საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ქართულ ენაზე პირველად გამოიცა ანთოლოგია საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას აკადემიური და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები.
წიგნის Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State ქართული ვერსია გამოიცა პროფ. კორნელი კაკაჩიას (თსუ), პროფ. სტივენ ჯონსისა (მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი) და პროფ. ტრეისი ჯერმანის (ლონდონის კინგს კოლეჯი) რედაქტირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) ფინანსური მხარდაჭერით.
გამოცემა აანალიზებს საქართველოს, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას და მის შედეგებს. წიგნში განხილულია, თუ რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები, როგორიცაა რუსეთი, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმები, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო წარმოქმნილი ბუნდოვანება.
წიგნში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებთან და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს. როგორც წესი, საქართველო განიხილება, როგორც დამოკიდებული ცვლადი, სახელმწიფო, რომელიც საკუთარი მიზნების, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ ნაკლებად მიიჩნევა.
აღნიშნული სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობებს მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. წიგნში წარმოდგენილია ორიგინალური, სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტების შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით. ნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი.
ფოტო გალერეა 👇