20/02/2021 keta

შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი 2021

17-19 თებერვალს, შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი 2021 ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა! წლევანდელი პროგრამის თემა იყო კონფლიქტები და გეოპოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში.

შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი წარმოადგენს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მომიჯნავე დარგების როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

3 დღიანი პროგრამა მოიცავდა ლექციებსა და ინტერაქციულ სემინარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესახებ – კერძოდ, განიხილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროატლანტიკური პერსპექტივები და ამ პერსპექტივების აღქმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. მონაწილეები, ასევე, გაეცნენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს. შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტის შერჩეულ სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ცნობილი ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

წლევანდელი პროგრამის თემები და ტრენერები:
  •  „ზოგადი ენერგო-გარემო და ტენდენციები რეგიონში“ – არიზ ჰუსეინოვი, ხაზარის უნივერსიტეტის ლექტორი ენერგო პოლიტიკის მიმართულებით, ბაქო, აზერბაიჯანი.
  • „დიდი სახელმწიფოების როლი და ძალაუფლებრივი თამაშები კავკასიაში მთიანი ყარაბაღის ომისა და პანდემიის შემდეგ/ფონზე” – პიერ ანდრიეუ, უფროსი მრჩეველი, “Schneider Group”, საფრანგეთი.
  • “საქართველოს უსაფრთოხება, თავდაცვის პოლიტიკა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამოწვევები” – შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის” – თორნიკე გორდაძე, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სწავლების ინსტიტუტი, საფრანგეთი.
  • “აღმოსავლეთ პარტნიორობა” – ოლეგ სერებრიანი, მოლდოვას რესპუბლიკის ელჩი გერმანიაში.
  • “ევროპული მწვანე შეთანხმება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები” – ფლორენ პარმენტიეპოლიტიკის კვლევის ცენტრის (Sciences Po) გენერალური მდივანი; მკვლევარი, HEC (პარიზი, საფრანგეთი).
  • “რუსეთის დესტრუქციული კიბერ ოპერაციები და კიბერ-დაცვის სტრატეგიული მიმართულება” – ანდრო გოცირიძე, კიბერ უსაფრთხოების სწავლებისა და განათლების ცენტრის დამფუძნებელი.
  • “თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები: რეგიონული პერსპექტივა” – ჩიდემ უსტუნი, ნიშანთაშის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სტამბული, თურქეთი.

შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი 2021 გახსნეს პროფ. კორნელი კაკაჩიამ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა და მარი–ფრანს პერდიოგონიმ, ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (CIFE) საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამის დირექტორმა.

ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი).

 


, , , , ,