო ნარატივების ფორმირება ხდება სადღეისოდ სამხრეთ-კავკასიის მიმართ, რომელთაც ყველას ახასიათებს რეგიონის სტრატეგიული დინამიკის განსაზღვრის ამბიცია. მაგალითისთვის, ზოგიერთი ამტკიცებს რომ ევროპის პერსპექტივის იდეალისტური მოლოდინები უნდა გაიფილტროს და დავიდეს მწარე რეგიონალურ რეალობამდე, სადაც რეგიონში არსებული ზესახელმწიფოების როგორიცაა ირანი, თურქეთი და რუსეთი, ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული პირველ რიგში (3+3 ფორმატი). შესაბამისად ევროკავშირს და აშშ-ს მხრიდან უნდა მოხდეს საკუთარი მიზნების საგრძნობი შეკვეცა ხსენებულ ფორმატში მონაწილეობის გარეშე. ამ მოცემულობაში, და იმის ფონზე რომ ტრამპის ადმინისტრაცია სულაც არ იჩენს დიდ ინტერესს რეგიონის მიმართ, ევროკავშირს არ რჩება მოქმედების ბევრი ალტერნატივა. ან ის შეანელებს მის ისედაც არასრულყოფილ პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ, და ამით საშუალებას მისცემს კრემლს რომ შექმნას პრორუსული პროქსი-რეჟიმების კონსოლიდირებული სარტყელი. ნათელია, რომ ეს ნაბიჯი დაასამარებს საკუთრივ ერთიანი თავისუფალი და უსაფრთხო ევროპული კონტინენტის იდეას, და ხელს შეუწუობს ანტი-ევროპული ძალების მობილიზებას ევროკავშირში მეტი დაქსაქსულობის შეტანით (დომინოს ეფექტით ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებში).
ალტერნატივად ევროკავშირს შეუძლია საკუთრი ძალის როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის დამტკიცება და როგორც უსაფრთხოების ასევე დემოკრატიის უზრუნველყოფა საკუტარ პერიფერიაზე. ევროკავშირში გაწევრიანების ლამაზი პერსპექტივა არ უნდა უკავშირდებოდეს ან იწვევდეს არარეალისტურ მოლოდინებს და ნაბიჯებს.
რეგიონში ევროპული პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ერთგვარი მარშალის გეგმის მოდელს, სადაც ქართულ დემოკრატიას მიეცემა გადარჩენის საშუალება და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გამყარდება დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების გაჩენით. ამ ნაბიჯით ევროკავშირი აიცილებს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არსებულ შეცდომებს და აღარ გაიმეორებს 2008 წლის ბუქარესტის სამმიტის პარალელებს. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სტრატეგიის მეორე მიმართულება უნდა შეიცავდეს რეგიონის შიგნით სამივე სახელმწიფოს ძლიერ თანამშრომლობას, როგორც ეს მოხდა დასავლეთ ევროპაში 1945 წლის შემდეგ. ევროკავშირთან დაკავშირებამ უნდა მოიცვას ერთობლივი რეგიონალური ინტერესები და ინტეგრირების პროცესები რამოდენიმე გადამწყვეტ სექტორში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაცია და სხვ. ევროკავშირის მარშალის გეგმა სამხრეთ კავკასიისთვის შეიძლება გახდეს ინტერ და ინტრარეგიონალური თანამშრომლობა, რომლის საფუძველი იქნება საქართველოში, საიდანაც მოხდება ევროპული პოლიტიკისა და სტანდარტების ინტენსიური გავრცელება რეგიონში, რომელიც თავის მხრივ უნდა გაცდეს ტექნიკური სტანდარტიზაციის სააგენტოს (TUV-ის მსგავსი) ფუნქციას.
შალვა ძებისაშვილი
ის არის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი. ის ასევე ხელმძღვანელობს VW-ის მიერ დაფინანსებულ პოსტ-დოკ პროექტს ინსტიტუციური ტრანსფორმაციისა და სოციალური პრაქტიკის შესახებ საქართველოსა და სომხეთში. დოქტორი ძებისაშვილი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან, როგორიცაა სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში (CCDS), საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) და არის მრავალი აკადემიური სტატიისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი.