29/03/2023 GIP

ინტერპარტიული საბჭოს შეხვედრა ყვარელში

25-26 მარტს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ფასილიტაცია გაუწია „ახალგაზრდა პოლიტიკოსების ინტერპარტიული საბჭოს“ შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა შეაფასეს საბჭოს მიერ მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ამავე შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და კონკრეტული აქტივობებიც დაგეგმეს.

 „ახალგაზრდა პოლიტიკოსების ინტერპარტიული საბჭო“ 2022 წელს ჩამოყალიბდა და შვიდი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს აერთიანებს. პროექტი პარტიათაშორისი თანამშრომლობის ახალი ფორმატის ხელშეწყობასა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად, რაც პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფები ამჟამად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სამი საკვანძო საკითხის გარშემო ატარებენ კვლევას: სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გენდერული ნიშნით ძალადობა და სამოქალაქო თავდაცვა და საზოგადოებრივი მედეგობა. ინიციატივა პოლიტიკურ პარტიებს შორის საგნობრივი პოლიტიკური დღის წესრიგისა და ადვოკატირების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

შეხვედრის პირველ დღეს, საბჭოს წევრებმა უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. პირველი სესიის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ფასილიტაცია გაუწია ფოკუს-ჯგუფს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ, რომელშიც ინტერპარტიული საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ბოლო ნაწილი ძირითადი საკითხების შეჯამებას და საბჭოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივობების დაგეგმვას დაეთმო.

შეხვედრის მეორე დღეს, სამუშაო ჯგუფებმა კვლევის პრაქტიკული ნაწილი შეაჯამეს და ერთმანეთს უკუკავშირი გაუზიარეს. ასევე, ინტერპარტიული საბჭოს წევრები შემდეგი რამდენიმე თვის პერიოდისთვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. სამუშაო ჯგუფები საბჭოს მომდევნო შეხვედრამდე არსებულ პერიოდს კვლევის პრაქტიკული ნაწილის დასრულებისა და თავიანთი საკითხების გარშემო მანიფესტის მომზადებაში გამოიყენებენ.

 „ახალგაზრდა პოლიტიკოსების ინტერპარტიული საბჭო“ ორგანიზებულია პროექტის – „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

, , , , , , , , , , , , , , ,