Author
შოთა ნარსია
შოთა ნარსია
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა საქართველოში ახალი მსჯელობის საგანი წარმოშვა, რაც პარტიული სისტემის მომავალს უკავშირდება. არსებული დისკურსი ემპირიულ და ნორმატიულ განზომილებებში წარიმართება. ერთი მხრივ, იგი მოიცავს არსებული ვითარების შეფასებას და მეორე მხრივ, იმას, თუ რა გვჭირდება მის შესაცვლელად. კენჭისყრის შედეგები ზოგმა ორპარტიული სისტემის წინაპირობად აღიქვა, ზოგმა კი „მესამე ძალის“ საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. ორივე მიდგომა საკმაოდ ზედაპირულია იმისათვის, რომ პარტიული სისტემის წინაპირობები ადეკვატურად განსაზღვროს.
რა აყალიბებს პარტიულ სისტემას?
პარტიული სისტემის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი საარჩევნო სისტემაა. დიუვერჟეს კანონის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ამავე დროს, დიუვერჟეს ჰიპოთეზა განსაზღვრავს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს (Duverger, 1954). შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ აშშ-ში ორპარტიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა, კონსტიტუციის დამფუძნებელ მამებს კონგრესისა და პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი რომ შეემუშავებინათ. დიდ ბრიტანეთს ორპარტიულობის არცერთი ნიშანი აღარ შერჩება, იქ არსებული მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით რომ ჩანაცვლდეს. გერმანიის მრავალპარტიული სისტემა კი პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი საარჩევნო სისტემის არსებობის შედეგია (Manow, 2011). ბოლო პერიოდში მზარდი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე მწვანეთა პარტია და სხვა მცირე პარტიები ვერც კი გაჩნდებოდნენ, ბუნდესტაგში ადგილები სრულად მაჟორიტარული წესით რომ კომპლექტდებოდეს.
საარჩევნო სისტემის გავლენა პარტიულ სისტემაზე მექანიკური და ფსიქოლოგიური ეფექტებით ხასიათდება. მექანიკური ეფექტი ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულის მიერ ყველაფრის მიღებასა და უმცირესობის ხმების კარგვაში გამოიხატება. ეს უკანასკნელი კი ამომრჩეველთა განწყობებზეც ახდენს გავლენას. საკუთარი ხმის დაკარგვის შიშით ისინი უფრო ძლიერ პოლიტიკურ ძალებს აძლევენ ხმას, რასაც პარტიული სისტემა ორ მთავარ მოთამაშემდე დაჰყავს. აღწერილი გარემოება საარჩევნო სისტემის ფსიქოლოგიურ ეფექტს შეესაბამება.
გვაძლევს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ორპარტიული სისტემის მიღების საფუძველს?
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი სრულად პროპორციული სისტემის საფუძველზე, ერთიან მრავალმანდატიან ოლქში აირჩევა. პროპორციული სისტემის არსებობა კი ხელს უშლის ორპარტიული სისტემისკენ გადახრას.
არსებული მდგომარეობით, კვლავ შერეული წევრობის მაჟორიტარული (MMM) სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. შერეული სისტემის ეს ტიპი მანდატების პარალელურ დათვლას გულისხმობს. პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტების მიხედვით მანდატები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ნაწილდება და პარტიების/ბლოკების მიერ მოპოვებული ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობა კომპენსირებას არ ექვემდებარება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე დაიწევს. სავარაუდოდ, მაჟორიტარულ კომპონენტში ადგილების უდიდეს უმრავლესობას კვლავაც გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტი წაიღებს. თუმცა პროპორციულ კომპონენტში დაბალი ბარიერის არსებობა კიდევ რამდენიმე პარტიას მისცემს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად ან ბლოკის სახით, პარლამენტში შესვლის უფლება მოიპოვოს. ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პარლამენტში აუცილებლად მოხვდება სამი პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. არსებულ პირობებში კიდევ ორ პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის საარჩევნო რესურსი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. სხვა პარტიებისა და ახალი პოლიტიკური ძალების შესაძლო მხარდაჭერაზე ამ ეტაპზე რთულია ვისაუბროთ. ამასთან, უახლეს საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს, პარტიული გადაჯგუფების სახით.
