Author
ირაკლი სირბილაძე
ირაკლი სირბილაძე
ვენესუელაში მიმდინარე მასობრივმა სახალხო პროტესტმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მადუროს რეჟიმის მზარდ ავტორიტარიზმზე რეაგირებაა, მკაფიო საგარეო განზომილება მას შემდეგ შეიძინა, რაც 2019 წლის 23 იანვარს ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მისი დროებითი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობის აღიარება მოჰყვა.
ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი ოპოზიციური წინააღმდეგობა (ყველაზე მასშტაბური 2017 წლის პროტესტის შემდეგ) განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ვენესუელაში დარღვევებისა და გაყალბების ფონზე მიმდინარე 2018 წლის 20 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის პოსტი კვლავ შეინარჩუნა. არჩევნების ლეგიტიმურობა დაგმო 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ (ე.წ. „ლიმას ჯგუფი“, რომელიც 14 ქვეყნისგან შედგება) და ასევე საქართველომ. არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა რუსეთმა, ჩინეთმა, კუბამ და დამატებით 20-მდე სახელმწიფომ.
მიუხედავად წინააღმდეგობისა, ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 2019 წლის 10 იანვარს შეუდგა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მადუროს პრეზიდენტობა არალეგიტიმურად ცნო, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად ხუან გუაიდო გამოაცხადა და მთავრობის ფუნქციების შესრულების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის საპასუხოდ, მადუროს მიერ კონტროლირებადმა ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ეროვნული ასამბლეა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და გააუქმა მისი გადაწყვეტილება ხუან გუაიდოს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ. 2019 წლის 23 იანვარს, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.
- კრიზისთან დაკავშირებით რა პოზიცია უჭირავთ დიდ სახელმწიფოებს?
ვენესუელის კრიზისის ინტერნაციონალიზაციას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ხუან გუაიდოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებამ დაუდო სათავე. ამერიკის ამ ნაბიჯმა, დომინოს ეფექტით, სხვა სახელმწიფოების მხრიდან ამერიკის ქმედების მიბაძვა განაპირობა. ხუან გუაიდო ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარეს ასევე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ რაც ნიკოლას მადურომ მათი მოწოდება მითითებულ ვადაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ არ შეასრულა. მეორეს მხრივ, მადუროს რეჟიმს სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა და სხვა ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა.
ვენესუელის კრიზისიც, მსგავსად წარსული შემთხვევებისა, რომლებიც კონფლიქტთან და რეჟიმის ცვლილების საკითხთან იყო დაკავშირებული, დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. ჩინეთისა და რუსეთისათვის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და სუვერენიტეტის ნორმა გადაწონის ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ ე.წ. ‘პოსტ-სუვერენიტეტის’ დოქტრინას, რომელიც ყველაზე ნათლად ‘პასუხისმგებლობა დაცვაზე’ (Responsibility to Protect) პრინციპში გამოიხატება და რომელიც, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა და როდესაც სამიზნე სახელმწიფო თავად ხდება ადამიანის უფლებათა დამრღვევი, უშვებს სუვერენიტეტის პრინციპზე ადამიანის უფლებების დაცვის უპირატესობას და საერთაშორისო საზოგადოებას აკისრებს ქმედების პასუხისმგებლობას.
თუმცაღა, აღნიშნული მხოლოდ მაშინ მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში თუ ის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე ხორციელდება, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრის თანხმობა სჭირდება. მაშინ როდესაც ეს თანხმობა მოპოვებადია, საერთაშორისო საზოგადოება ახერხებს აგრესიის შეკავებას (1991 წლის ინტერვენცია ერაყში) ან ადამიანის უფლებათა დაცვას (2011 წლის ინტერვენცია ლიბიაში), ხოლო უმეტეს შემთხვევაში ამ თანხმობის არარსებობა კიდევ უფრო აძლიერებს და ახანგრძლივებს ადამიანთა უფლებების მასშტაბურ დარღვევასა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას (სირიის სამოქალაქო ომი).
მართალია კრიზისი ვენუსუელაში ჯერ სამოქალაქო ომში არ გადაზრდილა, თუმცა კრიზისის გეოპოლიტიზირებამ და დაპირისპირებულად ბანაკებად დაყოფილი დიდი სახელმწიფოების პოზიციებმა ბუნდოვანი გახადა კრიზისის განვითარების შემდგომი ეტაპები.
- რა ფაქტორები განაპირობებს მადუროს რეჟიმის სტაბილურობას?
მადუროს მიერ რეჟიმის შენარჩუნების მთავარი საფუძველი მის მიმართ სამხედროების მხრიდან ჯერ კიდევ არსებული ლოიალობა და სამხედრო გადატრიალების ნაკლები საფრთხეა. ქლეითონ ბისოს თანახმად, მადუროს რეჟიმს სავარაუდოდ არ ელოდება სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე, თუმცა ეს საფრთხე იზრდება მადუროს ძალაუფლებაში დარჩენის ხანგრძლივობასთან ერთად.
