ევროპამ და აშშ-მა თვალი უნდა გაუსწორონ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო რუსეთთან დაკავშირებული რეპრესიული რეჟიმის გამო დგას- წერს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში.
© პირველწყარო Byline Times
ჩემი, როგორც ბრიტანელი დიპლომატის, ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევა იყო გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების წახალისება 2015 წელს, ჩემი ელჩობის პერიოდში. ბრიტანელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის, რომელიც იყო პირველი ბრიტანელი მთავარი კომისარი ამიერკავკასიაში 1919 წელს და მისი დის- მარჯორის პატივსაცემად, რომელიც გახდა ქართული კულტურის ჩემპიონი, აღნიშნულს “უორდროპის დიალოგი” ეწოდა.
პარტნიორობის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მხარი დაუჭირა სამ ფართო სფეროში – უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და კარგ მმართველობაში.
ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მოიცავდა ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ეროვნული უსაფრთხოების უახლესი ოპერაციების ცენტრის მშენებლობა თბილისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერა, რომელიც პატრულირებს საქართველოს და სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და დახმარების გაწევა ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ. ასევე, გაეროში საქართველოს რეზოლუციების მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასასმელად და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასაგმობად, ჩვენ საერთაშორისო დონეზე გამოვიყენეთ უზარმაზარი დიპლომატიური ქსელი.
ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბიზნეს საბჭოს შექმნას, რათა წაგვეხალისებინა ბიზნესისადმი მეგობრული პოლიტიკის შემუშავება და მოგვეზიდა ინვესტიციები. დავაორგანიზეთ სასწავლო ვიზიტები ქართველი ფერმერებისა და მცირე ბიზნესისთვის დიდ ბრიტანეთში, რათა ესწავლათ თუ როგორ უნდა განევითარებინათ და გაეყიდათ საქონელი ევროკავშირში. ჩვენ გავაზიარეთ ისეთი საუკეთესო პრაქტიკა მთავრობის ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით, როგორიცაა საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის როლი. ასევე ჩავატარეთ უმაღლესი დონის საკომუნიკაციო ტრენინგები ქართველ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრსა და მის მთელ კაბინეტთან, რათა დავხმარებოდით რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და მიგვეცა ზუსტი ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
კარგი მმართველობის კუთხით ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას მისი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. ხელი შევუწყვეთ დეპუტატების მუშაობას მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში. ჩავუტარეთ ტრენინგი მომავალ პოლიტიკოსებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეემუშავებინათ საარჩევნო პლატფორმები და დაეინტერესებინათ ამომრჩევლები. გავზარდეთ ჩივნინგის პრესტიჟული სტიპენდიების რაოდენობა ქართველებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად.
ჩვენ სათავე დავუდეთ ინიციატივებს, რათა დავხმარებოდით საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს. უპირველესად ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სომხებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. მხარი დავუჭირეთ უამრავი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ინიციატივებს და აღნიშნულში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებიც კი ჩავრთეთ, რათა გაგვექარწყლებინა მითები ევროკავშირის პოზიციების შესახებ ისეთ სადავო საკითხებზე, როგორიცაა ლგბტ უფლებები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის მხრიდან წარმოადგენდა უპრეცედენტო ყურადღების გამოვლინებას პატარა სახელმწიფოსადმი. ჩემი, როგორც ელჩის, თანამდებობაზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში, ჩვენ გავმართეთ ოთხი სამთავრობო დონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მათგან ორი მინისტრთა კაბინეტის დონეზე, ასევე დავაორგანიზეთ მრავალი გაცვლითი შეხვედრა სამთავრობო დონეზე. საქართველოს ზომის ქვეყნებში, საელჩოების უმეტესობა თავს იღბლიანად თვლის თუ ისინი ახერხებენ თუნდაც ერთი მცირე, მსგავსი სახის ვიზიტის მიღებას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.
