22/07/2022 GIP

საზაფხულო აკადემია 2022

19-21 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით 2022 წლის საზაფხულო აკადემიას უმასპინძლა.

2022 წლის საზაფხულო აკადემიის სამ დღიანი პროგრამა განკუთვნილი იყო სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ექვსი ახალგაზრდა მკვლევარისთვის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მათ საშუალება მიეცათ, პროფესიონალი ექსპერტებისთვის  წარედგინათ თავიანთი კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია და მათგან მიეღოთ კვალიფიციური უკუკავშირი. 

კვლევითი დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ეხება მთიანი ყარაბაღის ომისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. საზაფხულო აკადემიის მიზანი იყო მკვლევარების მხარდაჭერა და მათი კონსულტირება თავიანთი ნაშრომების დასასრულებლად.

საზაფხულო აკადემიის პირველი დღე გახსნითი ღონისძიებით დაიწყო. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დემოკრატიზაციის პროგრამის კოორდინატორმა, ლილია ჩიხლაძემ. 

ოფიციალური გახსნის შემდეგ აკადემიის მონაწილეები დაესწრნენ მრგვალი მაგიდის დისკუსიას თემაზე  – რუსეთის უკრაინაში შეჭრის ზეგავლენა ფართო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. დისკუსია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსმა ანალიტიკოსმა, სალომე კანდელაკმა პრეზენტაციით გახსნა, სადაც აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა, განსაკუთრებული აქცენტით საქართველოს შემთხვევებზე. მრგვალი მაგიდის დისკუსანტები იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია და საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი. 

მრგვალი მაგიდის დისკუსიის შემდეგ საზაფხულო აკადემია 2022-ის პირველი თემატური სესია გაიმართა თემაზე – ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან: საქართველოსა და სომხეთის შემთხვევები. სესიის შემდეგ პირველი სამუშაო დღე მონაწილეების მიერ ჩატარებული პრეზენტაციებით დასრულდა, სადაც ქართველმა და სომეხმა მონაწილეებმა ერეკლე იანთბელიძემ და მაგდა არსენიანმა შემდეგი კითხვების გარშემო წარადგინეს თემები:

  • სამხრეთ კავკასიის ევროპეიზაციის გაძლიერება: შეუძლია თუ არა საქართველოს ხელი შეუწყოს ევროკავშირის ინტერესებს რეგიონში?
  • ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გადახედვა ცვალებადი რეალობის პირობებში: რა მომავალს უნდა ველოდოთ?

ხოლო პირველი სამუშაო სესიის მოწვეული მომხსენებლები იყვნენ ეკა აკობია (დეკანი, სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი) და ივანე ჩხიკვაძე (მენეჯერი, ევროინტეგრაციის პროგრამა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო). 

საზაფხულო აკადემიის მეორე დღეს ახალგაზრდა მკვლევარები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ და პოლიტიკური პარტიების, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტში ვიზიტის შემდეგ აკადემიის მონაწილეები დაესწრნენ მორიგ სესიას თემაზე – სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა და ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობები. სესიას გაუძღვნენ მოწვეული სტუმრები დოქ. შალვა ძებისაშვილი (ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტი) და თამარ პატარაია (ბორდის წევრი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი). დღის ბოლოს აკადემიის სომეხმა და აზერბაიჯანელმა  მონაწილემ ჰარუთუნ ვოსკანიანმა და მაჰამმად მამმადოვმა  თავიანთი კვლევების ძირითადი მიგნებები წარადგინეს. 

საზაფხულო აკადემიის მესამე დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტით დაიწყო, რის შემდეგაც სამუშაო დღის პროგრამა თემატური სესიებით გაგრძელდა:

  • “კონფლიქტების მოგვარების ფემინისტური მიდგომები,” მოწვეული მომხსენებელი – შორენა ლორთქიფანიძე (გამგეობის წევრი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო)
  • “გრძელვადიანი დივერსიფიკაციის გზები და ენერგიის ტრანსფორმაცია,” მოწვეული მომხსენებელი – მურმან მარგველაშვილი (დირექტორი, WEG World Experience for Georgia);

ორივე თემატურ სესიაზე ახალგაზრდა მკვლევრებმა საქართველოდან ლელა კანკაძემ და აზერბაიჯანიდან ლალა დარჩინოვამ  თავიანთი ნაშრომების პირველადი შედეგები წარადგინეს. პრეზენტაციები მოწვეულმა მომხსენებლებმა შეაფასეს და მონაწილეებმა მათგან რეკომენდაციებიც მიიღეს. სესიის შემდეგ გაიმართა ჯგუფური დისკუსია და საზაფხულო აკადემიის შეჯამება. 

საზაფხულო აკადემია ჩატარდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი” ფარგლებში. 

 

პირველი დღის შეჯამება

მეორე დღის შეჯამება

მესამე დღის შეჯამება

საზაფხულო აკადემია 2022-ის პროგრამა

 

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,