ამდენად, პარტიული სისტემის ბიპოლარიზაციისთვის (ორპარტიული სისტემის ტენდენციების გაძლიერება) პროპორციული კომპონენტი ნაკლებ საფუძველს ქმნის. მაჟორიტარული წესი კი ამომრჩეველს აიძულებს, ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთოს არჩევანი. 2016 წლის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც პროპორციულ კომპონენტში ხმების 27% მიიღო, ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის ვერც მეორე ტურებში. მაშინ, როდესაც 0,75%-იანი მხარდაჭერის მქონე „მრეწველების“ კანდიდატმა ხაშურის საარჩევნო ოლქში გამარჯვებას მიაღწია. აღნიშნულის მიზეზს ის წარმოადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ვერ იღებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების მხარდაჭერას. ამომრჩეველთა ამ სეგმენტის წარმომადგენლები შესაძლოა, საერთოდ არ წასულიყვნენ არჩევნების მეორე ტურში ან ხმა ენმ-ის წინააღმდეგ მიეცათ. „ქართული ოცნებისათვის“ დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე ყოფნა ერთმანდატიან ოლქში მოგების კარგ საფუძველს ქმნის. იქნება თუ არა ეს ფაქტორი კვლავ გადამწყვეტი უახლესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვთ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა. 2016 წლის არჩევნებზეც, როდესაც „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერი იყო, მან ნამდვილი ხმების 47% მიიღო. პროპორციული სისტემის პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია, რომელიმე მათგანმა დამოუკიდებლად პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციურ პარტნიორს „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს, თუმცა ამ ეტაპზე მათ კოალიციის შექმნისთვის საკმარისი მხარდაჭერაც არ აქვთ. ამდენად, მოცემული დროისათვის ორ ყველაზე ძლიერ პარტიას პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის არსებობის პირობებში სხვა პარტიების გარეშე უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდებათ.
რას ნიშნავს მესამე ძალა/ღერძი?
უკანასკნელ პერიოდში „მესამე ძალა“ ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვებია. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სხვადასხვა პარტიამ და პოლიტიკოსმა განაცხადეს, რომ ისინი შექმნიან მესამე ცენტრს. „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ სწორედ ისაა ქვეყანაში მესამე ძალა. მის მიერ მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაზე მიუთითა ნინო ბურჯანაძემ. მესამე ძალის/ცენტრის შექმნის პრეტენზია გამოუხატავთ პატრიოტთა ალიანსსა და სხვა პარტიებსაც. მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობა საზოგადოებაშიც საკმაოდ აქტუალური თემა გახდა.
„მესამე ძალის“, იგივე „მესამე ღერძის“ (third pole) სამეცნიერო მნიშვნელობა განსხვავდება იმ გაგებისგან, რომლითაც ის ბოლო პერიოდში საქართველოში გამოიყენება. მესამე ღერძის გაძლიერება, რაც ტრიპოლარულ პარტიულ სისტემაში გამოიხატება, გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პარტიულ სისტემაში ორ ძლიერ, ერთმანეთის კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას მესამე, შედარებით სუსტი, პოლიტიკური ძალა უპირისპირდება. ამასთან, ასეთი პარტია, როგორც წესი, იდეოლოგიურად მკვეთრად განსხვავდება ორივე წამყვანი პარტიისგან და არცერთთან შედის კოალიციაში. ტრიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებას შერეული საარჩევნო სისტემა უწყობს ხელს (Bedock, 2017, p.10). სუსტი ტრიპოლარიზაციის მაგალითად შეგვიძლია, 2016 წლის არჩევნების შედეგები მივიჩნიოთ. მესამე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა, „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, იდეოლოგიურადაც განსხვავდებოდა პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიებისგან და არც კოალიციური პარტნიორი გამხდარა. „ევროპული საქართველო“, რომელიც ამ ეტაპზე რეიტინგით მესამე ადგილზე მყოფი პარტიაა, ვერ ჩაითვლება მესამე ღერძად. „ნაციონალური მოძრაობისგან“ პარტიის გამყოფი ნიშნები სუსტია და იდეოლოგიური სხვაობაც შეზღუდულია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით რეგისტრირებული კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაც მეტყველებს, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთის პოტენციური პარტნიორია კოალიციური უმრავლესობის შექმნაში.
ტრიპოლარიზაცია ვერ ცვლის მთავრობის ტიპს. იგი კვლავ ერთპარტიულია. სამი მთავარი მოთამაშიდან ყველა ერთმანეთის მკვეთრი მოპირისპირეა. თუ მესამე ღერძი ისე გაძლიერდება, რომ მან ხელისუფლებისთვის ბრძოლა შეძლოს, ის არსებული ერთპარტიული მთავრობების მორიგი ჩამნაცვლებელი გახდება. ამდენად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობით უკმაყოფილების გამო „მესამე ძალის“ მოლოდინი ერთგვარ მიამიტურ მოლოდინად შეგვიძლია, დავახასიათოთ.
ვინ უნდა გააერთიანოს „მესამე ძალამ“?
