Author

14/01/2021 სალომე კანდელაკი

სერბეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები: მაგალითი საქართველოსთვის?

Opposition protest walk promoting the boycott of the 2020 elections; Photo: Twitter / Slobodnigradjani
სალომე კანდელაკი[1]
[პუბლიკაცია მომზადდა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ  ემთხვეოდეს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ შეხედულებებს]. 

სერბეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც 2020 წლის ზაფხულში Covid-19-ის პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და, საქართველოს მსგავსად, მისი შედეგები სერბეთის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არალეგიტიმურად ცნო. სერბეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით მმართველი პროგრესული პარტიის (SNS) ირგვლივ გაერთიანებულმა კოალიციამ 60.65%-ით (188 მანდატი 250-დან) გაიმარჯვა. სერბეთში არჩევნების ჩატარების დღიდან მოყოლებული თითქმის ხუთთვიანი ოპოზიციური პროტესტი პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ 2022 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით დასრულდა. რამდენად შეიძლება საქართველომ გამოიყენოს სერბული მაგალითი ქვეყანაში კრიზისის განმუხტვისთვის და სიტუაციის ნორმალიზებისთვის?

რა მოხდა სერბეთში?

2020 წლის 21 ივნისს სერბეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა სერბეთის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ (დემოკრატიული პარტია, სახალხო პარტია, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია, პარტია “დვერი”) ალიანი სერბეთისთვის (SzS).” ალიანსის წევრმა ოპოზიციურმა პარტიებმა ის პარტიათშორისი მოლაპარაკებების ფორმატიც მიატოვეს, რომელსაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები უწევდნენ მედიაციას. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ მოტივით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან არანაირი ცვლილების მოლოდინი არ ქონდათ. არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მთავარ გამომწვევ მიზეზებად ოპოზიცია მთავრობის მხრიდან ტრადიციული მედია საშუალებების სათავისოდ გამოყენებას, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო კამპანიისთვის ხარჯვას, საარჩევნო სისტემის გაუმართაობას და Covid-19-ის პანდემიის პირობებში უთანასწორო და უსამართლო წინასაარჩენო გარემოს ასახელებდა. გარდა ამისა, ისინი პრეზიდენტ ვუჩიჩს, რომელიც სერბეთის მმართველი პროგრესული პარტიის (SNS) ლიდერიცაა, მისი უფლებამოსილების საარჩევნო მიზნებისთვის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. საგულისხმოა, რომ 2000 წლის შემდეგ, არჩევნებზე ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა – 48.9% დაფიქსირდა. ბოიკოტზე არჩევნების მოახლოებისთანავე უარი განაცხადა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა გადალახა არჩევნებისთვის სახელდახელოდ 5%-დან 3%-მდე დაწეული საარჩევნო ბარიერი. ესენია, სერბეთის სოციალისტური პარტია (SPS), რომელმაც 10.38% მოიპოვა და სერბეთის პატრიოტთა ალიანსი (SPAS), რომელმაც ხმათა 3.83% მოიპოვა. გარდა ამ ორი პარტიისა, 19 საპარლამენტო მანდატები მოიპოვა ოთხმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პარტიამ. სერბეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების პარტიებზე 3%-იანი ბარიერი არ ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთ პარტიას, რომელიც წარმოადგენს ბოსნიურ ეთნიკურ უმცირესობას, ხმების მხოლოდ 0.7%-ის აღება დაჭირდა, იმისათვის, რომ პარლამენტში 3 მანდატი მოეპოვებინა. რეალურად, სწორედ ამ გამონაკლისადან გამომდინარე შეძლო პრეზიდენტმა ვუჩიჩმა პარლამენტის, სრულ,  250 კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტება. 

2022 წლის რიგგარეშე არჩევნებამდე პრეზიდენტმა ვუჩიჩმა აღნიშნულ ბარიერგადალახულ პარტიასთან ერთად ახალი მთავრობა დააკომპლექტა. ამით მან ხაზი გაუსვა ე.წ. “ერთობის კაბინეტის” შექმნას. ის ამ ნაბიჯით, შესაძლოა, სხვა პარტიებისთვის პასუხისმგებლობის გადანაწილებას შეეცადა. ბელგრადელი ადგილობრივი პოლიტიკის მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ეს სვლა გაკეთებულია იმ ლეგიტიმაციის გაძლიერების მიზნით, რომელიც ივნისში ოპოზიციურმა ბოიკოტმა შეარყია. 

