Author

30/09/2021 ნინო სამხარაძე

საქართველო დემოკრატიზაციის ჰორიზონტზე: რატომ არის 2021 წლის არჩევნები მეტი, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები?

ნინო სამხარაძე [1]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ტარდება საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის უკიდურესად მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ორმაგი კრიზისით ხასიათდება: ერთი მხრივ, ქვეყანა შიდადემოკრატიული განვითარების დაღმავალ ტენდენციას აფიქსირებს, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას არც თუ ისე სახარბიელო შედეგები აქვს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობების დინამიკაში. ამ ფონზე, მოახლოებული არჩევნები, უფრო ფართო კონტექსტში, არის ერთგვარი ტესტი იმის საჩვენებლად, თუ რა გეზი აქვს აღებული ხელისუფლებას დემოკრატიული განვითარების გზაზე. და, შესაბამისად, სწორედ ამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს პოტენციალი, ორივე ფრონტზე პოზიტიურად შეცვალოს ქვეყნის განვითარების მიმართულება. აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მნიშვნელოვანია იმაზე მსჯელობა, თუ რატომ არის 2021 წლის არჩევნები მეტი, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები.

 

რა კონტექსტში ტარდება არჩევნები 2021 წელს?

ბოლო ხანებში, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესები ხშირად იწვევს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას, რომლის ფარგლებშიც, როგორც წესი, ძირითადი აქცენტი კეთდება ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული პროცესისთვისთვის საზიანო ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე. მმართველი „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების დატოვება, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმართვა, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ელჩებისა თუ სხვა მაღალი რანგის პირების სავარაუდო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა და მსგავსი შემთხვევები, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მიუთითებს საშიშროებაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს კეთილი ნება, დემოკრატიული დაღმასვლის ტენდენცია შეაჩეროს. ამგვარად, არ უნდა არსებობდეს მოლოდინი იმისა, რომ ბოლო წლების დინამიკა, ამ მხრივ, შეიცვლება და 2021 წელს საქართველო რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას აჩვენებს.

ამ არასასურველი წინაპირობების გათვალისწინებით, ოქტომბრის არჩევნები, პრაქტიკულად, ერთადერთი შანსია, რომ საქართველოს ხელისუფლება დარჩეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის რელსებზე და დაუდასტუროს ეს დასავლურ სამყაროსაც. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ მმართველმა ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებს უფრო ფართო – ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების და სტრატეგიული საგარეო ამოცანების – კონტექსტში შეხედოს და მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ქვეყანა მორიგ პოლიტიკურ კრიზისში შევა და ევროკავშირთან და აშშ-სთან დემოკრატიული განვითარების ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო შეფერხდება, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს დასავლური პრინციპების სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს საბოლოოდ შეუცვლის მიმართულებას.

შიდაპოლიტიკური განზომილება: პოლიტიკური კულტურის ბუნდოვანი პერსპექტივა

პოლიტიკური დიალოგის უტოპიურობა

მიმდინარე წინასაარჩევნო გარემო იმის დასტურია, რომ პარტიების მხრიდან კვლავ ვერ ხერხდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ნათლად აჩვენა ქართული პოლიტიკური ელიტის მოუმწიფებლობა და უუნარობა, ეწარმოებინათ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები და, ამ გზით, მაქსიმალურად აეცილებინათ თავიდან დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი სხვა პროცესების შეფერხება.

ამ მხრივ, განსაკუთრებით იმედისმომცემი არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ენის შემცველი ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ გამოფენა, სახელისუფლებო პარტიის მიერ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გამოჩენაზე უარის თქმა, ზოგიერთ შემთხვევაში, ოპოზიციური ლიდერების მიერ საჯარო დებატის ბოიკოტი თუ ევროკავშირის საელჩოს წინ ლიდერების დაპირისპირება უკარგავს საარჩევნო პროცესს კონსტრუქციულ სახეს და არც იმის იმედს იძლევა, რომ პოლიტიკური ელიტა მზად არის სამომავლო საგნობრივი თანამშრომლობისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხების შესახებ, როგორიცაა გაძლიერებული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

საგნობრივი დისკუსიის გაქრობა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, განსაკუთრებით გამძაფრებულ აგრესიულ ფონთან ერთად, ამომრჩეველი პარტიებისგან იღებს მეტისმეტად ზოგად და არასაგნობრივ კამპანიას. თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს სწორედ ის შესაძლებობაა, სადაც პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად ახლოს უნდა მივიდეს ლოკალურ პრობლემებთან და განსაკუთრებული სიზუსტით წარადგინოს მათი მოგვარების გზები. თუმცა, ერთი მხრივ, მმართველი პარტია, უმეტესად, ისეთ განზოგადებულ და პოპულისტურ გზავნილებზე ორიენტირდება, როგორიცაა, მაგალითად, ტურიზმი. მეორე მხრივ, ოპოზიციურ სპექტრს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი რეჟიმის ცვლილებისთვის, რაც, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ასეც იყოს, თუმცა ამის პარალელურად, ცხადი ხდება, რომ ძირითად პარტიებს მხედველობიდან რჩებათ საგნობრიობა და პრობლემებზე ორიენტირება.

