თბილისი, 30 ნოემბერი, 2017
2017 წლის 24 ნოებერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტი გაიმართა. სამიტის მონაწილეებმა შეაფასეს 2015 წლის რიგის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესი და ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობას ანიჭებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ხედვას, თანამშრომლობას და პასუხისმგებლობას, დიფერენცირების პრინციპსა და ანგარიშვალდებულებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირთან აახლოვებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების ინკლუზიურად და ტრანსპარენტულად განხორციელების, ასევე სიმტკიცის გაძლიერების მნიშვნელობას.
სამიტის მონაწილეებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, რომელთა ასოცირების შეთანხმებები უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, კიდევ ერთხელ აღიარეს.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზარდ მხარდაჭერას, ხალხისა და საზოგადოების სასარგებლოდ, ხელი შეუწყოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას, რომელიც ასევე, მოიცავს AA/DCFTA-ის ხელმომწერ პარტნიორ ქვეყნებთან ასოცირებასთან დაკავშირებული რეფორმების, პროგრესის, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ერთობლივი დისკუსიების გამართვას.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზარდ მხარდაჭერას აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ, რათა მათ უკეთ განახორციელონ რეფორმები „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტში ასახულ შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ურთიერთკავშირი, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება; მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული მრავალმხრივი სტრუქტურა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობას პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშომლობას.
ჩვენ გვჯერა, რომ მზარდი ძალისხმევაა საჭირო, მათ შორის ისეთი სფეროების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საჯარო ადმინისტრირება, მედია პლურალიზმი და დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და გამჭვირვალობის გაზრდა, ეკონომიკური პოლიტიკა და რეგულაციები საინვესტიციო გარემო, უსაფრთხოების სექტორი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კრიზისების მართვა, გარემოს დაცვა, განათლების სისტემები და სხვ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მიზნად უნდა დაისახოს ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა, წახალისებაზე დაფუძნებული მიდგომის („მეტი მეტისთვის“) გათვალისწინებით იმ პარტნიორებისათვის, რომლებსაც უფრო მეტი პროგრესი აქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში. საგარეო საინვესტიციო გეგმის დაფინანსების ახალი შესაძლებლობები, კერძოდ, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის დაარსება, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის, ასევე, მაღალი სიხშირის გადამცემების შექმნა, პარტნიორ და, რაც შეიძლება მალე, ევროკავშირის ქვეყნებთან როუმინიგის ტარიფების შემცირება შეიძლება მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რაც სარგებელს მოუტანს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მეტად წახალისება და რეფორმების მხარდაჭერა, რაც ასახულია ევროპარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ რეკომენდაციაში, მათ შორის ‘EaP+’ მოდელის და ნდობის ფონდის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისათვის. მიზანშეწონილია, რომ ევროკომისიამ, ისევე როგორც ევროპულმა საბჭომ ასოცირებული ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ჩართოს იმ პროცესში, რომელის მიხედვითაც „ევროპა განსაზღვრავს თავის მომავალს“, რომელიც ეყრდნობა ევროკომისიის დოკუმენტს „ევროკავშირის განვითარების მოსაზრებები და სცენარები 2025 წლისათვის“.
სამიტის მონაწილეები ასევე მიესალმნენ გაძლიერებულ დიფერენცირების პრინციპს ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თითოეულ პარტნიორს აქვს სუვერენული უფლება, განსაზღვროს ამბიციის დონე და ის მიზნები, რომლისკენაც ის მიისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობებში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მე-2 ერთობლივ ანგარიშში ასახული გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საქართველო კვლავ რეფორმების ლიდერად რჩება. მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს ამბიციები ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მაღალია. ამასთან, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ”კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააორმაგოს თავისი ძალისხმევა დემოკრატიის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად და განახორციელოს ის რეფორმები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აღებული აქვს, მათ შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრული და ეფექტური იმპლემენტაცია. ამ მხრივ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების განახლებული 2017-2020 წლების დღის წესრიგის განხორცილებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით შემუშავდა. ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დროულად შესრულება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis communautaire) ჰარმონიზაციის თვალსაზრისით.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება, რისი შენარჩუნება და განმტკიცება მხოლოდ საერთო მომავლითაა შესაძლებელი. ევროკავშირის კარი ღია უნდა დარჩეს იმ ქვეყნების პოტენციური წევრობისათვის, რომლებიც რეალურად მოახდენენ ტრანსფორმაციას, მათ შორის საქართველოსთვის. ამ მხრივ, ევროკავშირის რომის დეკლარაციის კონკრეტული განცხადება, რომ ევროკავშირი „..იმოქმედებს ერთად, როცა საჭიროა სხვადასხვა სიჩქარითა და ინტენსივობით, თუმცა საერთო მიმართულებით და კარს ღიას ტოვებს მათთვის, ვისაც სურს გაწევრიანება მომავალში“, უნდა იყოს წამახალისებელი და მიმართულების მიმცემი ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე, საქართველოს მიანიჭოს „ევროპული პერსპექტივა“, რომელიც არ შეიძლება და არ უნდა იყოს განმარტებული, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის განსაზღვრა. „ევროპული პერსპექტივა“ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველომ შეიძლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და ერთგულია დემოკრატიის პრინციპების, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება, რომელშიც თავმოყრილი იქნება მიზნები, პრიორიტეტები და ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)