სერბეთის შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან არჩევნებამდე ბოიკოტის გამოცხადებამ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ოპოზიციის არჩევნების შემდგომ მანდატების დათმობამ ორივე სახელმწიფო, ფაქტობრივად, ერთპარტიულ საპარლამენტო მმართველობად ჩამოაყალიბა. ეს კი სამართლებრივად შესაძლებელი, მაგრამ პოლიტიკურად გაუმართლებელი მოცემულობაა და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს. გარდა ამისა, ზოგადად, ერთპარტიულობა მმართველ პარტიას უხერხულობას უქმნის, რადგან მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადადის და შესაბამისად, საზოგადოებასთან მათი ანგარიშვალდებულებაც იზრდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სერბეთში პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ორ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად მთავრობის შექმნა და მათთვის პასუხისმგებლობის გადანაწილება. ხოლო საქართველოში კი მმართველი პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” სხვადასხვა ხერხებითცდილობს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლაში დარწმუნებას

რა მსგავსებებია სერბეთში და საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს შორის?

ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და ეუთო-ოდირის შედარებით ზომიერი, მაგრამ კრიტიკული შეფასება, სერბეთში, ოპოზიციური პარტიებისთვის ერთ-ერთი დასაყრდენად და საერთაშორისო საზოგადოების აზრის ფორმირების ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად იქცა. 

საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან, ერთ-ერთი “CRTA-მოქალაქეთა სადარაჯოზე” იყო. ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, არჩევნებზე დაცული იყო მინიმალური სტანდარტები, თუმცა გამოვლენილმა ხარვეზებმა დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა. მათივე ანგარიშში ასახულია საარჩევნო უბნების 8-10%-ში დაფიქსირებული დარღვევები, რასაც, მათივე თქმით შეიძლებოდა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. დაფიქსირებული ხარვეზები მათივე თქმით, ორჯერ აღემატებოდა 2016 წელს დაფიქსირებულ დარღვევებს. სერბეთის მსგავსად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების (ISFED)” ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო არჩვნების დროს დაფიქსირებული დისბალანსი წინა წლებზე მეტი იყო და საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ არც სერბეთში და არც საქართველოში აღნიშნული დისბალანსისა, თუ ხარვეზების მიზეზების სრულფასოვნად გამოკვლევის საშუალება არ მიეცათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული, კი არჩევნების შედეგების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის და ოპოზიციურ პროტესტს უმყარებს საფუძველს. 

რაც შეეხება, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სერბეთში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო-ოდირი) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, პანდემიის მიუხედავად, სერბეთის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება ეფექტიანად მოხერხდა. თუმცა, მათი თქმით, შეშფოთებას იწვევდა მმართველი პარტიის დომინირება, განსაკუთრებით, მედიაში. ხოლო ეუთო-ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში სერბეთის არჩევნების შეფასებასთან შედარებით, ნაკლებად კრიტიკულია. აქედან გამომდინარე, სერბეთისგან განსხვავებით, საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს გაცილებით მეტი ძალისხმევის ჩადება მოუწევთ იმაში, რომ არჩევნების გაყალბება და პანდემიის პირობებში წინასააწრჩევნო კამპანიის არათანაბარ პირობებში ჩატარება დაამტკიცონ. მითუფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი არც ერთ პარტიას არ განუცხადებია. ერთი მხრივ, მათი საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა და მეორე მხრივ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანი იყო და ოპოზიციას არათანაბარ ბრძოლაში უხდებოდა ბრძოლა, სერბეთისგან განსხვავებით, ქართული ოპოზიციის არგუმენტაციას შედარებით ასუსტებს.

რამ განაპირობა სერბეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და არის, თუ არა ეს მაგალითი საქართველოსთვის რელევანტური? 

სერბეთში, არჩევნების შემდეგ, ბოიკოტში მონაწილე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა (პარტია “დვერის” გამოკლებით) და იმ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, რომელთაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს, სერბეთის გაერთიანებული ოპოზიცია (UOS) შექმნეს, რომელიც “ალიანსი სერბეთისთვის” განახლებულ ფორმატს წარმოადგენს. აღნიშნული გაერთიანების მიზანი ერთიანი ტაქტიკის შემუშავება, ხელისუფლებაზე მაქსიმალური ზეწოლა და საგარეო პარტნიორების არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაში დარწმუნება იყო. პრეზიდენტ ვუჩიჩის გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავიანთი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ წარმატებად მიიჩნია.

