სტრატეგიული კომუნიკაციები და კრიზისების მართვა: საქართველოსა და ლიეტუვის გამოცდილების ანალიზი

ლევან კახიშვილი, დონატას პუსლისი

დემოკრატიზაციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის კონტექსტში, შიდა პოლიტიკური კრიზი, რომელიც საგარეო შოკით ან შიდა დინამიკით არის გამოწვეული, საქართველოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს. მსგავსი კრიზისი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ შიდა წესრიგს, არამედ აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს გარე აქტორებთან. შესაბამისად, მთავრობის კრიზისის მართვის სტრატეგია საჭიროებს ანალიზსა და წარმატებული ან წარუმატებელი გამოცდილების გააზრებას ეროვნული მედეგობის გასაზრდელად. წინამდებარე დოკუმენტში, ლიეტუვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარმოდგენილია მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მსგავსი ღონისძიებები ეროვნული მედეგობის გასაძლიერებლად. ნაშრომში განხილულია საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითები. პირველ მაგალითად წარმოდგენილია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულად მიმართა. მეორე შემთხვევა ბორდერიზაციის მიმდინარე ინციდენტებს, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი მესაზღვრეებისა და დე-ფაქტო უწყებების მხრიდან მიწის მიტაცებისა და ფიზიკური ბარიერების – მავთულხლარეთების, თხრილებისა და ღობეების – მოწყობის ფაქტებს უკავშირდება. მსგავსი შემთხვევები საზოადოებაში ვნებათაღელვას იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ამგვარი ინციდენტების პრევენციის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს. წინამდებარე ნაშრომის მიზნებისთვის, საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავს ინციდენტებზე რეაგირება ეფექტური კრიზისების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების თვალსაზრისით წარუმატებელ ნაბიჯადაა შეფასებული. ნაშრომში განხილულია წარუმატებელი ღონისძიებები და მსგავსი შემთხვევებისგან მიღებული გამოცდილება.

კვლევაში ასევე განხილულია ლიეტუვის გამოცდილება და წარმატებული კრიზისების მართვის მაგალითები. პირველ მაგალითად განხილულია 2018 წლის მასწავლებლების გაფიცვა. გაფიცვა მასწავლებლების ხელფასის ახალ მოდელზე გადასვლის რეფორმამ გამოიწვია, რაც ხელფასის დადგენას ნამსახურების შესაბამისად გულისხმობდა. განათლების სამინისტრომ მსგავსი ცვლილებები ლიეტუვის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ განახორციელა, რომელთა შორისაცაა ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობის საგრძნობი კლება და ლიეტუვის მასწავლებლების საშუალო ასაკის მკვეთრი ზრდა. [1] თუმცა ხელფასის ახალი მოდელის შემოღების შემდეგ მასწავლებლების მხოლოდ 5%-ს ჰქონდა ნამსახურების სრული ვადა და მათი ერთი მესამედის ხელფასი, გადასახადების ჩათვლით [2], 500 ევროს [3] შეადგენდა. ახალმა სისტემამ და საზოგადოებისთვის მისი წარდგენის გზამ მასწავლებლების ერთ-ერთი პროფესიული კავშირის პროტესტი გამოიწვია და ფართომასშტაბიან დემონსტრაციად იქცა, რასაც შემდგომ განათლების მინისტრის გადადგომა მოყვა. მეორე შემთხვევა უკავშირდება იმას, თუ როგორ წარმოაჩენდა რუსეთი ლიეტუველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააქტიურდნენ, როდესაც საბჭოთა წითელმა არმიამ ნაცისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები „გაათავისუფლა“. 2017 წელს, როდესაც ნატომ ლიეტუვის თავისუფლების მებრძოლების შესახებ ფილმი წარადგინა, რუსეთმა დეზინფორმაციის კამპანია გააქტიურა, რამაც ლიეტუვის მთავრობის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოითხოვა.

კვლევის პროცესში, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან მთავრობების მიერ კრიზისების მართვის სტრატეგიების შესაფასებლად. ამასთან, საქართველოს კონტექსტში, გაანალიზდა საზოგადოებრივი აზრის კვლევების მონაცემები იმის დასადგენად, თუ როგორ აფასებს ქართული საზოგადოება მთავრობის კრიზისების მართვის სტრატეგიას. დასასრულს, შეფასდა წამყვანი პოლიტიკური ფიგურების საჯარო განცხადებები იმის გასაგებად, თუ რა ტიპის სტრატეგიულ დისკურსს იყენებენ პოლიტიკოსები შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს. საქართველოსა და ლიეტუვაში როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი შემთხვევების შეფასების საფუძველზე, ნაშრომში საქართველოს მთავრობისთვის გასათვალისწინებელი გამოცდილებაა წარმოდგენილი.

ნახვა გადმოწერა

[1] მასწავლებლების ნახევარზე მეტი ასაკით 55 წელზე მეტისაა, ხოლო ახალგაზრდა მასწავლებლების (25 წელზე ნაკლები) რაოდენობა 2011-2017 წლებში 71%-ით შემცირდა. VZ.lt, “Mokytoju pradeda dirbti tik kas penktas pedagogikos studentas”. ხელმისაწვდომია: https://www.vz.lt/vadyba/personalo-valdymas/2018/10/04/mokytoju-pradeda-dirbti-tik-kas-septintas-pedagogikos-studentas. ნანახია: 9 ნოემბერი 2019.
[2] Delfi.lt, 2018. “Prezidentė patvirtino etatinį mokytojų apmokėjimo modelį“. ხელმისაწვდომია: https://www.delfi.lt/news/daily/education/prezidente-patvirtino-etatini-mokytoju-apmokejimo-modeli.d?id=78486329. ნანახია: 29 ოქტომბერი 2019.
[3] 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ლიეტუვაში საშუალო ბრუტო ხელფასი (გადასახადებამდე) 1262,7 ევროს შეადგენდა. ხელმისაწვდომია: https://www.vz.lt/verslo-valdymas/personalo-valdymas/2019/05/28/vidutine-alga-i-rankas-lietuvoje-perkope-800-eur. ნანახია: 9 ნოემბერი 2019.

Related Posts