პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნასა და სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაზე მუშაობას გულისხმობს. სულ 4 სამუშაო ჯგუფში “მომავალ ლიდერთა სკოლის” #ELS2020 კურსდამთავრებულები ერთიანდებიან და ერთი წლის განმავლობაში ისინი მცირემასშტაბიანი პროექტების განახორციელებას გეგმავენ. მათ მენტორობას შესაბამისი დარგის ექსპერტები უწევენ. ყოველკვირეული შეხვედრების საშუალებით მენტორები მჭიდრო კავშირში არიან მონაწილეებთან და ეხმარებიან ჯგუფის წევრებს ცოდნა გაიღრმავონ სხვადასხვა მიმართულებით.
6-7 თებერვალს გაიმართა თემატური ჯგუფების რიგით მეორე კვარტალური შეხვედრა. თითოეული ჯგუფის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად შეაჯამეს პირველ კვარტალში გაწეული სამუშაოები, არსებული გამოწვევები და მომდევნო აქტივობებიც დაგეგმეს.
GIP-ის მხრიდან, მონაწილეებმა მიღეს ინფორმაცია შესაძლო ფორმატების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მათ თავიანთი მიგნებები უნდა წარმოადგინონ.
პირველი კვარტლის ფარგლებში:
- მონაწილეებმა ჩაატარეს ინტერვიუები
- გააანალიზეს შესაბამის საკითხზე/თემაზე არსებული დოკუმენტები
- მოიძიეს და დაამუშავეს ლიტერატურა
- შექმნეს შიდა სამუშაო ჯგუფები გარკვეულ ვადაში კონკრეტული დავალებების შესასრულებლად
- აქტიურად დაიწყო მზადება ახალგაზრდული დემოკრატიის ფორუმისთვის (2021 წლის მაისი).
სამუშაო ჯგუფებმა მათ მიერვე არჩეულ თემებზე მუშაობა 2020 წლის ოქტომბერი/ნოემბრიდან დაიწყეს და 2021 წლის სექტემბერში დაასრულებენ.
ეს სამუშაო თემებია:
- მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება საქართველოში: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
- ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება
- გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიური პრობლემები: ნარჩენების მართვა
- ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა
პროექტს „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.