17/06/2022 GIP

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სცენარები: კარგი, ცუდი და უარესი

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო სამუდამოდ შეიცვალა. ახალი „რკინის ფარდის“ დაშვების საფრთხე ისეთი რეალური გახდა, როგორიც აქამდე არ ყოფილა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები იძულებული არიან აირჩიონ მხარე. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებით, ღიად დააფიქსირეს მეორე მხარეს ყოფნის სურვილი.

შემდგომი კვირა იქნება ამ მხრივ გადამწყვეტი, გამომდინარე იქიდან რომ 17 ივნისს ევროკომისიამ გაასაჯაროებს მის რეკომენდაციებს, ხოლო თვის ბოლოს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროპული საბჭო შეიკრიბება. მაშინ როდესაც ევროკავშირი შეიძლება მზად არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნაბიჯის გადასადგმელად და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის დაჩქარებული წესით კანდიდატი სტატუსის მისანიჭებლად, იქმნება შთაბეჭდილება რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი ნაკლებად  აღმოჩნდა მზად მსგავსი შესაძლებლობისთვის. ამ მომენტისთვის ევროკომისიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმაზე თუ რამდენად იმსახურებს საქართველო, ბოლო პერიოდის დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, კანდიდატის სტატუსს. ხოლო ქართველი ოფიციალური პირების განცხადებები ამ ბუნდოვანებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

მაშინ როდესაც ისტორიული გადაწყვეტილება ასე ახლოა ხოლო ქართული პოლიტიკური ელიტა ერთმანეთთან კინკლაობაშია ჩაკარგული, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული მიიღებს თუ არა რაიმე პირობების გარეშე საქართველო კანდიდატის სტატუსს. ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. სცენარების ეს ანალიზი მკითხველს სთავაზობს მოვლენების განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარებს და მათ შესაძლო გავლენებს საქართველოზე.

 სცენარი 1 – კარგი: კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულების გარშემო კითხვების არსებობისა, გეოპოლიტიკურმა რეალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებაზე. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, სამივე ასოცირებული ტრიოს ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და მათი ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება ბრიუსელის მიერ.

ასეთი შედეგი გეოპოლიტიკური რეალობითა და რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხით იქნება მოტივირებული. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი კრემლისთვის, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს გამოწვევა და დაუპირისპირდეს კრემლის  აგრესიულ ქმედებებს.

თუ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური კონტექსტისა, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყანაში პროდასავლურ განწყობებს და საგრძნობლად დააზიანებს მზარდ ანტიდასავლურ პროპაგანდას. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე გააძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ ევროპა იღებს საქართველოს როგორც მის ნაწილს და ის მტკივნეული რეფორმები რომელიც გატარდა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ამად ღირდა. რაც მთავარია, ასეთი გადაწყვეტილება წაახალისებს დემოკრატიზაციის რეფორმების დღის წესრიგს და  შემოაბრუნებს ბოლო დროის შემაშფოთებელ ტენდენციას. დიდი ალბათობით ეს ასევე გააუმჯობესებს საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და მმართველ პარტიას შორის გაფუჭებულ ურთიერთობებს და შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველოში დეპოლარიზაციასა და დემოკრატიზაციას პროცესის დაწყებას ბრიუსელის ეგიდით.

სამივე ქვეყნისთვის თანაბრად კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასევე ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ასოცირებულ ტრიოს და სავარაუდოდ გამოაცოცხლებდა აღმოსავლეთ პარტნიორობის „მეტი მეტისთვის“ პრინციპს. ვინაიდან ევროკავშირის სხვა აღმოსავლეთ მეზობლებისთვის ნათელი გახდება რომ გაწეული სამუშაოს და მცდელობას შედეგი მოაქვს. თუმცა, ვინაიდან ევროკავშირი რჩება დაყოფილი საქართველოს საკითხის გარშემო, მოვლენების ამ სცენარით განვითარება, მიუხედავად იმისა რომ თეორიულად დასაშვებია, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე პრაქტიკულად ნაკლებად სავარაუდოა.

სცენარი 2- ცუდი: უკრაინა იღებს კანდიდატის სტატუსს, საქართველო და მოლდოვა კი არა

იმ რთული პოზიციის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება და რომ „დაჩქარებული წესით“ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა მხოლოდ უკრაინელების რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მამაცი ბრძოლის შედეგად გაჩნდა, მას დანარჩენ ორ ასოცირებულ ტრიოს ქვეყანასთან შედარებით, მისი მიღების უფრო მეტი შანსი აქვს. ერთ-ერთი ევროკავშირის ოფიციალური პირის აზრით, ევროკომისიას არ უნდა დაავიწყდეს რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა სადაც ევროკავშირის დროშის ფრიალის გამო ხალხს ესროლეს.

აქიდან გამომდინარე, შეიძლება მოვლენები ისეთი სცენარით განვითარდეს რომ უკრაინა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო მოლდოვა და საქართველოს მისცემენ პოტენციური კანდიდატის სტატუსს ანუ მომავალში მიიღებენ თუ მათი მხრიდან მოხდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. ეს წინაპირობები შეიძლება იყოს საქართველოში დემოკრატიის მხრივ ბოლო დროინდელი გამოწვევების აღმოფხვრა. ის ასევე შეიძლება გულისხმობდეს იმ რეფორმების დღის წესრიგთან დაბრუნება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნა შემოთავაზებული „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ შეთანხმების ფარგლებში.