საქართველოსთვის მსგავსი მასშტაბური მხარდაჭერის პროგრამები ჰქონდათ სხვა დასავლურ ქვეყნებსაც, როგორებიცაა აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. თითოეული ჩვენგანი, საქართველოს მიიჩნევდა ლიდერად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით. საქართველო წარმოადგენდა ჩვენი დახმარების ღირსულ მიმღებს, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო იმედის შუქურა რეგიონის სხვა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის ორბიტისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.
ამ ყველაფერს ახლა ფერფლის გემო აქვს, რადგან „ქართული ოცნების“ მოქმედმა მთავრობამ გადაწყვიტა ზურგი შეაქციოს დასავლეთს, უარი თქვას დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე, სანაცვლოდ კი დაუახლოვდეს რუსეთს.
რამდენიმე წლის მანძილზე სულ უფრო იკვეთებოდა ნიშნები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა უკან იხევდა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებზე- მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი გარანტირებული იყო ქვეყნის კონსტიტუციით. გარდამტეხი აღმოჩნდა ევროკავშირის 2023 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ხელშესახები გახადა ის, რაც ოდესღაც მხოლოდ ევროკავშირის წევრობის შორეული მისწრაფება იყო. ამ მიღწევამ აიძულა საქართველოს მთავრობა დაეთმო თავისი დამაბალანსებელი ქმედება, რომელიც ემსახურებოდა მოსკოვის დამშვიდების მცდელობას დასავლეთთან კავშირის შენარჩუნების პარალელურად.
მთავრობის განზრახვები კრისტალურად გამჭვირვალე გახდა 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 25%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც „უცხოეთის აგენტი“- რაც არის უაღრესად დამამცირებელი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მტრულად განწყობილი უცხო ძალების მორჩილებას. კანონის შესაბამისად, ნებისმიერ ორგანიზაციას რომელიც ვერ/არ დარეგისტრირდებოდა(რაც გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უმეტეს ნაწილს), ემუქრებოდა სადამსჯელო ჯარიმები და სანქციები, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა ამ ორგანიზაციების საქმიანობის იძულებით შეწყვეტას. მიუხედავად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტისა და ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადებებისა იმის თაობზე, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან, პარლამენტმა კანონი მიმდინარე წლის ზაფხულს მიიღო.
საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია იმედს ამყარებდა ოქტომბრის ბოლოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკმარისი რაოდენობის მანდატების მოპოვებაზე, რაც მათ ძალაუფლების დაბრუნების საშუალებას მისცემდა და ამასთან, ხელს შეუშლიდა „ქართულ ოცნებას“ დამატებითი სადავო ქმედებების განხორციელებაში. თუმცა, უაღრესად ხარვეზიანი საარჩევნო პროცესის შედეგად, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი მისი მთავრობა წყვეტს ევროკავშირში ინტეგრაციის მცდელობებს 2028 წლამდე – რაც პრაქტიკაში მოიაზრებს ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი იმედის ჩახშობას.
ეს განცხადება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის.
პროტესტის გამოხატვის მიზნით, იმ ღამეს თბილისის ქუჩებში ათიათასობით რიგითი მოქალაქე გამოვიდა, რომელთაც დემონსტრაციის ჩახშობის მიზნით შეაგებეს პოლიციის სასტიკი ტაქტიკა, რაც მოიცავდა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. ასევე, მოქალაქეთა დაშინების მიზნით, სასტიკად გაუსწორდნენ საპროტესტო აქციების ლიდერებად იდენტიფიცირებულ პირებს, ჟურნალისტებსა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ფიგურებს.
ამ ტაქტიკამ საპირისპირო შედეგი გამოიღო, მან მხოლოდ მეტად გააღვივა პროტესტი საზოგადოებაში. ასე უკვე სამი კვირაზე მეტია გრძელდება, პროტესტის მუხტი კი სტაბილურად იმატებს და ვრცელდება ქვეყნის სხვა მხარეებშიც.
