საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტo (GIP) “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” თბილისის ოფისთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა მკვლევარებისათვის სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი.“ პროექტის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს შესახებ პოლიტიკის მემორანდუმის ან პოლიტიკის ნარკვევის შემუშავების მიზნით. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ინფორმირებული პოლიტიკის განვითარებას და ამ გზით რეგიონში ევროკავშირის გავლენის ეფექტურ უზრუნველყოფას.
პროექტი ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, საშუალებას მისცემს გაიღრმავონ კვლევითი, ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები პროფესიონალი ექსპერტების მხარდაჭერით. ასევე, ისინი იმუშვებენ რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ კვლევაზე და აღნიშნული ცვლილებების შედეგებზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები იწვევენ ორ-ორ ახალგაზრდა მკვლევარს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან პოლიტიკის ნარკვევის/მემორანდუმის შესამუშავებლად. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ჯამში ექვსი მკვლევარი მიიღებს პროექტში მონაწილეობას.
პოლიტიკის დოკუმენტები უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:
- კონფლიქტები და ეროვნული უსაფრთხოება;
- ენერგეტიკა და უსაფრთხოება;
- ომი უკრაინაში და მისი შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონზე;
- სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები, როგორც სატრანზიტო ქვეყნები;
- თურქეთის, რუსეთისა და ირანის, როგორც რეგიონალური აქტორების როლი;
- შიდა დებატები რეგიონის გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე;
- ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელწიფოები;
- სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის სამხელმწიფოებს შორის ურთიერთბები;
- ფემინისტური პერსპექტივა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
ამასთანავე, მკვლევრებს შეუძლიათ პოლიტიკის დოკუმენტი სხვა ისეთ თემაზეც მოამზადონ, რომელიც არ არის აღნიშნულ ჩამონათვალში. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მკვლევრის მიერ შერჩეული საკითხი არ დაშორდეს პროექტის ძირითად თემას – გეოპოლიტიკური ცვლილებების საკითხი სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მათი შედეგები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის.
სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან შერჩეული ექვსი მკვლევარი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ სემინარში და ხუთ დღიან საზაფხულო აკადემიაში, რომელიც გაიმართება თბილისში. აკადემიის ფარგლებში, მკვლევარები შეხვდებიან მენტორებს და განიხილავენ თავიანთ კვლევით პროექტებს, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების დეტალებსა და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა რელევანტურ საკითხებს.
პოლიტიკის დოკუმენტები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე 2,000-2,500 სიტყვის ფარგლებში. მკვლევარები საბოლოო ნაშრომებს ონლაინ წარუდგენენ აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს.
პროგრამის მონაწილეების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება:
- მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სოციალური მეცნიერებების სხვა დისციპლინაში; პრიორიტეტი მიენიჭებათ დოქტორანტობის კანდიდატებს ან დოქტორის ხარისხის მფლობელ მკვლევარებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან;
- ასაკი – 35 წლამდე;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
- კარგი წერითი და ანალიტიკური უნარები, მათ შორის კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
- გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
- სამხრეთ კავკასიის რეგიონული პოლიტიკის მიმართ ინტერესი და ცოდნა; სასურველია, ჰქონდეს ამ თემატიკაზე გამოქვეყნებული ნაშრომები;
- სემინარებში, საზაფხულო აკადემიაში და პოლიტიკის ბრიფინგების ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა და დასწრება სავალდებულოა;
- ჰქონდეთ მზადყოფნა თავიანთ ნაშრომებზე მიიღოს კონსტრუქციული კრიტიკული კომენტარები, ჩაერთოს დისკუსიებში და ს შესაბამისად განაახლონ თავიანთი ნაშრომები.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
- CV
- აბსტრაქტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საკვლევი თემა – შეავსეთ ფორმა, გთხოვთ გადმოწეროთ >>
- სტატიის ერთი ნიმუში, რომელიც ადრე გამოგიქვეყნებიათ შესაბამის თემაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტები უნდა გაგზავნოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე, 2022 წლის 16 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], საკონტაქტო პირი: სალომე კანდელაკი.
პროექტის ფარგლებში, თითოეული მკვლევარი მიიღებს ანაზღაურებას 1,150 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
შერჩევის ვადები:
- 2022 წლის 16 მარტი: CV-ისა და აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა;
- 2022 წლის 21-27 მარტი: ინტერვიუები კანდიდატებთან;
- 2022 წლის 7 აპრილი: შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ გადაწყვეტილების შესახებ;
- 2022 წლის 15 აპრილი: ონლაინ სემინარი შერჩეული ახალგაზრდა მკვლევარებისათვის;
- 2022 წლის ივნისი: საზაფხულოაკადემია ახალგაზრდა მკვლევარებისათვის;
- 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისი: პოლიტიკის ნარკვევების/მემორანდუმების გამოქვეყნება;
- 2022 წლის ოქტომბერი-ნოემბერი: პოლიტიკის ნარკვევების/მემორანდუმების პრეზენტაცია;
- 2022 წლის დეკემბერი: ნაშრომის დაცვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.