2024-01-31 13:32:12
2024 წლის 1 იანვრიდან მთიანმა ყარაბაღმა არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა და აზერბაიჯანის ნაწილი გახდა. ეს დრამატული მოვლენა ამ რეგიონში ოცდაათწლიანი სტატუს-კვოს დასასრულს აღნიშნავს და რეგიონში დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე მიანიშნებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, რომელიც გამოფიტვაზე ომში გადაიზარდა, შესაძლებლობა მისცა აზერბაიჯანს, ესარგებლა მომენტით და სომხეთთან ტერიტორიული დავა სამხედრო გზით გადაეჭრა, რათა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოეპოვებინა და კონფლიქტის მომავალი მოგვარება მისი პირობებით მომხდარიყო. ვინაიდან ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, უცნობია, ამ მოვლენის საბოლოო შედეგები როგორი იქნება. თუმცა გარკვეული ნიშნები, თუ რა ფორმას მიიღებს რეგიონის მომავალი, უკვე ჩანს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა წარმატებით მოიპოვეს კონტროლი რეგიონის გეოპოლიტიკაზე ისე, რომ მესამე მხარისგან „სამშვიდობო გეგმების“ შემოთავაზება თითქმის შეუძლებელი გახადეს (Hedlund 2023). ეს ძირეული ცვლილება სომხეთს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს, რადგან ოფიციალურ ერევანს მოუწევს, გადახედოს თავის პრიორიტეტებს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სფეროებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის მხრიდან. სომხეთისთვის ეს შესაძლოა ნიშნავდეს ურთიერთობების გაუმჯობესებას თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რაც რეგიონის უსაფრთხოების პოტენციურ მომავალ დინამიკაზე მიანიშნებს. შესაბამისად, წინამდებარე პოლიტიკის მემორანდუმში გაანალიზებულია რამდენიმე საკვანძო მომენტი, რამაც ბაქოს სწრაფი წარმატება გახადა შესაძლებელი, ასევე, განხილულია, რა პოტენციური შედეგები შეიძლება მოუტანოს ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალიებმა რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურას.