გამმიჯნავი ხაზების პრობლემა საქართველოს პარტიულ პოლიტიკაში: მიზეზები და შედეგები

გივი სილაგაძე

ბერლინის კედლის დანგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდებოდა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების სახელმწიფოებრივ განვითარებას. ამ მოვლენებმა განაპირობა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში (და არამარტო) ისეთი პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა არაკომუნისტურ და არასოციალისტურ პარტიებს მიეცათ ხელისუფლებისთვის ბრძოლის საშუალება. ამ კუთხით, გამონაკლისი არც საქართველოა; უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩამოყალიბდა პარტიული სისტემა, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი პარტია იღწვის ხელისფულებაში მოსახვედრად. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და დღესდღეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებობს 242 პოლიტიკური პარტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული მოსაზრებით, პოლიტიკური და პარტიული სისტემა საქართველოში საკმაოდ მყიფეა და პარტიებს უჭირთ საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის დამყარება. საქართველო რეგიონში გამოირჩევა იმითაც, რომ ყოფილი მმართველი პარტიები უბრალოდ ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც პროცესებს არაწინასწარპროგნოზირებადს ხდის და შედეგად, პარტიები ვეღარ ახერხებენ თავისი ფუნქციების შესრულებას.

ნახვა გადმოწერა

Related Posts