აღნიშნულზე მსჯელობა, შესაძლოა, განვავითაროთ მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით: ერთი მხრივ, სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ პოლიტიკურ პარტიებს რეალისტური პროგრამების შემუშავების უნარი ან კეთილი ნება კვლავ არ გააჩნიათ, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო, როგორც წესი, სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა იყოს. მეორე მხრივ, პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ვნებათაღელვამ, რომელიც გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის ანონსმა 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, და რომელმაც, ფაქტობრივად, გადაფარა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი აქტუალური საკითხები, აჩვენა, თუ რა მასშტაბებით განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკურ კულტურას ლიდერის და პერსონის ფაქტორი.

საგარეოპოლიტიკური განზომილება: შეძლებს ხელისუფლება ქართული დემოკრატიის დაცვას დასავლეთის თვალში?

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც დღეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე დგას, არის ბოლო დროს დასავლეთის გამკაცრებული ტონი, რაც მათი მხრიდან ინტერესის კლების წინაპირობაც, შეიძლება, იყოს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებად კეთილგანწყობილი ხდება დასავლური საზოგადოება საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლების მიმართ და აღნიშნული არჩევნები ამ ტენდენციის შეცვლის, პრაქტიკულად, უკანასკნელი იმედია. ამ ეტაპზე, მოახლოებული არჩევნები საუკეთესო საშუალებაა, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან შიდადემოკრატიული განვითარების კონტექსტში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა.

თუმცა, წინასაარჩევნო კონტექსტში, არც ამ მიმართულებით იკვეთება მაინცდამაინც იმედისმომცემი ტენდენცია: დასავლეთის მრავალფეროვანი შენიშვნების ფონზე, ისეთი ავტორიტეტული სუბიექტები, როგორიცაა ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ვენეციის კომისია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ., ქართული ოცნებისგან პასუხად კრიტიკას იღებენ. მხოლოდ ევროკავშირის ელჩის მიმართ ეს რამდენჯერმე მოხდა. ხოლო ქართული ოცნების ლიდერების თქმით კი, „საჭიროების შემთხვევაში“ დიპლომატების მოსმენაც მისაღებია. მსგავსი ტენდენცია, უფრო გრძელვადიან პერიოდში, ხელისუფლებას არასასურველ შედეგებამდე მიიყვანს დასავლეთის ინტერესის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჯო ბაიდენის გლობალური დემოკრატიის სტრატეგია: დეკემბერში დაანონსებულ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს როგორც ბრიუსელის, ისე, ვაშინგტონის ფოკუსში ადგილის შესანარჩუნებლად. თუმცა, კონკრეტული არჩევნების დემოკრატიულობის შესახებ აშშ-ის საელჩომ უკვე გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება, ხელიდან გაუშვას შანსი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტიულობის დასამტკიცებლად.

შეჯამება: რატომაა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე?

ამგვარად, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს გაცილებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, ვიდრე ოდესმე. საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება, რომ, ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, ნებისმიერი შანსი გამოიყენოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის გასავითარებლად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეოპოლიტიკური განვითარების ორივე ფრონტზე ფუნდამენტური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის გამწვავება, კიდევ უფორ რადიკალური პოლარიზაცია და ტურბულენტური პოლიტიკური გარემო, რაც, დიდი შანსია, პოსტსაარჩევნო პერიოდში განვითარდეს, დამატებითი ბარიერია ბევრად უფრო საგნობრივ, პრობლემაზე ორიენტირებულ, რეფორმებისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელების გზაზე. რაც, თავის მხრივ, საგარეოპოლიტიკურ ველზე კიდევ უფრო გაართულებს და გააცივებს სტრატეგიულ ურთიერთობებს დასავლურ ქვეყნებთან, რაც, საბოლოოდ, აშშ-ისა და ევროკავშირის ტრადიციული მხარდაჭერის დაკარგვაში გამოიხატება.

 

[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

, ,