17/10/2024 GIP

არჩევნებიდან-არჩევნებამდე: საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-10-17 14:50:32

საქართველო ბოლო ათწლეულში მყარად ინარჩუნებს ადგილს ჰიბრიდულ დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორის და შესაბამისად არასტაბილური პოლიტიკური სისტემით ხასიათდება. პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ იდეოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნება და ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ცვლიან თავიანთ პრიორიტეტებს კონტექსტიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მმართველი პარტიის – ქართული ოცნების რადიკალური იდეოლოგიური ტრანსფორმაცია. კონკრეტულად, ქართულმა ოცნებამ მკვეთრად შეცვალა თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი სოციალური საკითხებიდან და ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკაზე ფოკუსირებიდან, კონსერვატიული ნარატივების გაძლიერებისა და დაშინების პოლიტიკისკენ (რადიო თავისუფლება 2024ა). ეს ცვლილება აისახა ეგრეთ წოდებული კონსერვატიული და ულტრანაციონალისტური მოძრაობების ნარატივების მითვისებაში და მათი პოლიტიკური დღის წესრიგის საარჩევნო კამპანიის ბირთვად ქცევაში (On.ge 2024).

წინასაარჩევნო კამპანიის ოპონენტების საწინააღმდეგოდ ნეგატიურ მესიჯებზე აგება ქართული ოცნებისთვის არახალია, თუმცა 2024 წლის საარჩევნო კამპანია საზოგადოებაში შიშის დათესვის უპრეცედენტო ხერხების გამოყენებით გამოირჩევა. შიში ეფუძნება ომის და მშვიდობის პარადიგმას, სადაც ქართული ოცნება თავის თავის ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთ გარანტად წარმოჩენას შეეცადა. ხოლო ოპოზიციის დიდ ნაწილი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა და ე.წ. “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად” დააკლასიფიცირა, რისი გაუქმებაც არჩევნების შემდეგ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია (კუნჭულია 2024). ომის და მშვიდობის თემის პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებას ქართული ოცნება 2022 წლიდან მუდმივად ახერხებდა (კაკაჩია & კანდელაკი 2023). თუმცა 2024 წლის წინასაარჩევნოდ, ქართული ოცნების სწრაფი დისკურსული სახეცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა.

პოლიტიკის მემორანდუმში გაანალიზებულია საქართველოს მმართველი პარტიის სოციალური და ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ფსევდო კონსერვატიულ-რელიგიურ დისკურსზე გადაწყობის ფესვები და ტაქტიკები.

პოლიტიკის მემორანდუმი #76 | ოქტომბერი 2024

, , , , ,