30/11/2020 keta

ვირტუალური კონფერენცია: სწრაფვა ეფექტიანი სახელმწიფოსთვის

2020 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრთან (CASE, პოლონეთი) ერთად, უმასპინძლა ვირტუალური კონფერენციის მეორე პანელს: “სწრაფვა ეფექტიანი სახელმწიფოსთვის.” დეცენტრალიზაციისა და მოდერნიზაციის პოლონური გამოცდილება, სომხეთისა და საქართველოსთვის რელევანტური გაკვეთილები.

კონფერენციის პირველი პანელი, რომელსაც ორგანიზება გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურმა ცენტრმა (ACGRC, სომხეთი) გაუწია, 2020 წლის 26 ნოემბერს გაიმართა და სომხეთის გამოცდილებაზე იყო ფოკუსირებული. პირველი პანელის ვიდეოჩანაწერი იხილეთ ბმულზე >>

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და საქართველოსა და სომხეთში დეცენტრალიზაციის პრაქტიკის შესახებ გზამკვლევის მომზადებასა და პოლონური გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ორდღიანი ვირტუალური კონფერენცია მოიცავდა პრეზენტაციებსა და დისკუსიებს ადმინისტრაციული რეფორმის გატარების პოლონური გამოცდილებისა და გაკვეთილების შესახებ სომხეთისა და საქართველოსთვის. კონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის ექსპერტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს სომხეთსა და საქართველოდან.

მეორე პანელს მოდერირებას უწევდა სტანისლავ ბიელიეი, სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრის (CASE) პროექტების მენეჯერი. მან წარადგინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონფერენცია მოეწყო და ისაუბრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსების დეცენტრალიზაციის პოლონურ გამოცდილებაზე. დამატებით, აგნიესზკა კულესამ, სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრის (CASE) მკვევარმა, ისტორიულ ჭრილში მიმოიხილა დეცენტრალიზაციის ფაზები და არსებული ადმინისტრაციული დაყოფა პოლონეთში. მან ასევე განიხილა ადგილობრივი მმართველობის აქტივობების დაფინანსება და საჯარო სერვისების უზრუნველყოფის საკითხები.

ქართული მხარის ხედვა კონფერენციის მონაწილეებს, პროექტის გუნდის წევრებმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტიდან (GIP) – გვანცა იჩქითმა და სალომე კანდელაკმა გააცნეს. მათ წარადგინეს ანგარიში “საქართველოში დეცენტრალიზაციის მთავარი საჭიროებები და დამაბრკოლებელი ფაქტორები”, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა. თავიანთ პრეზენტაციაში, მათ ყურადღება მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ იმ გამოწვევებზე გაამახვილეს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე მათ დამოუკიდებლად მოქმედებას უკავშირდება, განსაკუთრებით კი – საჯარო სერვისების მიწოდობის ეფექტიანობის, საერთაშორისო დონორებისგან გრანტების მიღების, ბიუჯეტირების, მიღებული ფონდების მართვისა და თვითმმართველობის საკითხებში ადგილობრივი თემის ჩართვის კუთხით.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, კომენტარები ქართველმა ექსპერტებმაც გააკეთეს. ვირტუალური კონფერენცია აუდიტორიასთან დისკუსიითა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.

ღონისძიება, რომელიც პარალელურად Facebook-ის ლაივშიც გადაიცემოდა, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართა ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

 


 

, , , ,