მიუხედავად ამ პროგნოზისა, ალტერნატიული ხელისუფლების აღიარება სხვა სახელმწიფოების მხრიდან მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის წესებს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაზე, კერძოდ კი ნავთობის სახელმწიფო კომპანიაზე (PDVSA), დაკისრებული სანქციები მადუროს რეჟიმის დასუსტებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ეკონომიკური სანქციების ეფექტურობა გაიზრდება თუ კი მადურო თანდათანობით დაკარგავს გენერლების მხარდაჭერას, რომლებითაც, როგორც ოელსნერი და მერკე აღნიშნავენ, „მადურომ კაბინეტი გაავსო“. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროზე დაკისრებული ფუნქცია კოორდინაცია გაუწიოს საკვები პროდუქტების იმპორტს, წარმოებას, გაყიდვასა და განაწილებას, სამხედროებს ეკონომიკური პოლიტიკის სათავეში აქცევს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწის, ჯონ ბოლტონის, მიმართვა სამხედრო ლიდერებისადმი დადგნენ ვენესუელელი ხალხის მხარეს, სწორედ კრიზისის შემდგომ განვითარებაში არმიისა და უშიშროების ძალების მნიშვნელობის დამადასტურებელია.
ამის მიუხედავად, მადუროს რეჟიმის შენარჩუნების კიდევ ერთი ფაქტორი მისდამი სხვა დიდი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი რუსეთისა და ჩინეთის, მიერ გამოცხადებული მხარდაჭერაა. კრიზისისადმი დიდი სახელმწიფოების ყურადღების მიპყრობა და კრიზისში კონკრეტული ძალის ინტერესი ამცირებს სამხედრო ინტერვენციისა და ამით რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობას.
გარდა რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების წინააღმდეგობისა, საგარეო ინტერვენციების წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ვენესუელაში რეჟიმის ცვლილების მიზნით სამხედრო ინტერვენციის მხარდაჭერის მოპოვება ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი უახლოესი მოკავშირეებისგან და ქვეყნის შიგნითაც შეიძლება გაუჭირდეს, რაც კრიზისის შემდგომ განვითარებას შიდა ფაქტორებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა, სამხედრო ინტერვენციის მიმართ ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობაც, რომელთა 63 პროცენტი მხარს უჭერს „მოლაპარაკებების გზით მადუროს ხელისუფლებისგან წასვლის უზრუნველყოფას“.
ამის მიუხედავად, სხვა თანაბარ პირობებში (არათანაბარი პირობები მადუროს მხრიდან მოსახლეობაზე ძალის გამოყენებასა და სამოქალაქო ომის დაწყებას შეიძლება გულისხმობდეს), მადუროს რეჟიმი გაგრძელდება ვიდრე ის ინარჩუნებს არმიის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვან კონტროლს ფინანსურ რესურსებზე.
- რამდენად მოსალოდნელია კრიზისში რუსეთის სამხედრო მონაწილეობა?
რუსეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ვენესუელას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, განსაკუთრებით ამ მხრივ აღსანიშნავია რუსული ენერგო და სამხედრო კომპანიების ინტერესები ვენესუელაში და რუსეთის სურვილი, შეინარჩუნოს სტრატეგიული კავშირები ამერიკის კონტინენტზე.
2018 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ვენესუელაში ბირთვული ბომბდამშენების ერთობლივი წვრთნებისთის განთავსება და გავრცელებული ინფორმაცია ვენესუელაში ე.წ. ‘ვაგნერის ჯგუფის’ ყოფნის შესახებ აძლიერებს შესაძლებლობას, რუსეთმა ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, ეცადოს მადუროს რეჟიმის შენარჩუნება. რუსეთის ინტერესი და ჩართულობა ვენესუელის კრიზისში განსაკუთრებით კარგად ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის შეპირისპირების ჭრილში აიხსნება. ავტორიტარული რეჟიმის ცვლილებისა და შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერ წარმატებულ პრეცედენტს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ აღიქვამს, რადგან ეს, რუსეთის პოლიტიკური ელიტის აღქმით, საფუძველს უდებს რეჟიმის ცვლილების რუსეთში განხორციელების თეორიულ შესაძლებლობას.
იმ შემთხვევაში თუ ვენესუელაში განვითარებული პროცესების შედეგად სამხედრო ინტერვენციის საჭიროება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა, გარდა იმისა, რომ რუსეთი შეეცდება ამერიკის ინტერვენციის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო პლატფორმებისა და ვეტოს უფლების გამოყენებას, ერთ-ერთ ვარიანტად შესაძლებელია ვენესუელის კრიზისის ამერიკასა და რუსეთს შორის ე.წ. proxy war-ად გადაქცევის განხილვა. მადუროს დასაცავად რუსეთი შეეცდება გამოიყენოს ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რაც სამხედრო ან არასამხედრო გზებით რეჟიმის შენარჩუნებას გულისხმობს. რუსეთი ამ მხრივ სირიიის გამოცდილებასაც დაეყრდნობა.
