Author
ქეთევან გოლეთიანი
ქეთევან გოლეთიანი*
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველო სახალხო მანდატის მქონე სახელმწიფო მეთაურს, სავარაუდოდ, ბოლოჯერ აირჩევს, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში. წინასაარჩევნო გარემო, რომელსაც თან არაერთი გაურკვევლობა ახლავს, პრეზიდენტის შემცირებულ უფლებამოსილებებთან ერთად უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეების განწყობაზე, ზრდის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას და ერთგვარად აკნინებს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას მაშინ, როცა ამ უკანასკნელს სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაზე, დემოკრატიზაციის პროცესზე, ისევე, როგორც საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე. მომავალ პრეზიდენტს ექნება პასუხისმგებლობა მოსახლეობას ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შესთავაზოს და აქტიურად გამოხატოს მოქალაქეების ინტერესები.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ კონსტიტუციის რეფორმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში მოექცა. კონსტიტუციის ახალი პროექტის ერთ-ერთ ძირითად პუნქტს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება წარმოადგენდა, მთავარ არგუმენტად კი ევროპული ტიპის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა დასახელდა. მოსაზრება, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მის ხელში რეალური ბერკეტების არარსებობის პირობებში საზოგადოებაში პრეზიდენტის მიმართ უსაფუძვლო მოლოდინების გამჩენი იქნებოდა, შესაძლოა დამაჯერებელიც იყოს და ლოგიკურიც – რადგან მმართველობის საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტი, ძირითადად, სიმბოლური ფიგურაა, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის საჭიროება ნაკლებად არსებობს. თუმცა საკითხის მხოლოდ ამ პერსპექტივიდან ანალიზმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტის უგულებელყოფამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
პირველ რიგში, საპარლამენტო მოდელზე გადასვლა აუცილებლად არ გულისხმობს არაპირდაპირი წესით ქვეყნის მეთაურის არჩევას. ევროპის რიგ საპარლამენტო ან საპარლამენტო მოდელთან მიახლოებულ რეჟიმებში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ (ავსტრია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ირლანდია და სხვა.). წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისითაც პრეზიდენტის არჩევის ორივე წესი ლეგიტიმური იქნებოდა, თუმცა არჩევნების პირდაპირი წესი უფრო მეტად უზრუნველყოფს ძალაუფლების დაყოფის და მთავრობის კონტროლის მექანიზმის არსებობას, რამდენადაც ხალხის ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესი თანამდებობის პირს უკეთ შეუძლია ნეიტრალური არბიტრის როლის შესრულება და, საჭიროების შემთხვევაში, მმართველ ძალასთან ღიად დაპირისპირება. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მუდმივად არსებული ერთი პოლიტიკური ძალის დომინირების საფრთხის დაბალანსება კი არაპირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს გაუჭირდება. მართალია, არაპირდაპირი წესით არჩევის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაზე საუბრობდა ვენეციის კომისია, თუმცა კომისიის დასკვნითვე ამ წესზე გადასვლის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება. მთავარი პრობლემა არჩევნების წესის ცვლილების პროცესში მაინც ის იყო, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო მოქალაქეთა აქტიური ჩართვა კონსულტაციებში და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (84%) მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას უჭერდა. ამას გარდა, მოსახლეობის 60%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 89% ცვლილებების განსახილველად გამართულ არც ერთ საჯარო შეხვედრას არ დასწრებია. პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების დამტკიცების შესახებ კი, უკვე 2017 წლის დეკემბერში, მოქალაქეთა 70%–მა არ იცოდა.
პრეზიდენტი: დამოუკიდებელი არბიტრი
პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და მისი ძალაუფლების შეკვეცა განსაზღვრავს, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ მოქალაქეებს მომავალი სახელმწიფო მეთაურისგან. ოქტომბერში პრეზიდენტს გამონაკლისის სახით 6 წლით აირჩევენ, მას დარჩება პოლიტიკური არბიტრის ფუნქცია – რადგან პრეზიდენტი არ მიეკუთვნება არც ერთ სახელისუფლო შტოს, მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტსა და მთავრობას შორის შესაძლო დაპირისპირების განმუხტვისა და კრიზისული სიტუაციების დროს, ასევე, მთავრობის კონტროლის და ანგარიშვალდებულების ბერკეტების გაძლიერების თვალსაზრისით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ არის დაკომპლექტებული, შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს პრეზიდენტის კომპლექტაციის ფუნქცია, ვიდრე ნაკლებად მოსალოდნელი კრიზისის არბიტრის როლი. მაისის თვეში ქვეყანაში დაწყებულმა რამდენიმე საპროტესტო ტალღამ აჩვენა მოსახლეობაში სასამართლო და ძალოვანი სისტემის მიმართ უნდობლობა. რადგან პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევით პრეზიდენტს შეეძლება უზრუნველყოს, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს სასამართლო ხელისუფლებაზე ირიბი კონტროლი, ისევე, როგორც ხელი შეუწყოს მოსახლეობაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს ექნება სახალხო პლატფორმა მოქალაქეების სახელით საუბრისთვის და მათი ინტერესების გახმოვანებისთვის.