მე შესაძლებლობა მქონდა შევსწრებოდი ამ დრამატულ მოვლენებს დეკემბრის დასაწყისში, როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დელეგაციით, პოლიტიკური გარემოს შეფასების მიზნით ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი თბილისსში. ვიზიტის განმავლობაში ჩვენ შევხვდით პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, კულტურული ჯგუფების, არჩევნების დამკვირვებლების, უმცირესობათა ჯგუფებისა და საელჩოების წარმომადგენლებს. ასევე, ჩვენ შევხვდით რამდენიმე ახალგაზრდა მომიტინგესაც კი, რომლებსაც სცემეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა. ამ დროს ჰაერში განსაკუთრებით იგრძნობოდა სიცივე.
ჩვენი ძირითადი მიგნებები ვიზიტის შემდგომ, აისახა ჩვენს ერთობლივ განცხადებაში. დელეგაცია დარწმუნდა, რომ საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა – ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინაში 2014 წლის მაიდნის რევოლუციის მსგავსი კრიზისის წინაშე, ან გადაიქცეს მეორე ბელარუსად, თუკი მთავრობას ვერ დათანხმებენ ახალი არჩევნების სანდო გარემოში ჩატარებაზე, რაც გულისხმობს არჩევნების პროცესის სამართლიან და თავისუფალ წარმართვას.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, ცხადად იცოდნენ, რომ საქართველოს ბედი საბოლოოდ მათ ხელშია, ისინი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ საერთაშორისო მოქმედებებიც არსებითად მნიშვნელოვანია, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო ამ მიზნის მიღწევა. დასავლური მთავრობები ძირითადად შემოიფარგლნენ ძალადობის გამო „შეშფოთების“ გამომხატველი განცხადებებით და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებით. ევროკავშირს ხელები შეკრული აქვს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ, რომლებიც იმუქრებიან, რომ ვეტოს დაადებენ უფრო მკაცრი ზომების მიღების ნებისმიერ მცდელობას, როგორიცაა სანქციების დანერგვა. დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა უორდროპის დიალოგი და შეწყვიტა ორმხრივი სამთავრობოთაშორისი თანამშრომლობა, თუმცა აქამდე თავს იკავებს სანქციების დაწესებისგან. ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა უფრო მკაცრი ზომების მიღების შესახებ, მაგრამ ჯერ არაფერი გამოუცხადებია სავიზო აკრძალვების გარდა.
საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე თავი აარიდა არჩევნების შედეგების, როგორც არალეგიტიმურის, საბოლოოდ უარყოფას, სამაგიეროდ, იმალებოდა ისეთი თავშეკავებული სიტყვების მიღმა, როგორიცაა “უკანონობა”, ან უაზროდ ამტკიცებდა, რომ მათ მეტი “მტკიცებულება” სჭირდებათ, თითქოს ადამიანები, რომლებიც აყალბებენ არჩევნებს, გასცემენ საკუთარი ქმედებების ქვითრებსა თუ ფოტოებს.
დასავლეთის წარუმატებლობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მკაფიო რეაგირების არქონის კუთხით, გააძლიერებს ხელისუფლების რწმენას, რომ მათ შეუძლიათ ამ პროტესტის ჩახშობა. მმართველი პარტიის ლიდერი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, აშკარად არის დარწმუნებული, რომ თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღამდე- 20 იანვრამდე, „ქართული ოცნება“ შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, გაყალბებული არჩევნები და მთელი რიგი უკანონო ქმედებები საზოგადოების მიმართ მათთვის პასუხგაუცემელი დარჩება, რადგან ტრამპი მეტი გაგებით მოიეკიდება მათ „მიზეზებს“.