ქართული პარტიული პოლიტიკის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი ნიშანია საყოველთაო პარტიების (Catch of all) ყოფნა ხელისუფლებაში. ასეთი ტიპის პარტიებისათვის, რომლებსაც „დიდ კარავსაც“ უწოდებენ, დამახასიათებელია იდეოლოგიის როლის შემცირება და ამომრჩეველთა ფართო მასებზე ორიენტაცია. როგორც წესი, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად განსხვავებული იდეოლოგიების მქონე პოლიტიკოსებს აერთიანებს. პარტიის პოლიტიკა და გზავნილები კი მიმართულია იმისკენ, რომ განსხვავებული შეხედულებების, იდეოლოგიების მქონე ამომრჩევლების მოზიდვა შეძლოს. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეთა იდეოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ამ ორი პარტიის კრიტიკოსთა რიგები მემარცხენეებსაც მოიცავს და მემარჯვენეებსაც, პროევროპულად განწყობილებსაც და პრორუსული პოლიტიკის მომხრეებსაც. როდესაც ვსაუბრობთ ძალის არსებობის აუცილებლობაზე და ამით ამოვწურავთ პარტიულ სპექტრს, ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ ორი პარტიის წინააღმდეგ თავის რიგებსა და მხარდამჭერებში ისეთი ადამიანები გააერთიანოს, რომელთა შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში, ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და რა გამოსავალი არსებობს?
როგორც კონკრეტული არჩევნების შედეგების, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიული სისტემის მთავარი განმსაზღვრელი საარჩევნო სისტემაა. ეს უკანასკნელი კი საქართველოში პოსტკომუნისტური გარდაქმების პერიოდში მუდმივად რეფორმირების მოთხოვნის ობიექტს წარმოადგენს. იმის განსაზღვრა, თუ რამდენი და რომელი პოლიტიკური მოთამაშეები ეყოლება საქართველოში პარტიულ სისტემას, რომელიც სტაბილურობას შეინარჩუნებს, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როდესაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება და ამ სისტემის საფუძველზე ქვეყანაში რამდენიმე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამ ეტაპზე კი ის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგი ვერ იქნება ორი ძალისგან შემდგარი. მრავალპარტიული სისტემა იქნება ის მოცემულობა, რომლითაც დასრულდება პარლამენტში ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობები და ხშირ შემთხვევებში გარდაუვალი გახდება კოალიციური უმრავლესობებისა და მთავრობების ფორმირება. ამგვარი სისტემა ხელს შეუწყობს დემოკრატიის განმტკიცებას და ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციების განვითარების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. „მესამე ძალის“ არსი კი ეწინააღმდეგება მრავალპარტიული სისტემის მახასიათებლებს, ხოლო მისი ხელისუფლებაში მოსვლის დაშვება კვლავ ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების მოქცევას განაპირობებს. ამდენად, საქართველოს პარტიული სისტემის მომავალი პროპორციული საარჩევნო სისტემის სტაბილურ დამკვიდრებას უკავშირდება, რაც ვერც ორპარტიულ სისტემას ჩამოაყალიბებს და ვერც ტრიპოლარულს. არსებული სისტემის შეცვლის საფუძველი შერეული წევრობის მაჟორიტარული სისტემის შეცვლაა და არა უბრალოდ „მესამე ძალის“ მიმართ მიამიტური მოლოდინი. ასეთ შემთხვევაში სხვა ძალების გამოჩენა პარტიულ სპექტრში გარდაუვალი იქნება და ისინი დამოუკიდებლად ვერ ჩამოყალიბდებიან ორი ძლიერი პარტიის ერთადერთ ალტერნატივად.
*შოთა ნარსია – პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
**აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.
ბიბლიოგრაფია:
Bedock, C. (2017). When Electoral Competition Determines Disproportionality. Majority Bonus and Regional Elections in France and Italy. Retrieved 16.12.2018, from: https://www.researchgate.net/publication/317901937
Duverger, M. (1954). Political Parties: Their Organization and Activity in the Modern State. Wiley, New York.
Duverger, M.(1972). Factors in a Two-Party and Multiparty System. Party Politics and Pressure Groups. New York. Thomas Y. Crowell. 23–32.
Gunther, G. & Diamond, L. (2001). Types and functions of parties. In L. Diamond & G. Gunther (Eds.), Political parties and democracy. Johns Hopkins University Press: 1-34.
Manow, P. (2011). The Cube Rule in a Mixed Electoral System: Disproportionality in German Bundestag Elections. West European Politics 34 (4): 773–94.
Riker, W. H. (2003). Duverger’s law revisited. In B. Grofman & A. Lijphart (Eds.), Electoral laws and their political consequences . New York. Algora Publishing: 19-42.