ამას გარდა, პრეზიდენტი რჩება ქვეყნის წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, რაც მომავალ პრეზიდენტს უტოვებს შესაძლებლობას, აქტიურად იმუშაოს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებული მესიჯების საერთაშორისო არენაზე გახმოვანების მიმართულებით. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის და დიპლომატიური ურთიერთობების სტრატეგიული გაძლიერება მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება პრეზიდენტის ხელში.
ბუნდოვანი წინასაარჩევნო გარემო
კონსტიტუციით გათვალისწინებული სიახლეები და მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები უშუალოდ მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე. მართალია, არჩევნებისთვის ზოგადად დამახასიათებელი დაძაბულობა ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა ეს იმ გაურკვევლობას უკავშირდება, რაც წინასაარჩევნო გარემოს ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ყველაზე ზუსტად ახასიათებს. პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებიდან გამომდინარე პოლიტიკური პარტიები ხშირად წინააღმდეგობრივ მესიჯებს გზავნიან. არჩევნების თარიღი აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი, მმართველმა ძალამაც მხოლოდ აგვისტოში გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე კანდიდატს არ წარადგენს, თუმცა არ დაუსახელებია პირი, რომელსაც მათი მხარდაჭერა ექნება, მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სავარაუდო კანდიდატობა და პოზიცია ჯერ კიდევ დაუდასტურებელია – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ზრდის, ერთი მხრივ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას, მეორე მხრივ კი რისკს, რომ აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი შესაძლოა დაძაბული იყოს, რამდენადაც კანდიდატებს კამპანიისთვის დროის შეზღუდული პერიოდი დარჩებათ.
მიუხედავად პირდაპირი არჩევნების მიმართ მოქალაქეების დადებითი დამოკიდებულებისა, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, 74 პროცენტი (NDI-ის კვლევების ისტორიაში მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა) აღნიშნავს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას, 41% კი ამბობს, რომ არჩევნებში საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა საარჩევნო კანდიდატის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტული ადამიანების მონაწილეობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების ბედზე. ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებით „ქართული ოცნება“ ერთი პარტიის დომინირების თავიდან ასაცილებლად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძოლებს და, სავარაუდოდ, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს არჩევნების მიმართ ნიჰილისტური მიდგომის გაძლიერებას იმ პირობებში, როცა მოქალაქეები ისედაც გაუცხოებული არიან პოლიტიკური პროცესებისა და ლიდერებისგან. მმართველი ძალის მხრიდან დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა არა არჩევნებიდან გამოთიშვას და პოსტის დათმობას, არამედ არჩევნებში სამართლიანად ასპარეზობას და დამდგარი შედეგის აღიარებას უნდა ნიშნავდეს. პრეზიდენტის პოსტის მიმართ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა კი ერთგვარად ინსტიტუტის დისკრედიტაციას გავს და იმის განცდასაც ბადებს, რომ პარტიას პრეზიდენტის გარეშეც შეუძლია პოლიტიკური პროცესების საკუთარი სურვილების მიხედვით წარმართვა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს „ქართული ოცნებისთვის“ გამოცდის სახე ექნება – დამდგარი შედეგი მმართველ გუნდს მოსახლეობის განწყობას დაანახებს და იქნება ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ზემოხსენებული ფაქტორები შესაძლოა უარყოფითად აისახოს ამომრჩეველთა აქტიურობაზე, ამიტომ საპრეზიდენტო კანდიდატების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს დაეხმარონ მოქალაქეებს არჩევნების, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტის მნიშვნელობის გააზრებაში. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია არის შანსი, კანდიდატებმა გაზარდონ საზოგადოების ცნობიერების დონე და ჩართონ მოქალაქეები ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე დებატებში.
საგარეო პოლიტიკაზე გავლენა და ევროატლანტიკური კურსის ერთგულება
საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ტესტი ქართული დემოკრატიისთვის და მოსამზადებელი ეტაპი პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტს განსაკუთრებული როლი ექნება საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაძლიერების და სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოების თვალსაზრისითაც. ამიტომ საქართველოს პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რა სტრატეგიის და ხედვის მატარებელი იქნება არჩეული პრეზიდენტი. ერთი მხრივ, მან შესაძლოა გააძლიეროს და ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც, დემოკრატიზაციის პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს. თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ ახალმა პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის განსხვავებული ხედვები და მიდგომები შესთავაზოს მოქალაქეებს. მართალია საგარეო პოლიტიკის განმახორციელებლად მთავრობა რჩება, თუმცა პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის მეთაურის ქმედებებსა და მესიჯებს შეეძლება იმოქმედოს სახელმწიფოს პრესტიჟზე, რეპუტაციასა და პრიორიტეტებზე საქართველოს მოკავშირეების თვალში. ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის და პროგრამის ფარგლებშივე საუბრობდნენ საქართველოსთვის ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობაზე და ამ კურსის მხარდაჭერისა და გაძლიერებაზე მუშაობის მზადყოფნას გამოხატავდნენ. საქართველოს არჩევანი, გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი კონსტიტუციის დონეზეც იქნა დეკლარირებული, ასე რომ, მომავალი პრეზიდენტი, ვალდებულიც იქნება, უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
*ქეთევან გოლეთიანი – საჯარო ადმინისტრირების მაგისტრანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
**წინამდებარე ბლოგი მომზადებულია პროექტის – „დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) შეხედულებებს.