9-10 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა თემატური სამუშაო ჯგუფების დახურვის ცერემონია ქალაქ ბორჯომში გამართა.
დახურვის ღონისძიების ფარგლებში თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებმა განვლილი ორი წლის გამოცდილება შეაჯამეს. მონაწილეებმა ერთმანეთს მიღებული ცოდნა და წარმატების ისტორიები გაუზიარეს. “მომავალ ლიდერთა სკოლის” კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებული ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა. ჯგუფის წევრებმა თავიანთი მიგნებები და დასკვნები პოლიტიკის დოკუმენტებში გააერთიანეს და აღნიშნულ თემებზე მომზადებული ნაშრომები დასკვნით შეხვედრაზეც წარადგინეს:
- ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში
- ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში
- ქალთა პოლიტიკური ჩართულობა
- ახალგაზრდების დასაქმება
ღონისძიების ფარგლებში გამართული აქტივობების შემდეგ, სამუშაო თემატური ჯგუფის წევრებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.
თემატური სამუშაო ჯგუფები (WGs) შეიქმნა პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. WGs არის “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) ინიციატივის მეორე კომპონენტი და მასში ჩართულები იყვნენ ELS-ის კურსდამთავრებულები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, ქვემო სვანეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.
სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიზნად ისახავს, აქტიურ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკის შესახებ, ჩამოაყალიბონ აზრი და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ მათთვის საინტერესო პოლიტიკის სფეროებში, გაეცნონ მთავარ აქტორებს და მათ პოზიციებს, ასევე, შეძლონ გააღრმავონ პირადი და პროფესიული კავშირები დამოუკიდებლად.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოში” ფარგლებში, USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.