30/09/2021 keta

ვირტუალური დისკუსია: საქართველოს დემოკრატიის გამოწვევა ადგილობრივი არჩევნების წინ: ბრუსელის ხედვა

29 სექტემბერს, ევროპარლამენტარებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე და განიხილეს საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებული  გამოწვევები.

გამომდინარე იქედან, რომ შარლ მიშელის შუამავლობით შემდგარი ინტერპარტიული შეთანხმების შემდეგ ქვეყანა ემზადება მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის, ამ დროს ევროპელი პარტნიორების ყურადღება მეტად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიული რეფორმები დარჩეს პრიორიტეტად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში.

ერთ საათიანი შეხვედრის განმავლობაში, ევროპარლამენტარებმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა და პეტრას აუსტრევიჩიუსმა მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და განიხილეს ამჟამინდელი ურთიერთობები თბილისსა და ბრიუსელს შორის.  ევროპელმა კანონმდებლებმა წინა საარჩევნო გარემოს შეფასებისას დაადასტურეს, რომ ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში. მათ ხაზი გაუსვეს თავიანთ მოლოდინს, რომ არ დაირღვევა წლის დასაწყისში გაფორმებული ინტერპარტიული შეთანხმების პრინციპები. 

მის ფონ კრამონ-ტაუბადელმა გამოხატა ეჭვი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მისასვლელად ქართველ ამომრჩეველს მოტივაცია აღარ აქვს.

 „პოლიტიკოსები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ თავიანთი პარტიების, არამედ თავიანთი ქვეყნის წინაშე,“ – თქვა ევროპის პარლამენტის წევრმა.

მისტერ აუსტრევიჩიუსმა პოლიტიკურ კულტურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს არსებული დაძაბული წინასაარჩევნო გარემო უკიდურესი პოლარიზაციით გამოირჩევა.

 „ჩვენი მოლოდინები საქართველოში ამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით არის: თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და შედეგების მიმღებლობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან <…> ეს ადგილობრივი არჩევნები იქნება ნდობის ხმა.“ აღნიშნა ევროპარლამენტარმა და დაამატა, რომ ეს არჩევნები არის შანსი ქვეყანამ გადალახოს შეუმდგარი სახელმწიფოს სტატუსი: „საქართველოში დემოკრატიზაცია არის ევროპეიზაციის ძირითადი  ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი პროცესი ერთდროულად წარიმართოს.“

დოქტორმა ნონა მიხელიძემ,  Istituto Affari Internazionali (IAI) (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი)-ის საბჭოს უფროსმა წევრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს ძლიერი, მყარი და პრინციპული, საჭიროების შემთხვევაში შემოიღოს ფინანსური და პირობითი ზომები.

 „სხვა მხრივ, ეს არის უსამართლობა არა მხოლოდ ევროპელი გადასახადების გადამხდელებისათვის, არამედ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირიადმი ნდობას  ლიბერალური აზროვნების ქართველ ამომრჩეველში.“

როგორც დოქტორი მიხელიძე აღნიშნავს, დღევანდელი დემოკრატიის ხარვეზები საქართველოში, მეტყველებს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევებზე, არამედ, საქართველოში ევროკავშირის დემოკრატიის მეტი პოპულარიზების საჭიროებაზე.

ღონისძიების მისასალმებელ ნაწილში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF)  ევროპული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ.

პანელური დისკუსიის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმოამდგენლები. შეხვედრის მოდერატორი გახლდათ გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის (SWP) სამეცნიერო სამმართველოს უფროსის მოადგილე დოქტორი, ფრანჩისკა სმოლნიკი. მრგვალი მაგიდის დისკუსია ორგანიზებულია პროექტის „საქართველოს ევროპეიზაცია: პროგრესის შეფასება 2020 წლის შემდეგ“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ.

 

, , , ,