01/03/2023 GIP

Youth for Action 2023 დაიწყო

მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებმა მათთვის განკუთვნილი გრანტების პროგრამის, #YouthforAction-ის ფარგლებში, მცირე პროექტების განხორციელება დაიწყეს. 

#YouthforAction 2023 ხუთ მცირემასშტაბიან პროექტს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

აღნიშნული გრანტების მეშვეობით საქართველოს რეგიონებში, კონკურსში გამარჯვებულ საინიციატივო ჯგუფებს საშუალება აქვთ განახორციელონ მოკლევადიანი პროექტები და იმუშაონ ისეთ აქტუალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა:

 

პროექტი#1 

სამოქალაქო ინიციატივის კლუბი – “რესპუბლიკის სალონი” საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. თბილისი, გორი, ტყიბული.

ჯგუფის წევრები: ანი კახიძე, ვიკა კახიძე, ლიკა გოდერძიშვილი.

პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ორ რეგიონში, ხუთ სასწავლო დაწესებულებაში  შეიქმნება შემეცნებითი კლუბები, რომელსაც უხელმძღვანელებენ გადამზადებული მასწავლებლები. პროექტის მიზანია საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინფორმირებულობა თანამედროვე საქართველოს სამოქალაქო გამოწვევების შესახებ, ასევე, მათი წახალისება, რომ მომავალში აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხებზე. 

პროექტი #2

 თანასწორობა მრავალფეროვნებაში. ხაშური

ჯგუფის წევრები: მარიამ ლომიძე, სალომე ჭავჭავაძე, ზურა მინაძე.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გოგონებისა და ბიჭების თანაბარ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, მათი ცნობიერების გაზრდას გენდერული თანასწორობის, სქესისა და გენდერის, გენდერული დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ. Პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ორი ჯგუფი, რომელებიც გადმოსცემენ მათი თვალით დანახულ გამოწვევებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ და ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინფორმაციო კამპანიაში. 

პროექტი #3

მეგობარი თაობები. ზუგდიდი.

ჯგუფის წევრები: ედუარდ ფარცვანია, ნანა შედანია, ანა გაბელაია.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთობლივი აქტივობებისა და რესურსების გაზიარების გზით.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 ახალგაზრდა და 10 ხანდაზმული ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც სოციალური საწარმო „მეგობარის“ სივრცეში გამართავენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ხედვებსა და გამოცდილებას.

პროექტი #4

ახალგაზრდების პროფესიული შესაძლებლობების განვითარება მედია მიმართულებით. ქუთაისი, ხონი.

ჯგუფის წევრები: მარიამ მანაგაძე, ნატალი ჩაკვეტაძე, საბა ჭრელაშვილი.

პროექტი მიზნად ისახავს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებას. კერძოდ, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ პროფესიულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მენტორი მათ მისცემს პროფესიულ რჩევებს, თუ როგორ განვითარდნენ პროფესიულად და როგორ განსაზღვრონ თავიანთი პოტენციალი. ამასთან, პროექტის მონაწილეები რეალურად ჩაერთვებიან პროფესიულ საქმიანობაში და Learning by doing (სწავლა პრაქტიკაში) მეთოდის გამოყენებით უშუალოდ შეძლებენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროექტი #5

დაამსხვრიე გენდერული სტერეოტიპები. ბოლნისი.

ჯგუფის წევრები: გვანცა მიქაუტაძე, თამარ ჭუმბურიძე, თათია გეთია, თათა ბოჭორიშვილი, სოფო მაღალდაძე.

პროექტის მიზანია ბოლნისის რაიონის სამი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გენდერულ სტერეოტიპებსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, შერჩეულ სამ სკოლაში დაგეგმილია ფორუმ-თეატრის, ფილმის ჩვენებისა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.  

მცირე საგრანტო პროექტები ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ერთ-ერთი კომპონენტის, კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა #YouthforAction ფარგლებში, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.

, , , , , , , , , ,