მოვლენების ასე განვითარების გავლენები დიდ წილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მზად არის და აქვს ამ რეფორმების განხორციელების სურვილი საქართველოს ხელისუფლებას. ჯერჯერობით, თბილისში ოფიციალური პირების განცხადებებისა და კომენტარების მიხედვით, მმართველ პარტიაში კომპრომისის სურვილი არ ჩანს. თუ საქართველო და მოლდოვა მსგავსს პირობებს მიიღებენ, ეს გააძლიერებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს, რომ უკრაინამ ომის გამო „განსაკუთრებული შეღავათი“ მიიღო.

ამას ასევე გავლენა ექნება ასოცირებული ტრიოზე ვინაიდან ეს ქვეყნები ევროპული ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა გზით წავლენ. ეს ასევე გაზრდის საქართველოს მოსახლეობაში პრორუსულ განწყობებს და გააძლიერებს ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს და  პოპულისტურ პროპაგანდას.

სცენარი 3- ცუდზე უარესი: უკრაინა და მოლდოვა იღებენ სტატუსს, საქართველო კი არა

ყველაზე ცუდ სცენარში როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა იღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო საქართველო გარკვეული პირობების სანაცვლოდ მომავალში მისი მიღების დაპირებას. ასეთი გადაწყვეტილება მოტივირებული იქნება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის გაფუჭებული ურთიერთობების გამო. მაშინ როდესაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულების დანერგვის და ევროკავშირის სტანდარტებთან თუ კანონმდებლობასთან სინქრონიზაციის კუთხით, ერთ-ერთი მოწინავეა, შიდაპოლიტიკური კონტექსტი გადაფარავს ქვეყნის ამ წარმატებებს. გარდა ამისა, არსებობს ასევე გეოპოლიტიკური არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც მიმართავენ ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები. მაგალითად საფრანგეთი, რომელიც გეოპოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს უკრაინასა და მოლდოვისგან აცალკევებს.

მსგავსად წინა სცენარისა, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ის წინაპირობები რომელსაც საქართველოს წაუყენებენ ალბათ იქნება ეგრეთ წოდებული შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება ან როგორც მინიმუმ სიღრმისეული რეფორმების დღის წესრიგთან მიბრუნება რათა მოხდეს დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ სცენარში როდესაც მოლდოვასაც არ მისცემენ სრულყოფილ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების წინააღმდეგ უფრო მეტი ბერკეტი ექნება. მაგრამ თუ თბილისი იქნება ერთადერთი რომელიც არ მიიღებს სტატუსს, ამას მთავრობისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება დაკარგოს ლეგიტიმაცია, როგორც საშინაო ასევე საგარეო ფრონტზე და მოუწიოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო მეტად ავტორიტარული მეთოდების გამოყენება. მიუხედავად იმისა რომ პრო-ევროპული დღის წესრიგი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკაზე გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური საკითხები რომელიც გულისხმობს პარტიების მიერ წარმართულ რადიკალიზაციას და საზოგადოებრივ პოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების უარყოფითი გავლენები ნათელია, რთული დასანახია თუ რა მოკლევადიანი პოზიტიური ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას და რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს.  როგორც სხვადასხვა წყაროები მიუთითებენ ეს ბოლო სცენარი ყველაზე რეალისტურია დღესდღეობით. როგორც ჩანს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებთან ერთად. საქართველო კი ახლა მიიღებს პირობებს და მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს.

დასკვნა

მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი სანამ ევროპული საბჭო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მიმდინარე მოვლენებისა და იმ ფასის გათვალისწინებით, რასაც უკრაინელები იხდიან, დიდი ალბათობით კიევი და კიშინიოვი მიიღებენ ამ სტატუსს. თუმცა, ბოლო მოვლენები ასევე მეტყველებს იმაზე რომ საქართველოს მომავალი ნაკლებად ნათელია. მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა რჩება ასოცირების ხელშეკრულების დანერგვის მხრივ ლიდერად, არსებული შიდაპოლიტიკური კონტექსტი და ბოლოდროინდელი მმართველი პარტიის მხრიდან დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, აჩენს მოლოდინს რომ საქართველომ მიიღოს გარდამავალი ან პოტენციური და არა სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსი მკაცრი პირობითობის პრინციპების შემოღებით.

ამასთანავე ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ბუნდოვანი და დამაზიანებელი განცხადებების ფონზე, ბრიუსელი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ევროკავშირმა ასევე ქართულ საზოგადოებას უნდა ანახოს მისი მუდმივი მხარდაჭერა, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მიმართ. ბრიუსელმა ასევე,  უნდა დაუჭიროს მხარი ასოცირებულ ტრიოს და გააძლიეროს მისი ფორმატი როგორც რეგიონში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითის. ამის მიღწევა კი მხოლოდ სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და მათი ინტეგრაციის ერთ კალათაში შენარჩუნებით იქნებოდა შესაძლებელი.

, , , , , , , , , , , , , , ,