ეს შესაძლოა მცდარი დაშვება იყოს, რადგან აშშ-ში საქართველოს მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ტრამპს შეიძლება დიდად არ აინტერესებდეს ადამიანის უფლებები, დემოკრატია ან რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოში, თუმცა ის არ მიიღებს კეთილგანწყობით „ქართული ოცნების“ ბოლო წლების მცდელობებს- დაამყაროს ურთიერთობები ჩინეთთან და ირანთან. ყველაზე სავარაუდოა, რომ ტრამპს საერთოდ არ ექნება რაიმე განსაკუთრებული პოზიცია – საქართველო მისთვის შესაძლოა ზედმეტად პატარა და შორს მდებარე ქვეყანა იყოს, რომ მისი ყურადღება დაიმსახუროს.
თუმცა, არსებული სიტუაცია კრიზისული მომენტის მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის, როგორც მთლიანობის სანდოობისთვის. ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეუზღუდონ ევროკავშირს რეაგირების შესაძლებლობა საქართველოსთან და სხვა რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციებზე. ბაიდენმა არ უნდა დაასრულოს თავისი პრეზიდენტობა ისე, როგორც დაიწყო ავღანეთში, კიდევ ერთი სტრატეგიული მარცხით.
თუ ჩვენ არ გავაკეთებთ საკმარისს, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ეს მხოლოდ გაამყარებს რუსულ ნარატივს იმის შესახებ, რომ როდესაც საქმე კრიტიკულ მომენტამდე მიდგება- დასავლეთს ვერ ენდობი, და რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ერთადერთი მდგრადი ვარიანტი მოსკოვთან შერიგებაა.
საქართველოს დაბრუნება პუტინისთვის სასიამოვნო „სანუგეშო პრიზი“ იქნება სირიაში მიღებული დანაკარგებისთვის და შესაძლოა ბერკეტად იქცეს დასავლეთთან უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში. რეგიონში ის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ცდილობენ რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას, მაგალითად როგორიცაა სომხეთი, ასევე გადახედავენ თავიანთ არჩევანს.
დასავლეთის მერყეობა რთულად გასამართლებელია, როდესაც საქართველოს ლიდერებზე სანქციების დაწესება თითქოს ძალიან მცირე რისკს შეიცავს. აქ არ არის ბირთვული ასპექტი, რაც უკრაინის შემთხვევაში საფიქრებელია; არ არსებობს საფრთხე, რომ ძირითადი ნატოს მოკავშირე, მაგალითად, თურქეთი, განაწყენდეს; არც მნიშვნელოვანი ბიზნესინტერესებია ჩართული. საქართველოს საკითხზე მოქმედების ხარჯები შედარებით დაბალია, მაშინ როდესაც უმოქმედობის ფასი შესაძლოა ძალიან მაღალი აღმოჩნდეს.
მისი მოღვაწეობის მანძილზე, ბატონი ოლივერ უორდროპი იყო ბრიტანული მხარდაჭერის ყველაზე ძლიერი დამცველი ახლად დამოუკიდებელი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, მისი ძალისხმევა, დაეცვა საქართველო ბოლშევიკების აგრესიისგან, წარუმატებელი აღმოჩნდა 1921 წლის თებერვალში, როდესაც საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო და დაასრულა მისი ხანმოკლე რესპუბლიკა.
ვაპირებთ დავუშვათ, რომ კვლავ იგივე განმეორდეს საქართველოში?
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი
ბრიტანელი ყოფილი დიპლომატი, 30 წელზე მეტი გამოცდილებით საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი კარიერის განმავლობაში მან დიპლომატიური მისია შეასრულა სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, მათ შორის- ბანგკოკში, ვაშინგტონში, დელიში, ბოგოტასა და თბილისში. მისი დიპლომატიური გამოცდილება მოიცავს რთულ პოლიტიკურ გარემოებებსა და მრავალფეროვან კულტურულ კონტექსტებს.
2019 წლის დეკემბერში, ალექსანდრამ დიდი ყურადღება მიიქცია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში თავისი პოსტი დატოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ ვერ ახერხებდა მთავრობის პოზიციის ერთგულად წარმოდგენას ბრექსიტთან დაკავშირებით.