ვენესუელაში რუსეთის პირდაპირი ან არაპირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური ჩარევა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს ახალ დაძაბულობას შესძენს, რადგან ეს იქნება ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველი შემთხვევა როცა რუსეთი ამერიკის ჰეგემონიას ამერიკის კონტინენტზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამან, თეორიულად, შესაძლოა საფუძველი დაუდოს რუსეთსა და ამერიკას შორის გაძლიერებულ გეოპოლიტიკურ შეჯიბრებითობას. რუსეთის მიერ ამერიკის გავლენის სფეროში შეჭრამ შესაძლოა გააძლიეროს ამერიკის უფრო აქტიური ჩართულობა რუსეთის სამეზობლოში და დემოკრატიული სახელმწიფოების, როგორიც არის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, კიდევ უფრო მხარდაჭერა. ამავდროულად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უფრო მეტად გააფართოვოს რუსეთზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციები, რამაც რუსეთს შესაძლოა ეკონომიკური პრობლემებისგან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად ახლო სამეზობლოში დივერსიული ომის წარმოებისაკენ უბიძგოს.
- როგორია საქართველოს როლი კრიზისში?
ვენესუელასა და საქართველოს შორის ურთიერთობები 2009 წელს გართულდა, როდესაც ვენესუელამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ვენესუელის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომელშიც საქართველომ ვენესუელის ნაბიჯი „უკიდურესად არამეგობრულ ქმედებად“ და „საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ხელაღებით დარღვევად“ შეაფასა.
2013 წელს უგო ჩავესის გარდაცვალებისა და პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს არჩევის შემდეგ ვენესუელის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” აღიარების შესახებ არ შეცვლილა. საქართველოს პოზიციაც ვენესუელასთან მიმართებით უცვლელი დარჩა, რაც გამოიხატებოდა, პერიოდულად, საქართველოს მხრიდან ვენესუელაში მიმდინარე არჩევნების არასამართლიანი და არადემოკრატიული ხასიათის ხაზგასმით, რაც შესაბამისობაშია 2009 წელს განვითარებულ მიდგომასთან, რომელიც ვენესუელის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას დიქტატორული რეჟიმის პოლიტიკად და არა მოსახლეობის დემოკრატიული ნების გამოხატულებად მიიჩნევს.
2019 წლის 10 იანვრის განცხადებით კი- რომელიც, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერების ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე დასწრების არალეგიტუმურობის ჩვენებას ემსახურებოდა- საქართველო „როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას“ და ასევე „არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს“. 2019 წლის 23 იანვარს კი საქართველო ერთ-ერთი პირველი შეურთდა იმ ქვეყნების რიგებს, რომლებიც ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებენ.
- რა შეიცვლება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხრივ?
საქართველოს მიერ ხუან გუაიდოს ლეგიტიმურ გარდამავალ პრეზიდენტად ცნობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. პირველი, იმ შემთხვევაში თუ მადუროს რეჟიმი დაკარგავს ლეგიტიმაციას და ოპოზიცია მოიპოვებს გამარჯვებას, იზრდება ვენესუელის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან გაწვევის შანსები. ეს, მათ შორის, უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წელს მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს იმ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებას, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და ამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია ვენესუელასა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც საფუძველს დაუდებს ვენესუელის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევის შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.
მეორეს მხრივ, გარდა იმისა, რომ საქართველომ აქტიურად უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვენესუელის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან გაწვევის საკითხის დღის წესრიგში დაყენებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით, კიდევ უფრო გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უკეთ განხორციელებას. საქართველოს პოზიციებისა და პოლიტიკის საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკასთან და პოზიციებთან თანხვედრა პროაქტიულად უნდა გამოიყენებოდეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მისაღწევად.
ამავდროულად, იმ შემთხვევაში თუ ვენესუელაში მიმდინარე კრიზისი არ დამთავრდება საქართველოსთვის სასურველი შედეგებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან და საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკასთან თანხვედრაში მყოფი ნაბიჯების გადადგმა. გარდა ამისა, რუსეთსა და ვენესუელას შორის უკვე არსებული ურთიერთობების ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, საქართველო უნდა მოემზადოს სცენარისთვის, სადაც ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად არ ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება.
თუ როგორ დასრულდება ვენესუელის კრიზისი გავლენას მოახდენს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ აჩვენებს თუ რამდენად შესწევთ ავტორიტარულ რეჟიმებს უნარი ძლიერი ავტორიტარული სახელმწიფოების დახმარებით შეინარჩუნონ ძალაუფლება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. მსოფლიო პოლიტიკის დონეზე კი, კრიზისი აჩვენებს შესაძლებელია თუ არა ეკონომიკური სანქციებით რეჟიმის ცვლილების მიღწევა, თუ რეჟიმის ცვლილების ერთადერთ ძლიერ მექანიზმად კვლავ სამხედრო ინტერვენცია დარჩება.
გარდა ამისა, როგორც მსოფლიოსთვის ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაკვირვება იმაზე თუ რა ხარისხითა და რა საშუალებებით ჩაერთვება რუსეთის ფედერაცია ვენესუელის კრიზისში, რა გავლენა ექნება ამას ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე და რა იქნება ამ ურთიერთობების გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთისა როლსა და საქართველოსა და უკრაინის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე.
- ირაკლი სირბილაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი
- აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.