06/06/2020 magda

ვებინარი: თურქეთი, საგარეო პოლიტიკური მიდგომის ძიებაში სამხრეთ კავკასიაში

3 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი თურქეთისაგარეო პოლიტიკური მიდგომის ძიებაში სამხრეთ კავკასიაში. ვებინარი წარმოადგენდა საჯარო დისკუსიათა სერიის „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“ პირველ, გახსნით ღონისძიებას. სერია სულ სამი ონლაინ საჯარო დისკუსიისგან შედგება, რომლებიც 2020 წლის ივნისსა და ივლისში გაიმართება. მათი ძირითადი ფოკუსი იქნება თურქეთის როლზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება.

დისკუსიები იმართება პროექტის „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით.

პირველ ვებინარში მონაწილეობა 60-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა სამხრეთ კავკასიიდან, თურქეთსა და ევროკავშირიდან.

ონლაინ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით ქართულ და ინგლისურ ენებზე, მოდერაციას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, დოქტ. კორნელი კაკაჩია უწევდა.

ვებინარი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, დოქტ. შტეფან მაისტერმა გახსნა, რომელმაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებისთვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ხელს უწყობს თურქეთის საგარეო პოლიტიკის უფრო კარგად შესწავლას, აძლიერებს ანალიტიკურ ორგანიზაციებს და მხარს უჭერს ახალგაზრდა მკვლევრებს თავიანთ საქმიანობაში.

დისკუსიის პირველი მომხსენებელი გახლდათ დოქტ. მუსტაფა აიდინი – სტამბულის კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორი (საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი).

თავის მოხსენებაში მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად და როგორ შეიცვალა თურქეთის საგარეო პოლიტიკური მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. როგორც დოქტ. აიდინმა აღნიშნა, თურქეთმა ბოლო პერიოდში ყურადღება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონიდან ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანა. თურქეთის საგარეო პოლიტიკის აქცენტების ეს ცვლილება, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს რეგიონში მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებებით, როგორიცაა აშშ-ის ნაკლები დაინტერესება რეგიონით, ევროკავშირის ჩართულობის ეფექტურობის შემცირება და რუსეთის ინტერესების წინ წამოწევა.

 

ვებინარის მეორე მომხსენებელმა დოქტ. ჰურქან აქსოიმ (დირექტორის მოადგილე, გამოყენებითი კვლევების ცენტრი თურქეთის შესახებ, გერმანიის ინსტიტუტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში) მიმოიხილა ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი თურქეთის მიდგომა ეფუძნება. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი  საკითხი გამოყო, რომელიც რეგიონის მიმართ თურქეთის მიდგომას განსაზღვრავს: თურქეთის ამბიცია, რომ იყოს ძლიერი რეგიონული მოთამაშე, მისი ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტერესები, საშინაო პოლიტიკური გარემოებები, იდენტობის პოლიტიკა და მხარდაჭერა რეგიონში არსებული მუსლიმი და თურქული თემების მიმართ.

დისკუსიის მესამე მომხსენებელი იყო დოქტ. ლისინია სიმაო, კოიმბრას უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი და სოციალური კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი. თავის მოხსენებაში მან ყურადღება შემდეგ საკითხზე გაამახვილა – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, ბოლო პერიოდში, თურქეთის გართულებულ ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-თან? დოქტ. სიმაომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, აშშ-ს, ევროკავშირისა და თურქეთისთვის ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემები უფრო  პრიორიტეტულია, ვიდრე სამხრეთ კავკასია და რომ ეს შესაძლოა ნაწილობრივ ხსნიდეს საერთაშორისო აქტორების ყურადღების ნაკლებობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. დოქტ. სიმაომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან რეგიონის მიმართ მკაფიო პოლიტიკის არარსებობა და დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა თურქეთში, გარკვეულწილად, განაპირობებს იმას, რომ თურქეთი ნაკლებად მოიაზრება, როგორც დამაკავშირებელი ხიდი სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთს შორის.

დისკუსიის მეოთხე და ბოლო მომხსენებელმა დოქტ. ივანნა მაჩიტიძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის უახლესი ტენდენციები სამხრეთ კავკასიისთვის? მან რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაახასიათა, როგორც პრაგმატული, ტაქტიკური და მერკანტილური. დოქტ. მაჩიტიძემ აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში გამოირჩევა  კონკურენციით, თუმცა ასევე არსებობს აღქმა, რომ რეგიონის გარეთ არსებულმა ძალებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ სამხრეთ კავკასიის რეგიონისგან.

მოხსენებების დასრულების შემდეგ, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები პანელისტებისთვის. კითხვა-პასუხის სესია ორ ნაწილად დაიყო. პირველ სესიაზე, დამსწრეების წერილობით შეკითხვებს მოდერატორი ამისამართებდა პანელისტებთან, ხოლო მეორე სესიაზე – დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ ჩართულიყვნენ დისკუსიაში და თავად დაესვათ შეკითხვები მომხსენებლებისთვის.

მათი შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა COVID-19 პანდემიის გავლენას საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, თურქეთის „დეევროპეიზაციის“ პერსპექტივას და მის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მეორე ონლაინ დისკუსია, რომელიც 3 ივლისს გაიმართება, განიხილავს თურქეთის როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებაში და მათ თანამშრომლობას  ენერგეტიკის სფეროში.

 

ნახეთ ვებინარის ჩანაწერი აქ >>

, , ,