სერბეთში, გარდა უწყვეტი ოპოზიციური პროტესტებისა, ყურადსაღებია ევროპარლამენტის ოფიციალური განცხადება, რაც სერბეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უძღოდა წინ. სერბეთმა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფომ, არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტარების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მათ ოფიციალურ განცხადებაში  გამოთქმულია მზაობა პარტიათშორისი დიალოგის ახალი რაუნდის პროცესში მედიატორის როლის შესრულების თაობაზე. ევროპარლამენტის განცხადებაში ნათლად არის გამოკვეთილი დემოკრატიული და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმების აუცილებლობის საკითხი, რაც ევროინტეგრაციის პროცესის მთავარი წინაპირობაა. მათ მთავარი აქცენტი საარჩევნო სისტემისა და პარლამენტის გამართულად და დემოკრატიულად ფუნქციონირებაზე გააკეთეს. ევროპული პარლამენტის ზოგი წევრი პარტია, კერძოდ, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წარმომადგენლები, უფრო შორს წავიდნენ და ახალი პარლამენტის სტრუქტურა დემოკრატიის გაშარჟებად მოიხსენიეს. მათ ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდეს, რომ სერბეთთან არ გაეხსნათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მანამ, სანამ სერბეთში დემოკრატიის საკმარისი დონე არ აღდგებოდა. ამას მოჰყვა ინდივიდუალური განცხადებებიც, მათ შორის იყო ექსპერტი ბალკანეთის საკითხებში, პროფესორი ფლორიან ბიბერი, რომლის თქმითაც, ევროკავშირს არ შეეძლო თავის მოკატუნება, თითქოსდა სერბეთში არჩევნების ფარსი არ მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც პრეზიდენტმა ვუჩიჩმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა, დიდი ალბათობით, ევროინტეგრაციის პროცესის საფრთხის ქვეშ დაყენების თავიდან აცილება იყო. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილების განმაპირობებელი მიზეზი ევროკავშირის წარმომადგენლებისა და ექსპერტების მხრიდან არჩევნების თაობაზე მკაცრი შეფასებები შეიძლებოდა ყოფილიყო. 

განსხვავებით სერბეთისგან, საქართველოს შემთხვევაში, არც ევროკავშირიდან, არც აკადემიური წრეებიდან აქამდე არ გაკეთებულა იმდენად მკაფიო განცხადებები, რაც ან ოპოზიციურ პროტესტს გაამყარებდა, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას გაზრდიდა. ეს კი, შესაძლოა, საქართველოს როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, შიდა პოლიტიკური კრიზისის საერთაშორისო დონეზე აქტუალიზებისთვის, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო მოკავშირეებთან არაეფექტიანი კომუნიკაციის შედეგიც იყოს. ხოლო, სერბეთის მაგალითის რელევანტურობას ერთ-ერთი სწორედ ის განაპირობებს, რომ  2024 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს, რასაც შესაძლოა პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე საფრთხე შეექმნას. ამიტომ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, ინტერესებში უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე დროში კონსენსუსის მიღწევა. სერბეთის მაგალითიდან გამომდინარე, ეს  შესაძლებელია არა მხოლოდ  საერთაშორისო პარტნიორების მედიაციაში ჩართვით, არამედ,  ასევე რეგიონის მკვლევარებისა და ექსპერტების საჯარო კრიტიკულ განხილვებში აქტიური მონაწილეობის გზით. ყურადსაღებია, რომ საქართველოში, ოპოზიციას არჩევნების ხელახლა ჩატარების გარდა, კიდევ სხვა მოთხოვნების აჟღერებენ. უფრო კონკრეტულად, მათი მოთხოვნები მოიცავს საარჩევნო რეფორმის გატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაყენებას და იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, რამაც შესაძლოა მოლაპარაკების პროცესი უფრო გაახანგრძლივოს. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე მოლაპარაკების მიღწევას ის გარემოებაც აფერხებს, რომ ეუთო-ოდირის ანგარიში სერიოზული დარღვევების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, რაც ხელისუფლების პოზიციის გაძლიერებას უწყობს ხელს. თუმცა, ერთმანეთისგან სრულიან განსხვავებული ღირებულებების მქონე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობამ, რომელთაც ერთად ხმათა დაახლოებით 52% მიიღეს, არჩევნების შედეგების სისწორეს და სამართლიან გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნვის ქვეშ დაყენების საფუძველს იძლევა და აშკარაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, სერბეთის მაგალითი ამ მხრივ შეიძლება რელევანტური აღმოჩნდეს. კერძოდ, იქ განვითარებული მოვლენები, შეიძლება გამოსადეგი პრეცენდენტი აღმოჩნდეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობის თუ ამ თემაზე კონსესუსი შედგა პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის. ასეთის თანხმობის  შემთხვევაში, არჩევნების ჩატარების საუკეთესო დრო 2021 წლის შემოდგომა შეიძლება იყოს. კერძოდ მაშინ, როცა გეგმიური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უწევს. ამ შემთხვევაში ქვეყანას ორმაგი ფინანსური, თუ ადმინისტრაციული რესურსის გაღების თავიდან აცილების საშუალება ეძლევა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ისედაც რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი

, , , , ,