04/02/2025 GIP

აშშ-საქართველოს ურთიერთობა ტრამპის პრეზიდენტობის ქვეშ

პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას წარმართავს ე.წ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ინტერესები და რომ ტრანზაქციის მასშტაბი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ გაიზომოს აშშ-ის მიღებული სარგებელი იმ შეთანხმებებიდან, რომლებიც მეტწილად ორმხრივი იქნება. საგარეო პოლიტიკაში სანქციები და ტარიფები გამოყენებული იქნება როგორც ზეწოლის მოხდენის საშუალებები მეგობრებისა და მტრების წინააღმდეგ. ტრამპი ხაზს უსვამს ომის თავიდან აცილების აუცილებლობას, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენება არ არის გამორიცხული პანამის არხზე, გრენლანდიასა და მექსიკაზე. ეს საერთაშორისო პერსპექტივა ეწინააღმდეგება აშშ-ის ცივი ომის შემდგომ პოლიტიკას, რომელიც ხაზს უსვამდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ეკონომიკურ ზრდას ვაჭრობისა და ინვესტიციების გზით. მიჩნეული იყო, რომ ალიანსები და საერთაშორისო ინსტიტუტები მხარს უჭერდნენ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, მაგრამ ამარიკის ახალი ადმინისტრაცია მათ უფრო მეტად განიხილავს რესურსების გადინებისა და ვალდებულებების კონტექსტში აშშ-ის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

ტრამპის წინაშე არსებული საერთაშორისო ვითარება შემაძრწუნებელია: უკრაინა-რუსეთის ომი, ღაზა, სირია, ლიბანი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი, რუსეთი, ჩინეთი, პანდემიის საფრთხეები და კლიმატის ცვლილებები. პრობლემების სწრაფი მოგვარების შესახებ განცხადებების მიუხედავად, ტრამპის გუნდი აცნობიერებს, რომ ზემოაღნიშნული პრობლემებიდან ბევრი განპრიობებულია რთული მიზეზებით და არ ექვემდებარება მარტივ, სწრაფ გადაწყვეტას.

ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და უკვე იყო ისეთი შეცდომები როგორიცაა აშშ-ის მთავრობის ხარჯვითი პროგრამების დროებით შეჩერება. პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების უმეტესობა აანალიზებს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს და ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახალ გარემოში, ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას. ამასთანავე ტრამპის წინაშე დგას ისეთი მწვავე საშინაო საკითხები, როგორებიცაა ინფლაცია და საზღვრის/იმიგრაციის პრობლემები, რაც, თავის მხრივ, მისი გამარჯვების მთავარი მიზეზი იყო და სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხები.

გარდაუვალია, რომ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის-რუბიოს, საგარეო პოლიტიკური კონცენტრირებული იქნება ჩინეთზე, რუსეთსა და უკრაინაზე, მექსიკასა და კანადასთან საზღვრებზე და ახლო აღმოსავლეთზე.

რას ნიშნავს ეს ისეთი ნაკლებად პრიორიტეტული პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლებიც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე გაუარესებული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ ამერიკის მხარესთან ბაიდენის წინა ადმინისტრაციის პირობების გამო?

ორმხრივი ურთიერთობის გაუარესების მიზეზები ძირითადად გამომდინარეობს მმართველი პარტიის- „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისა და დასავლურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში თანამშრომლობის მცდელობების შეწყვეტით. სანაცვლოდ, ის გადავიდა ტრანზაქციულ საგარეო პოლიტიკაზე და არადემოკრატიულ შიდა ნაბიჯებზე, როგორიცაა: გასული შემოდგომის პრობლემური საპარლამენტო არჩევნები, რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონი,  თავისუფალი მედიის, პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დარბევა, „გლობალური ომის პარტიის“ გამოგონება (იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები), რომელიც თითქოს ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევას და სასტიკი მოპყრობა მათ მიმართ, ვინც გამოხატავს მშვიდობიან პროტესტს საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევის გამო.  ბოლო ინციდენტი 2 თებერვალს მოიცავდა სასტიკ თავდასხმებს ათეულობით მომიტინგეზე, რომლებიც ცდილობდნენ თბილისში შემავალი გზის გადაკეტვას. ქართული ოცნების ლიდერები გამოირჩევიან უპრეცედენტო კრიტიკით შეერთებულ შტატების, USAID-ის პროგრამების, აშშ-ის საელჩოსა და ელჩების მიმართ. ამის გამო „ქართული ოცნების“ ლიდერები ფართოდ დაგმეს დასავლეთის დედაქალაქებში. აშშ-მა სანქციები დაუწესა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წარმოადგენს ძალას „ქართული ოცნების“ უკან, ასევე დასანქცირდნენ სხვა ხელმძღვანელებიც.  ვაშინგტონმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და დაახლოებით 95 მილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათმა პოლიტიკამ საქართველო დამანგრეველი ომებისგან იხსნა. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა გააძლიერა იმან, რომ საქართველო არ შეურთდა დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს და შეინარჩუნა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. საქართველო, სავარაუდოდ, დაეხმარა რუსეთს გარკვეული სანქციების თავიდან აცილებაში. მმართველი პარტია ასევე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება იყო თავისუფალი და სამართლიანი და პოლიტიკური ოპოზიცია არის უკანონო და „ტერორისტული“. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მათი მტკიცებით, დაბალანსებულია და საქართველოს საშინაო საქმეები მათი სუვერენული პრეროგატივაა. იმავდროულად, ევროკავშირი და აშშ კვლავ კრიტიკულები არიან ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და თუმცა უარს ამბობენ ახალი ხელისუფლების აღიარებაზე. ჩიხური სიტუაცია ნარჩუნდება, ვინაიდან ბევრი დასავლელი ლიდერი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად ჯერ კიდევ ცნობს სალომე ზურაბიშვილს და არა მიხეილ ყაველაშვილს, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, რომელიც არჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ.

რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში შემცირდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და პრეზიდენტი ტრამპის მიდგომაც მეტად ტოლერანტული გახდება მათ მიმართ. „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ მათ პოზიტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ტრამპის გუნდთან. პრემიერ-მინისტრი მიესალმა აშშ-ის დახმარების შეჩერებას, რომლის გამოყენებაც, მისი თქმით, მიმართული იყო ქართული ოცნების წინააღმდეგ, ე.წ „Deep State”-ისა და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების  მხარდასაჭერად. იმავდროულად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენლის ჯო უილსონის სტუმარი, ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. დეკემბერში, პარიზში იგი შეხვდა ტრამპს და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომლებთანაც განიხილა პრობლემური საპარლამენტო არჩევნები. სად მივყავართ ამ ყოველივეს?

ტრამპისთვის საქართველო საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის ამჟამინდელი მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ევროკავშირს მეტი სანქციები უნდა საქართველოსთვის და ტრამპის გუნდი შესაძლო ევროპას ენდოს, რათა ის გაუძღვეს გზას. საქართველო აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების დიდი მიმღები იყო და ამის სამომავლო ზომა შეიძლება გაურკვეველი იყოს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რომ, ზოგიერთს ახალ ადმინისტრაციაში USAID-ის გაუქმება და ამ ორგანიზაციის უკან სახელმწიფო დეპარტამენტში დაბრუნება სურს. მიზანი ამ სტრუტურის ეფექტური კონტროლია. მოსალოდნელია რომ ტრამპის გუნდი ნამდვილად შეისწავლის “ქართული ოცნების” პოლიტიკას, რომელიც აშშ-ისადმი კრიტიკულია და რუსეთს ემხრობა, და შემდეგ იკითხავს, რატომ უნდა გავაგრძელოთ ამ მთავრობის მხარდაჭერა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ასეთი დიდი ოდენობით? საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს ტრამპის ყურადღების მოსაპოვებლად, როდესაც მისი ყურადღება სხვაგან იქნება ფოკუსირებული. სახელმწიფო მდივან რუბიოს აქვს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერაში ისტორია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პრიორიტეტებს.

აშშ-ის კონგრესი უდიდეს როლს თამაშობს აშშ-ის საგარეო დახმარების ზომისა და მიმართულების დადგენაში. კონგრესის საკვანძო რესპუბლიკელი წევრები საჯაროდ კრიტიკულები არიან საქართველოსი და მეტ სანქციებს უჭერენ მხარს. “ქართული ოცნება” სავარაუდოდ, შეეცდება ტრამპის გულის მოგებას მისი რიტორიკის გამოყენებითა და ვაშინგტონის ლობისტების დასაქმებით, მაგრამ ეს შესაძლოა ძალიან რთული ბრძოლა იყოს იმ ორმოების გათვალისწინებით, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ამოითხარა.

ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა ნაკლებად დაინტერესებული იყოს დემოკრატიული განვითარების პროგრამებით, მაგრამ არ იჩქარებს იმ რეჟიმის ჩასახუტებლად, რომელიც კრიტიკული იყო შეერთებული შტატებისა და მისი ინსტიტუტების მიმართ. ამ ეტაპზე,  როდესაც USAID-ის მომავალი კითხვის ქვეშაა, საქართველოსთვის შეერთებული შტატების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარების პერსპექტივა გაურკვეველია. თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს საქართველოს ნაკლებად დემოკრატიული და მეტად ანტი-დასავლური მიმართულებით წაყვანას, აშშ-საქართველოს ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს.

 

კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

ელჩი იალოვიცი იყო საგარეო სამსახურის ოფიცერი 1966-2001 წლებში , ასევე იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში 1998-2001 წლებში. 2001 წელს სახელმწიფო დეპარტამენტიდან გადადგომის შემდეგ, ელჩმა იალოვიცმა დაიწყო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სამაგისტრო კურსების სწავლება, რომელიც ეხებოდა რუსეთის კონფლიქტებს მის სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან. 2003-2012 წლებში ის ხელმძღვანელობდა Dickey-ის საერთაშორისო ურთიერთგაგების ცენტრს დარტმუთის კოლეჯში. მისი სტატიები დაიბეჭდა New York Times-ში, Washington Post-ში, International Herald Tribune-ში, Boston Globe-ში, Christian Science Monitor-ში, The National Interest-ში, The American Interest-ში, The Hill-ში, Politico-ში, Newsweek-ში და ა.შ.

© Cover Photo: Investor.ge
, , , , , , , , , , , , ,