16/03/2018 magda

ევროკავშირის პროექტი ეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს, ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით (DCFTA) და მიეცეთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე პროდუქტი ექსპორტირების საშუალება

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ორი გამოკითხვის შედეგი, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს, საქართველოს ყველა რეგიონში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 61 მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა (168) და მცირე და საშუალო საწარმოებმა (559).

 

გამოკითხვებში გაანალიზებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით უზრუნველყოფილი შესაძლებლობები და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევები.

საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევის შედეგები

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მცირე და საშუალო საწარმოებზე უკეთ იცნობენ DCFTA-ს და მის შესაძლებლობებს. გამოკითხული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 1/3 აღნიშნავს, რომ ისინი უკვე მუშაობენ DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ აღნიშნავს ნათია დაღელიშვილი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტიდან.

მცირე და საშუალო საწარმოებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომრეგიონული მცირე და საშუალო საწარმოებიდან, მხოლოდ 23% ახდენს თავისი პროდუქტის ექსპორტს. ამ მხრივ წამყვანი რეგიონებია გურია (გამოკითხული მცირე და საშუალო საწარმოების 47%-ს ექსპორტზე გააქვს პროდუქტი), იმერეთი (37.5%) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (33%), სამცხე ჯავახეთის რეგიონს კი პროდუქტის ექსპორტზე გატანის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს (7%).

ამასთან, მცირე და საშუალო საწარმოების გამოკითხულთა 15%-ს პროდუქტი ექსპორტზე მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გააქვს; 27% ახდენს პროდუქტის ექსპორტს, როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ბაზრებზე; გამოკითხული მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობა – 58% – პროდუქტის ექსპორტს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში  ეწევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მცირე და საშუალო საწარმოები DCFTA-ს პოზიტიურად აფასებენ, მათ არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის მოსაპოვებლად, არ აქვთ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება ფინანსური მხარდაჭერის მიღება და წარმოების რა სტანდარტების დაკმაყოფილებაა საჭირო ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნისთვის,“ ამბობს კონსტანტინე ჟღენტი, საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციიდან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის – დომინიკ პაპენჰეიმის განცხადებით: „დღეს წარმოდგენილი პროექტი EU4Business ინციატივის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების მოძიებაშიგაიღრმაონ ბიზნესის გამოცდილება და წვდომა ქონდეთ ახალ ბაზრებთან. 2009 წლის შემდეგ, ევროკავშირმა ჯამში 63,000 ქართული კომპანიისთვის 2.1 მილიარდი ლარი (711 მილიონი ევრო) გამოყო იმისათვის, რომ კომპანიებს მაქსიმალურად გამოემჟღავნებინათ შესაძლებლობები და ხელი შეეწყოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის.“

„დღეს განხილული გამოკითხვები მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ტრენინგისთვის ნიადაგის მომზადებას DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებით. ტრენინგების შემდეგ, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩართავენ და ხელს შეუწყობენ რეგიონულ მცირე და საშუალო ბიზნესებს წვდომა მოიპოვონ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ამასთან, მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რაც DCFTA-ს მოაქვს.“ ამბობს დოვილ სუკიტე ვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრიდან ლიტვაში.

„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ არის პროექტი, რომელიც ხორციელდება: აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (EESC, ლიტვა), საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის“ (ABCO, საქართველო), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), GLOBSEC პოლიტიკის ინსტიტუტის (GPI, სლოვაკია), „კავკასიის გენეტიკის“ ასოციაციის (საქართველო), ათინათის (საქართველო) და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის” (საქართველო) მიერ. პროექტი ხორციელდება 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე.


პრესა პრეზენტაციის შესახებ:


ფოტოები:

, , , , , , , ,